აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელსა და ჰამასს შორის ბრძოლების დაპაუზებაა საჭირო, მძევალთა გათავისუფლებისთვის და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანისთვის.
ეს განცხადება ჯო ბაიდენმა საარჩევნო კამპანიის დროს მინესოტაში გააკეთა, როცა ერთ-ერთმა მოქალაქემ მას მოუწოდა, ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება გაეხმიანებინა.
„ვფიქრობ, პაუზა გვჭირდება. პაუზა ნიშნავს მძევლების გასაყვანად დროის მიცემას“, – ციტირებს „ბი-ბი-სი“ პრეზიდენტის პასუხს. როგორც თეთრ სახლში მოგვიანებით ახსნეს, ბაიდენი გულისხმობდა ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ღაზის სექტორში და „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი 200-ზე მეტი ადამიანის გათავისუფლებას.
ბაიდენმა დაამატა, რომ ვითარება „საშინლად რთულია“ ისრაელისთვისა და მუსლიმური სამყაროსთვის.
„მე მხარს ვუჭერდი ორი სახელმწიფოს შექმნას დასაწყისიდანვე. საქმე ის არის, რომ ჰამასი ტერორისტული ორგანიზაციაა. ჩვეულებრივი ტერორისტული ორგანიზაცია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს – მოკლა და მძევლად აიყვანა სამოქალაქო პირები, ისრაელი საპასუხოდ ღაზის სექტორს ბომბავს და მოუწოდებს მშვიდობიან მოსახლეობას, სექტორის სამხრეთ ნაწილში გადავიდნენ.
მედიის ცნობით, ისრაელის მიმდინარე სამხედრო ოპერაციების მიზანია ღაზის ჩრდილოეთ ნაწილის ალყაში მოქცევა.
მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც სამხედრო მოქმედებების ეპიცენტრშია, ღაზიდან გასვლის საშუალება, ფაქტობრივად, არ აქვს. ერთადერთი სახმელეთო გზა, ღაზისა და ეგვიპტის საზღვარზე, ღიაა მხოლოდ დაჭრილებისთვის და უცხოელებისთვის.
„ჰამასმა“ 7 ოქტომბრის შეტევისას განურჩევლად დახოცა 1400-მდე ადამიანი, ძირითადად, მშვიდობიანი მოქალაქეები, 230-მდე კი გაიტაცა. მოკლულთა და გატაცებულთა შორის არიან ბავშვები, ქალები, მოხუცები და შშმ პირები.
ისრაელმა საპასუხოდ „ჰამასს“ ომი გამოუცხადა, ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია, – მათ შორის შეუწყვიტა წყალმომარაგება, – და მისი განუწყვეტელი დაბომბვა დაიწყო, მიზნად კი „ჰამასის“ განადგურება დაისახა. შედეგად, „ჰამასს“ დაქვემდებარებული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიღუპა თითქმის 8800 ადამიანი, მათ შორის, 3 ათასზე მეტი ბავშვია.