ახალი ამბები

მმკ-ის წევრები ჰელოუინის გასაპროტესტებლად კერძო სკოლას მიადგნენ

31 ოქტომბერი, 2023 • 2375
მმკ-ის წევრები ჰელოუინის გასაპროტესტებლად კერძო სკოლას მიადგნენ

„მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ (მმკ) წევრი სასულიერო პირები ჰელოუინის გასაპროტესტებლად თბილისში, კერძო სკოლას მიადგნენ.

დღეს სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ფოტო და ინფორმაცია, რომ ორი სასულიერო პირი და მათთან ერთად რამდენიმე მშობელი ჯერ დირექციას დაემუქრნენ „ზომების მიღებით“, თუ ჰელოუინის ღონისძიება ჩატარდებოდა, შემდეგ სკოლის ჭიშკართან დადგნენ და ბავშვებს არცხვენდნენ.

„ნეტგაზეთი“ ესაუბრა სკოლა „გენიოსის“ დირექტორის თანაშემწეს, ბესო ბახიას. მისი თქმით, ორი სასულიერო პირი სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე მივიდა. ისინი დირექტორს მისსავე კაბინეტში დახვდნენ.

„დირექტორმა აუხსნა, რომ ასე არ შეიძლებოდა და გააცილა გარეთ. შემდეგ ისინი დადგნენ სკოლის ეზოს გარეთ და სკოლაში მომავალ მშობლებსა და ბავშვებს ურიგებდნენ [მმკ-ის] ბუკლეტებს. ბავშვებს აყოლებდნენ კომენტარებს, როგორიცაა: ნახე, იმას სისხლი ახატია, სატანის ფორმები, ეშმაკისეული ღონისძიება და მსგავსი. ცდილობდნენ, მშობლებს გასაუბრებოდნენ და ეთქვათ, რომ სატანისტურ რიტუალებში არ მიეღოთ მონაწილეობა.

დირექცია და მასწავლებლების ნაწილი გარეთ იყო და ცდილობდა, ბავშვებთან მათი კონტაქტი აერიდებინა. ცხადია, ძალიან ბევრ ბავშვს არ მოეწონა, რომ ვიღაც დგას და რაღაცას გაძახებს. ბავშვები რომ შემოვიდნენ, დავკეტეთ ეზოს კარი. ცოტა ხანს კიდევ იდგენ და შემდეგ წავიდნენ“, — გვიყვება დირექტორის თანაშემწე.

ბესო ბახიას თქმით, „ჰელოუინის“ გასაპროტესტებლად მისული სასულიერო პირის შვილი ამავე სკოლაში სწავლობს და მას, როგორც მშობელს, ჰქონდა ინფორმაცია ღონისძიებასთან დაკავშირებით.

„სკოლის პოზიცია თავიდანვე იყო ასეთი და გუშინაც გაჟღერდა მშობლებთან, რომ არავის არაფერს ვაძალებთ. ვისაც სურდა, მოსულიყო რამე კოსტუმით და დღეს ჩატარდებოდა სახალისო თამაშები, ტკბილეულის მოძებნა, სპორტული ღონისძიებები და ა.შ. ბავშვების ნაწილი მოვიდა კოსტუმებით, ნაწილი — არა.

ჩვენს სკოლაში სწავლობენ ქრისტიანი მშობლების შვილები, მუსლიმები, შეიძლება ვიღაც ათეისტი იყოს. ეს საერო სკოლაა და რელიგიასთან დაკავშირებულ არანაირ ღონისძიებებში მონაწილეობას არავის ვაიძულებთ“, — განაცხადა დირექტორის თანაშემწემ.

მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი მშობელი დაუკავშირდა საპატრიარქოსაც, სადაც უთხრეს, რომ მმკ-ის აქტივობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

თუმცა საქართველოს საპატრიარქომ 25 ოქტომბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ხაზგასმულია, რომ „მართლმორწმუნეთათვის ჰელოუინი სრულიად მიუღებელია“ და მრევლს მისი აღნიშვნის წინააღმდეგ მოუწოდა.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ) ექსტრემისტული გაერთიანებაა, რომელმაც 2008 წლის 31 ოქტომბერს ჰელოუინის დღესასწაული ჩაშალა, აპარატურა დაამტვრია და მონაწილეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული ორგანიზაცია შემდეგ წლებშიც მონაწილეობდა მსგავს აქტივობებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი