ახალი ამბები

მივცეთ ემიგრანტებს არჩევნებში ონლაინ ხმის მიცემის საშუალება – ინიციატივა

2 ნოემბერი, 2023 • 1621
მივცეთ ემიგრანტებს არჩევნებში ონლაინ ხმის მიცემის საშუალება – ინიციატივა

მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD) იწყებს კამპანიას, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა ონლაინ შეძლონ.

როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ცუცქირიძემ დღეს, 2 ნოემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კამპანიის ფარგლებში იგეგმება კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან, საინფორმაციო კამპანიის ჩატარება მოსახლეობასთან და ხელმოწერების შეგროვება.

ცუცქირიძემ ხაზი გაუსვა, რომ ემიგრანტების დიდი რაოდენობა რეალურად ვერ სარგებლობს არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლებით — ეს პრობლემა განსაკუთრებით დგას დიდ ქვეყნებში, სადაც საარჩევნო უბანი გახსნილია მხოლოდ დედაქალაქში და ამომრჩევლებისთვის შორ მანძილზე გადაადგილება ფიზიკურად შეუძლებელია.

საქართველოს ემიგრაციის მაჩვენებლები შემდეგია: 2020 წელს 74 264-მა დატოვა საქართველო, 2021 წელს — 99 974-მა, ხოლო 2022 წელს — 125 269-მა. მხოლოდ გასულ წელს ემიგრანტებმა საქართველოში 2,9 მილიარდი დოლარის თანხა გადმორიცხეს, რაც ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 13%-ია.

„საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სასიცოცხლო როლი აქვთ ათასობით ოჯახის მატერიალურ უზრუნველყოფასა და მთლიანად საქართველოს ეკონომიკაში. ამის მიუხედავად, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რეალური მონაწილეობა მიიღონ არჩევნებსა და, შესაბამისად, იმის გადაწყვეტაში, თუ როგორ დაიხარჯება მათ მიერ მძიმე შრომით მოპოვებული შემოსავლები. დისტანციური/ონლაინ ხმის მიცემის სისტემები ამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა, რომლის გამოუყენებლობა პოლიტიკურად უსამართლოა და აზიანებს ემიგრანტთა პოლიტიკურ უფლებებსა და წარმომადგენლობით დემოკრატიას საქართველოში“, — მიიჩნევს EECMD.

ლევან ცუცქირიძის თქმით, ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის რეალური შესაძლებლობის მიცემა დამატებითი უბნების გახსნით რთულია, რადგან ძალიან ბევრი უბანი უნდა გაიხსნას, რაც არის ძალიან ძვირი. მეორე, უფრო მისაღები ალტერნატივა, EECMD-ის აზრით, ონლაინ ხმის მიცემაა.

„ყველაზე დიდი ბარიერი, რაც ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის გზაზე უდგათ, არის პოლიტიკური ნების არარსებობა. სხვა ყველა ტექნიკური საკითხები არის მარტივად მოგვარებადი. მსოფლიოში არსებობს გამოცდილი ტექნოლოგიები, უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტაც შესაძლებელია“, — განაცხადა ცუცქირიძემ.

EECMD საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, დაიწყოს მრავალპარტიული კონსულტაციები ამ საკითხზე და მოამზადოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. ასევე, მიმართავს სამოქალაქო საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მეტი ყურადღება დაუთმონ ამ საკითხს.

„საქართველოს სახელმწიფოს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ერთი Soft (პროგრამული უზრუნველყოფა) იყიდოს. რეალურად ჩვენ ვლაპარაკობთ ერთი soft-ის ყიდვაზე. თუ ხელისუფლებას არ ეშინია თავისუფალი არჩევნების, ამას გააკეთებს“, – დასძინა ლევან ცუცქირიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი