ახალი ამბები

ისრაელი აცხადებს, რომ ალყა შემოარტყა ქალაქ ღაზას

3 ნოემბერი, 2023 • 1670
ისრაელი აცხადებს, რომ ალყა შემოარტყა ქალაქ ღაზას

ისრაელის სამხედრო ძალებმა ალყა შემოარტყეს ქალაქ ღაზას – ღაზის სექტორის ჩრდილოეთში მდებარე ურბანულ დასახლებას, იტყობინება ისრაელის თავდაცვის ძალების [ცაჰალი] პრესსპიკერი დანიელ ჰაგარი.

„ჩვენმა ჯარმა დაასრულა ქალაქ ღაზის, „ჰამასის“ აქტივობის ცენტრის ალყაში მოქცევა“, – ციტირებს მას „თაიმს ოფ ისრაელი“.

რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტას, ან საბრძოლო მოქმედებების „ჰუმანიტარულ დაპაუზებას“ [ამის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება ჯო ბაიდენმაც], ჰაგარი ამბობს, რომ ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელის არმია ოპერაციებს ატარებდა ღაზა სიტის ალყაში მოქცევისთვის. ღაზის სექტორის დაბომბვა და ამ ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია ცაჰალმა 7 ოქტომბერს დაიწყო.

მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს – მოკლა და მძევლად აიყვანა სამოქალაქო პირები, ისრაელი საპასუხოდ ღაზის სექტორს ბომბავს და მოუწოდებს მშვიდობიან მოსახლეობას, სექტორის სამხრეთ ნაწილში გადავიდნენ.

მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც სამხედრო მოქმედებების ეპიცენტრშია, ღაზიდან გასვლის საშუალება, ფაქტობრივად, არ აქვს. ერთადერთი სახმელეთო გზა, ღაზისა და ეგვიპტის საზღვარზე, ღიაა მხოლოდ დაჭრილებისთვის და უცხოელებისთვის.

„ჰამასმა“ 7 ოქტომბრის შეტევისას განურჩევლად დახოცა 1400-მდე ადამიანი, ძირითადად, მშვიდობიანი მოქალაქეები, 230-მდე კი გაიტაცა. მოკლულთა და გატაცებულთა შორის არიან ბავშვები, ქალები, მოხუცები და შშმ პირები.

ისრაელმა საპასუხოდ „ჰამასს“ ომი გამოუცხადა, ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია, – მათ შორის შეუწყვიტა წყალმომარაგება, – და მისი განუწყვეტელი დაბომბვა დაიწყო, მიზნად კი „ჰამასის“ განადგურება დაისახა. შედეგად, „ჰამასს“ დაქვემდებარებული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიღუპა თითქმის 8800 ადამიანი, მათ შორის, 3 ათასზე მეტი ბავშვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი