ახალი ამბები

მოძრაობა “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” ბრძოლას სასამართლოში გააგრძელებს

17 ოქტომბერი, 2023 • 1083
მოძრაობა “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” ბრძოლას სასამართლოში გააგრძელებს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის მკვიდრებში, რომლებიც ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშაოებს უპირისპირდებიან, პროტესტის ტალღა გრძელდება. მოძრაობა “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” კვირის ბოლოს სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

ბალდის კანიონში მიმდინარე სამუშაოები, რის შედეგადაც ინვესტორისთვის იჯარით გადაცემული ტერიტორია ტურისტულ ინფრასტრუქტურად უნდა იქცეს, დროებით შეჩერებულია. 16 ოქტომბერს ადგილობრივებმა ტაშით “გააცილეს” ტექნიკა, რომელიც სპეციალურ კონსტრუქციებში ბეტონის ჩასასხმელად ემზადებოდა. თუმცა ნეტგაზეთთან კომენტარში მოძრაობის წევრი, ადგილობრივი ცოტნე თვარაძე ამბობს, რომ ეს მხოლოდ დროებითი მონაპოვარია და გამორიცხული არ არის, ტექნიკა დღესვე ისევ დაბრუნდეს კანიონის ტერიტორიაზე.

ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წამოყენებულ პრეტენზიებს შორის ძირითადად ფიგურირებს უკმაყოფილება მათი ჩართულობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებების გამო და ეჭვი, რომ დაგეგმილი სამუშაოები გარემოს ზიანს მიაყენებს. როგორც ცოტნე თვარაძემ ნეტგაზეთს უთხრა, ინვესტორების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ჰქონდათ, სიმართლეს არ შეესაბამება.

“ტყუილია. ერთადერთი შეხვედრა შედგა, ისიც მას შემდეგ, რაც ტერიტორია უკვე გასხვისებული და მშენებლობა დაწყებული იყო. ისიც, კანიონთან ახლოს მცხოვრებ სამ ოჯახთან და ეგ შეხვედრაც სრულიად სხვა ეგიდით გაიმართა.  ორიოდე სიტყვით ახსენეს კანიონთან დაკავშირებული გეგმების შესახებაც”, – ამბობს ცოტნე თვარაძე.

ბალდის მკვიდრების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გარემოზე ზემოქმედების  კვლევები არ ჩატარებულა. ამის თქმის საფუძველს ადგილობრივებს აძლევს კვლევების შესახებ გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ დაცული ტერიტორიების სააგენტოს პასუხი. ადგილობრივების თქმით, სააგენტომ განუცხადა, რომ მსგავსი კვლევების ჩატარების საჭიროება არ არსებობს.

ბალდის კანიონი მარტვილიდან 20 წუთის სავალზე, დაახლოებით 11 კილომეტრში მდებარეობს, ბალდის მამათა მონასტრის მიმდებარედ, ზღვის დონიდან 295 მეტრზე. კანიონს 2013 წელს ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაექვემდებარა.  შ.პ.ს. კანიონი 350-ს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 24 130 კვ.მ აუქციონის წესით, 40 წლის ვადით გადაეცა. საჯარო ამონაწერის თანახმად, კომპანია 2022 წლის მიწურულს არის დარეგისტრირებული. 

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შ.პ.ს. კანიონი 350-ის თანამფლობელსა და დირექტორს, გიორგი მერკვილაძეს, რომელმაც ჩვენთან კომენტარი იმით დაიწყო, რომ “ადრე თუ რეკეტი ავტომატებით ხდებოდა, ახლა ამას მობილური ტელეფონებით აკეთებენ”. მისი თქმით, ბალდის კანიონში დაგეგმილი სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და ამაზე გავლენას პროტესტის მონაწილეები ვერ მოახდენენ.

“5 თვის განმავლობაში ვმუშაობდი სოფელში და არავის პროტესტი არ გამოუთქვამს, სანამ ეს დეიდაშვილ-მამიდაშვილების ჯგუფი გამოჩნდა. რასაც ისინი ამბობენ, 90% ტყუილია და დაპირისპირების მოტივი მათი პირადი სარგებელია”.

აუქციონის პირობების შესაბამისად, კომპანიას 3 წლის ვადა აქვს ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ვალდებულია, საამისოდ ორი მილიონ რვაასი ათასი ლარის ინვესტიცია ჩადოს პროექტში.

უკანასკნელი თვეების მანძილზე, მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა ტერიტორიის კერძო კომპანიისთვის იჯარით გადაცემის შესახებ შეიტყვეს და საპროტესტო მოძრაობა წამოიწყეს, არაერთ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი მათსა და ინვესტორებს, ასევე დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადგილობრივ ადმინისტრაციას შორის.

“ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” მოძრაობის თქმით, სანამ კანიონში მშენებლობების ნებართვა არ გაუქმდება, პროტესტი გაგრძელდება და კვირის ბოლოს სასამართლოსაც მიმართავენ, რადგან  კომპანიას ტერიტორია იჯარით მოსახლეობის ჩართულობისა და ინფორმირების გარეშე გადაეცა.


ფოტოზე: მოძრაობა “ბალდის ხეობის შენარჩუნებისთვის” გამართული აქცია 12 სექტემბერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი