ახალი ამბები

ისრაელი ღაზის სექტორის ჩრდილოეთი ნაწილის ალყაში მოქცევას ცდილობს – მედია

30 ოქტომბერი, 2023 • 1241
ისრაელი ღაზის სექტორის ჩრდილოეთი ნაწილის ალყაში მოქცევას ცდილობს – მედია

ისრაელის სამხედრო ძალები ღაზის სექტორში ორი მიმართულებით მიიწევენ წინ, იუწყება „გარდიანი“ ისრაელურ მედიაზე, „ჰამასის“ განცხადებებსა და პალესტინელ თვითმხილველებზე დაყრდნობით.

კერძოდ, თუკი თვთმხილველთა განცხადებები სიმართლეს შეესაბამება, ისრაელის სამხედრო ძალები, მათ შორის მძიმე ტექნიკა, განლაგებულია სალაჰ ად-დინის გზატკეცილზე, რომელიც აკავშირებს სექტორის ჩრდილოეთსა და სამხრეთს.

„გადაკეტეს გზა და ესვრიან ყველა მანქანას, რომელიც მის გადაკვეთას ცდილობს“, – ციტირებს „გარდიანი“ ერთ-ერთ ადგილობრივს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს საკვანძო გზაა, რომლის დაკავებითაც ისრაელი მოახერხებს სექტორის ჩრდილოეთის იზოლაციას და ალყაში მოქცევას. მეორე მიმართულება, რომელზეც ისრაელი მოქმედებს, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროა.

„შემოჭრილ საოკუპაციო ძალასთან მიმდინარე სერიოზულ ბრძოლებზე“ იტყობინება ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასიც“.

მანამდე ისრაელი ღაზის სექტორის მოსახლეობას მოუწოდებდა, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ წასულიყო, ვინაიდან, მისი თქმით, ჰამასის ძირითადი სამხედრო ინფრასტრუქტურა ჩრდილოეთშია მობილიზებული.


გარეკანის ფოტოზე: ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილი

მასალების გადაბეჭდვის წესი