ახალი ამბები

რვა დღე და შვიდი ღამე კარავში – მოძრაობა ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად

30 ოქტომბერი, 2023 •
რვა დღე და შვიდი ღამე კარავში – მოძრაობა ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად

“ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” მოძრაობამ, რომელიც შპს კანიონი 350-ის მიერ მიმდინარე სამუშაოებს უპირისპირდება, პროტესტი კარავში გადაიტანა.

მერვე დღე და შვიდი ღამეა მოძრაობის წევრები უწყვეტად იმყოფებიან სამუშაოების მიმდებარე ტერიტორიაზე, კანიონის შესასვლელთან ახლოს, სადაც სამომავლოდ ადმინისტრაციული შენობის მოწყობა იგეგმება. 

11 ოქტომბერს, მოძრაობის წევრების მიმართვის საფუძველზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და ოქმი შეადგინა. ზედამხედველობის სამსახური ოქმით ადასტურებს, რომ როგორც აშკარა დარღვევა, “საავტომობილო გზის პირზე, სახელმწიფო საკუთრების მიწაზე განთავსებულია რკინის ჯიხური და სახელმწიფო ტერიტორიაზე გავლებულია ღობე”. რადგნაც კომპანიის ხელმძღვანელი ადგილზე არ იმყოფებოდა, ზედამხედველობის სამსახური მას ტელეფონით ესაუბრა, ოქმი დარღვევის შესახებ ჯიხურზე გააკრა და ტერიტორია დატოვა.

მოძრაობის წევრების განცხადებით, მერიაში განუმარტეს, რომ კომპანიას ორკვირიანი ვადა მიეცა, რომ საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტერიტორიის მიღმა მიმდინარე სამუშაოები შეეწყვიტა და გავლებული ღობე და ჯიხური აეღო. ვადის ამოწურვის შემდეგ დღის წესრიგში დადგებოდა კომპანიის დაჯარიმების საკითხი და გონივრულ ვადაში სამუშაოების კვლავ შეუსრულებლობის შემთხვევაში, აღსრულების სამსახური თავადვე მოახდენდა ღობის დემონტაჟს. ოქმის შედგენიდან ორი კვირის გასვლის შემდეგ, მოძრაობის წევრები ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობენ, რომ არც კომპანიას შეუსრულებია მერიის მოთხოვნა და არც მერიის სამსახურს მიუღია შესაბამისი ზომები.

მოძრაობის წევრებმა 30 ოქტომბერს პირდაპირ ეთერში სცადეს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროს შოთა გეგეჭკორთან დარეკვა კითხვებით: “რატომ არ ამოვიდნენ და რატომ არ შეამოწმეს, რა რეაგირება მოჰყვა მათ მიერ დაწერილ ოქმს”. გეგეჭკორმა მოძრაობის წევრ თაზო რუხაიას ტელეფონი გაუთიშა. შოთა გეგეჭკორი თავად იყო ერთ-ერთი პირი, ვინც კანიონში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და დარღვევების შესახებ ოქმის შედგენაში მიიღო მონაწილეობა.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ნეტგაზეთიდანაც მივმართეთ.

გეგეჭკორი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მერია სატყეო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ელოდება.

“ჩვენ უკვე მივმართეთ 18 ოქტომბერს სატყეო დეპარტამენტს, მათია ეს ტერიტორია და ველოდებით პასუხს, ასევე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან. რაც კი დარღვევა მოხდა, ყველაფერზე ვაცნობეთ. თქვენ ალბათ ჩახედულები ხართ კანონებში. ორკვირიანი ვადა ამოიწურა და ისინი [მოძრაობა ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად] დაწერენ, არიქა, ამოდიო. არ უნდა მკადრონ ამხელა კაცს და სამსახურის უფროსს, ორი კვირა ამოიწურა და სასწრაფოდ გამოიქეციო. თუ კანონს ვარღვევ, მიმართონ შესაბამის ორგანოებს. სატყეოდან დამატებით უნდა მოგვცენ მითითებები და დამოუკიდებლად მიიღონ ზომები. ჩვენ ორი კვირა მივეცით კომპანიას, მაგრამ ჩვენც ველოდებით”, – ამბობს გეგეჭკორი.

ეროვნულ სატყეო სააგენტოში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მსგავსი მიმართვის შესახებ მათთვის ცნობილი არ არის და კანიონის ტერიტორია არა სატყეო სააგენტოს, არამედ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკუთვნის. ნეტგაზეთმა სცადა, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან გადაემოწმებინა, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მიერ ნახსენები დოკუმენტაცია მათთან თუ შევიდა. მაგრამ დასმული კითხვების შემდეგ სააგენტომ რედაქციას აღარ უპასუხა.

ბალდის კანიონი მარტვილიდან დაახლოებით 11 კილომეტრში მდებარეობს. კანიონს 2013 წელს ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაექვემდებარა.  შ.პ.ს. კანიონი 350-ს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 24 130 კვ.მ აუქციონის წესით, 40 წლის ვადით გადაეცა. კომპანიას 3 წლის ვადა აქვს ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ვალდებულია, საამისოდ ორი მილიონ რვაასი ათასი ლარის ინვესტიცია ჩადოს პროექტში.

მოძრაობის პროტესტის ძირითადი საფუძველი, ერთი მხრივ, ეკოლოგიურია და გარემოზე ზიანის საკითხებს უკავშირდება. მეორე მხრივ, პროტესტის მონაწილეები ხაზს უსვამენ მოსახლეობის უგულებელყოფას იმ გადაწყვეტილების მიღებისას, რომლის შედეგადაც ტერიტორია 40 წლის ვადით კომპანიას გადასცეს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, რომელიც მოძრაობას სამართლებრივ დახმარებას უწევს, მიიჩნევს, რომ კანიონის ტერიტორიის კომპანიისთვის გადაცემის ამ პროცესში მოსახლეობის უგულებელყოფით სახელმწიფომ დაარღვია კონსტიტუცია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ საქართველოს კანონი. მოძრაობა სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადება და ითხოვს, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მორატორიუმი გამოცხადდეს კანიონში მიმდინარე სამუშაოებზე. მოძრაობამ პროტესტის უწყვეტად გასაგრძელებლად და სამშენებლო  არეალთან ახლოს ყოფნის მიზნით კარავი 23 ოქტომბერს გაშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი