საზოგადოება

მშკ– მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი

8 აგვისტო, 2011 • 6155
მშკ– მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი

მართლმადიდებელ  მშობელთა კავშირის ოფისი ორი პატარა ოთახია. პირველი, რაც თვალში მოგხვდება, კედელზე გაკრული ხატებია. აქ მისალმების შემდეგ, რომელიც, როგორც წესი, სიტყვა „მშვიდობით“ შემოიფარგლება, ხატებს ეამბორებიან.
თუმცა, სანამ ოფისში მიხვალ, თბილისის ერთ არც თუ ისე პატარა ქუჩაზე, ჭიშკარი უნდა შეაღო, რომელსაც რატომღაც ფეხსაცმელები ახატია. დღეს კი ეზოში ავი ძაღლია, მართალია, დაბმული, მაგრამ მაინც ავი. ოფისის კარამდე გასავლელი გზა კი, აქ პირველად მყოფს გაფიქრებინებს, რომ სხვაგან მოხვდი.

კარიდან გამოსული საკმეველის სუნის დახმარებით ეს შიში გიქრება და კარზეც თამამად აკაკუნებ.
ყოველ კვირა დღეს მართლმადიდებელ  მშობელთა კავშირში კრება იმართება. ეს კრება ღიაა და ნებისმიერს მსურველს შეუძლია დაესწროს.

ასეთ საკვირაო კრებას სასულიერო პირებიც ესწრებიან. ეს გასაკვირი სულაც არაა. ორგანიზაციის თანათავჯდომარის თქმით, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები სასულიერო პირებიც არიან.

თანათავჯდომარე ავთანდილ უნგიაძე მათემატიკოსია. წლების წინ, სანამ კავშირის ორგანიზაციულ საკითხებში ჩაებმებოდა, ქვეყნისა და ეკლესიის ბედ–იღბალზე დაიწყებდა ფიქრს, მათემატიკის ინსტიტუტში მუშაობდა.

მისივე თქმით, მისი ცხოვრების „მედლის მეორე მხარე“ მუსიკაა. არა საეკლესიო საგალობლები, არამედ ეთნოჯაზი. დღეს უკვე პოპულარული ჯგუფი „შინ“, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობს, ადრე „ადიოს“ სახელით იყო ცნობილი. ავთანდილ უნგიაძე სწორედ „ადიოში“ მღეროდა.
გერმანიიდან დაბრუნებული უნგიაძე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის გამგეობის წევრი გახდა, მოგვიანებით კი ორგანიზაციის თანათავმჯდომარე.

უნგიაძე
უნგიაძე

ორგანიზაციას, რომელიც 1995 წლიდან არსებობს, წევრთა სია არ აქვს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ყველა, ვინც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის იდეებსა და მიზნებს იზიარებს, ამ ორგანიზაციის წევრია.

მიზნები კი გამოკვეთილი და ძალიან ზუსტია. მათი სრული ჩამონათვალი ორგანიზაციის ინტერნეტ გვერდზეა  (www.religia.ge) განთავსებული. მოკლედ კი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი იმ ტრადიციების შენარჩუნებისთის იბრძვის, რომელიც მართლმადიდებლობას ეფუძნება. საფრთხე, რომელიც კავშირის წევრების აზრით, ამ რელიგიას დღეს ემუქრება, დასავლური ღირებულები, გლობალიზმია. საბოლოო ჯამში კი მიზანი „ბოლო ჟამისთვის“ მზადება და „ანტიქრისტეში გაერთიანებული გლობალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა“.

”გლობალიზმის” წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი კავშირია ჩაბმული, მართლმადიდებელ მრევლის კავშირი, რომლის თავჯდომარეც ასევე ავთანდილ უნგიაძეა. განსხვავება ამ ორ კავშირს შორის რამდენიმეა. მრევლის კავშირში მხოლოდ საერო პირები არიან, მშობელთა კავშირში კი სასულიერო პირებიც. მრევლის კავშირში ეკლესიაში არსებულ პრობლემებს ებრძვის, მშობელთა კავშირი კი – საზოგადოების მანკიერებებს.

აბრივიატურა მშკ, რომლითაც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის არის ცნობილი, ბევრს ხუმრობა ჰგონია, ან კავშირის უვიცობას აბრალებს. ამას კი უნგიაძე იმით ხსნის, რომ მმკ (მრევლის კავშირი) არსებობდა და ამიტომაც მშობელთა კავშირი მშკ გახდა.  
როგორც მმკ ასევე  მშკ „ანტიქრისტეში გაერთიანებული გლობალიზმის“ ხორცის შესხმამდე, ამ ძალის გამოვლენის ნიშნებს  ავლენს და შეძლებისდაგვარად ახშობს კიდეც.

ამ მოვლენათა სიაში თავის დროზე მოხვდა რელიგიის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო  რევაზ თვარაძის ავტორობით, ჯოან როულინგის „ჰარი პოტერის“ ერთი შეხედვით უწყინარი სათავგადასავლო ისტორია, მაგებზე, რომელიც მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ბესტსელერია. დემ ბრაუნის „დავინჩის კოდი“, ისევე როგორც წიგნის ეკრანული ვერსია. ამ ჩამონათვალშია პაატა შამუგიას პოემა „ანტიტყაოსანი.“ მოგვიანებით ფილმებსა და წიგნებს სატელევიზიო გადაცემებიც შეურთდა, მათ შორის ახალგაზრდული გადაცემა „კედელი“ , „ჩვენი ექსპრესი“, „ჯეობარი“.

მართლმადიდებელ  მშობელთა კავშირის გაკიცხვის ობიექტი ხდება სხვადასხვა რელიგიური უმცირესობა, მაგალითად, იაღოველები, ორმოცდაათიანელები. ისინი გამოდიან კათოლიკური ტაძრების თუ მეჩეთების მშენებლობის წინააღმდეგ. აპროტესტებენ შეხვედრებსა თუ კონფერენციებს, სადაც მართლმადიდებლებთან ერთად სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
იბრძვიან დასავლური დღესასწაულების აღნიშვნის წინააღმდეგ, მაგალითად, არ მოსწონთ სიყვარულის დღე, ვალენტინობა და სატანისეულს უწოდებენ გოგრების დღესასწაულს, ჰელოუინს.

ეს ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს. ისევე როგორც იმ ადამიანთა ჩამონთვალი, რომელთაც დღემდე ახსოვთ მათ ცხოვრებაში შემოჭრილი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის სახეები.

კავშირის ერთ–ერთი პირველი „მსხვერპლი“ ფილოლოფი, ექსპერტი რელიგიის საკითხებში ნუგზარ პაპუაშვილია. მისი წიგნი – „რელიგიის კარიბჭე“ რელიგიიის ისტორიის დამხმარე სახელმძღვანელო, რომელსაც განათლების სამინისტრომ გრიფი მიანიჭა, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის საჩვრის გამო სწავლებიდან ამოიღეს. წიგნი 1996 წელს გამოიცა.

როგორც ავტორი ამბობს, „რელიგიის კარიბჭე“ ისტორიული ხასიათის წიგნია, რომელიც განკუთვნილია სახელმძღვანელოდ მასწავლებელთა კვალიფიკაციის კურსებისთვის, დამხმარე სახელმძღვანელო უფროსკლასელებისთვის და სტუდენტებისთვის.
1997 წელს, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა სასამართლოში იჩივლა რეზი თვარაძის სახელმძღვანელოს – „რელიგია და კულტურა“ და ნუგზარ პაპუაშვილის დამხმარე წიგნის მიმართ.

ეს სარჩელი, ძირითადად, რეზი თვარაძის წიგნს უკავშირდებოდა, ვინაიდან ის იყო სახელმძღვანელო, თუმცა კავშირი პაპუაშვილის წიგნზე გრიფის მოხსნასაც ითხოვდა.

სასამართლომ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის სარჩელი პაპუაშვილის წიგნის მიმართ იმ მოტივით დააკმაყოფილა, რომ უფროსკლასელებისთვის ეს საგანი დამტკიცებული არ იყო  სასკოლო საგნად და, შესაბამისად, დამხმარე სახელმძღვანელოს არსებობის საჭიროება ეჭვქვეშ დააყენა. რაც შეეხება რეზი თვარაძის სახელმძღვანელოს, სარჩელი იმ მოტივით დაკმაყოფილდა, რომ საგანი არ იყო რეგისტრირებული განათლების სამინისტროში.

პაპუაშვილი ფიქრობს, რომ სასამართლო უსამართლოდ მოიქცა:
‘”შეეშინდათ, რომ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს აქციები არ მოეწყო სასამართლოს წინ და სახელმწიფო არ დაედანაშაულებინა ანტიმართლმადიდებლობაში. ეს სარჩელი სასამართლოს არ უნდა მიეღო. იდეოლოგია სასამართლოს განსახილველი არ არის.“

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი იხსნებს სასულიერო აკადემიაში სწავლის წლებს, როდესაც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მიერ დაყენებულ საკითხზე დისკუსიამ „მოვარდნა–გაკიცხვის“ რეჟიმში გადაინაცვლა.

„დაიწყეს  მსჯელობა, რომ სად წავლენ ეს ბავშვები, ჯოჯოხეთში თუ სამოთხეში. საკითხს სვამდნენ ისეთი სასულიერო პირები, როგორებიც იყვნენ ლაზარე აბაშიძე და რაფაელ კარენინი. ისინი,  ფაქტობრივად, ეკლესიაში ამ ექსტრემისტული ფრთის იდეოლოგები არიან. დისკუსიებიამ საკითხზე გაიმართა. მართმადიდებელ მშობელთა კავშირის პოზიცია იყო – ეს ბავშვები ერთმნიშვნელოვნად მოხვდებიან ჯოჯოხეთში.“

და, მართლაც, მალევე,2002 წელს სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება მოუნათლავი და დაუბადებელი ბავშვების შესახებ.
დეკანოზი ანდრია, ინტერნეტ გვერდზე www.church.ge სინოდის გადაწყვეტილებას ასე ხსნის:

„ თუ ადამიანი გადის წუთისოფლიდან თავისი უმთავრესი მისიის შეუსრულებლად – ქრისტესთან შეუთვისებლად, მას ვერ ძალუძს სასუფეველში განსვენება. რა ასაკისაც არ უნდა იყოს ადამიანი… შეუძებელია საუბარი ისეთი პიროვნების ცხოვნებაზე, რომლის მიწიერ ცხოვრებაში არ აღსრულებულა უმთავრესი პირობა განახლებისა – ნათლობისმიერი შეერთება ქრისტესთან. ეს დაამოწმა კიდევაც წმიდა სინოდის განჩინებამ…უფლისათვის საყვარელია მონათლულიც და მოუნათლავიც. ღმერთი ყველას იქ განუჩენს სამყოფელს, სადაც კონკრეტული პირისათვის არის საუკეთესო. თვით ჯოჯოხეთიც ხომ ღმრთის უკანსკნელი მოწყალებაა ცოდვილთათვის.“

„მხილებას“ და „გაკიცხვას“ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი 2008 წლის 31 ოქტომბერს გასცდა, როდესაც ერეკლე მეორის ქუჩაზე გამართული ჰელოუინის დღესასწაული ჩაშალა და  ორგანიზაციის წევრებმა მონაწილეებს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ჰელოვინის დღესასწაულზე
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ჰელოვინის დღესასწაულზე

სანდრო გაბისონია, ჰელოუინის ორგანიზატორი იხსენებს დღეს, რომელიც, მისი თქმით, ორი გადმოსახედიდან ახსოვს. ის, რაც თავისი თვალით ნახა და ის, რაც მონაყოლით იცის.

„დაცვამ მამაო რომ დაინახა, გამოატარა, ისინი ხალხს ეუბნებოდნენ, წადით და ეკლესიაში ილოცეთო. ის, რაც ჩემი თვალით ვნახე, იყო ის, რომ სცენაზე ვიდექი, წამყვანი ვიყავი და ამოძვრა ჯერ ვიღაც ტიპი, ამოიყვანეს მღვდელი… მე როცა ვიკითხე, რა ხდება, რაშია საქმე–მეთქი, გადამაგდეს სცენიდან, პირდაპირი გაგებით, ხელი მკრეს და გადამაგდეს. მერე დაამტვრიეს მიქშერები, დავინახე ლეპტოპი როგორ დაამტვრიეს. სცენის უკან „რაზბორკასავით“ იყო: ე, ძმაო ფრთები რა პონტში გიკეთია, ანგელოზი ხარ? ხალხი ცემეს პირდაპირი გაგებით, ანუ ჩხუბი დაიწყო.”

ჰელოუნის დღესასწაულზე მშკ–ს მიერ ადამიანების ფიზიკურმა შეურაცხყოფამ და აპარატურის დამტრვევამ  ის შედეგი გამოიღო, რომ მომდევნო წელს ეს დღესასწაული ადამიანებმა დახურულ სივრცეში იზეიმეს.  იმის მიუხედავად, რომ 2008 წლის ჰელოუინი თბილისის მერიის მიერ იყო დაფინანსებული, სასამართლოში საჩივარი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წინააღმდეგ არ შესულა. მეტიც, სახალხო დამცველის ოფისშიც კი, მიუხედავად ომბუდსმენის ოფისთან მოლაპარაკებისა, საჩივარი არ შესულა.

სანდრო გაბისონია ამბობს, რომ არეული პერიოდის და ნოემბრის პოლიტიკური დაძაბულობის გამო არ გადადგეს ეს ნაბიჯი.
„მე, პირადად, მინდოდა, რომ გვეჩივლა. კანონით რომ დავპირისპირებოდით, რაღაც შედეგს მივიღებდით, შეიძლება არავის არაფერი არ აენაზღაურებინა, მაგრამ ფაქტი დაფიქსირდებოდა. რატომ არ გავაკეთეთ, ალბათ ჩვენი უნიათობის გამო.“
სხვისი ქონების ხელყოფა იურისტ გიორგი ბურჯანაძის თქმით, სამ წლამდე პატიმრობით ისჯება, ხოლო ფიზიკურ შეურაცხყოფას რაც ეხება, ინდივიდუალურად, დაზიანებების მიხედვით.

მკაცრი განცხადებების არ გაკეთების თუ საჩივრის სასამართლოში არ შეტანის ანალოგიური მიზეზი  –  ქვეყანში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარება – აქვს კახაბერ კურტანიძეს, ფილოსოფიის დოქტორს, იგივე მამა კახაბერს, რომელიც დღეს ეკლესიაში აღარ მსახურობს.

2009 წლის გაზაფხულზე, ილიას უნივერსიტეტში ასურელი მამების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც მართლმადიდებლების გარდა კათოლიკეებიც იღებდნენ მონაწილეობას. სწორედ ამ კონფერენციის დასკვნითი საღამო ჩაიშალა მართლმადიდებელ  მშობელთა კავშირის მიზეზით.

„შემოვიდნენ და პროტესტი გამოხატეს, – დაიწყეს ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენება, თქვენ ხართ მწვალებლები, ღორებს მარგალიტებს რატომ უყრით და გმობთ ქრისტეს, თქვენ უფლება არ გაქვთ ასურელ მამებზე ილაპარაკოთო, რომ ჭავჭავაძის უნივერსიტეტი ეკუმენურია და ა.შ. ფაქტობრივად, დემარშივით იყო და დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა. თუმცა, მესმის მათიც, გაღიზიანებულები იყვნენ.“

გარდა იმისა, რომ მოქალაქეების მხრიდან საჩივარი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ქმედებებზე სასამართლოში არ შესულა, არც საპატრიარქო გამოხმაურებია მსგავს ფაქტებს.

კათოლიკეების მიმართვაზე, არის თუ არა საპატრიარქო დაკავშირებული მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან,საპატრიარქოს ოფიციალური პასუხი უარყოფითი იყო.

ავთანდილ უნგიაძე ერთ–ერთ კრებაზე საუბრობდა იმ მხარდაჭერაზე, რომელიც ორგანიზაციას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისგან აქვს:

” პირდაპირ გვაქვს კურთხევა იმისგან, რასაც ვაკეთებთ, მან პირდაპირ თქვა, რომ მრევლმა უნდა იაქტიუროს.”
„ამდენწლიანი საზოგადოების დატერორებისა და დაშანტაჟების მიუხედავად, არანაირი კონკრეტული ნაბიჯი საპატრიარქოს მათ წინააღმდეგ არ გადაუდგამს . ანუ ეს მხოლოდ სიტყვიერი გამიჯვნა. როცა ისინი ამა თუ იმ სიტუაციის გამო უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან, ცხადია სიტყვიერად ემიჯნებიან,“ – ამბობს ბექა მინდიაშვილი.

ხუთშაბათის კრებაზე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირში ახალგაზრდები შეიკრიბნენ. კრებას, რომელსაც ორგანიზაციის თანათავჯდომარე უძღებოდა, რამდენიმე მიზანი ჰქონდა. შექმნილიყო ორი ჯგუფი, რომელიც  ფორუმებზე იმუშავებს. კრებაზე ითქვა, რომ რამდენიმე ქართულ ფორუმზე მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ფრაზები ისმის. აქვე დამსწრეებს უნგიაძემ სთხოვა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაბმულიყვნენ დისკუსიაში, თუ მათთვის ფასეულ ზნეობრივ პრინციპებზე იქნებოდა საუბარი და არა პიროვნულ შეურაცხყოფაზე.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირში
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირში

„ერთგან თქვეს, რომ ჩვენ უსაქმურები ვართ, ასეთებს არ გამოეხმაუროთ.“
თემა, რომელიც გაისმა იმ ორ შეკრებაზე, რომელსაც მე ვესწრებოდი, „ანტიქრისტეს გლობალიზმს“ , „ბოლო ჟამის მოახლოებასა,“ და ადამიანის 666–ით დანომრვას ეხებოდა.

ახალგაზრდებს, რომლებიც ხუთშაბათის კრებას ესწრებოდნენ (გოგონები ბიჭებისგან განცალკევებით ისხდნენ), ავთანდილ უნგიაძე ესაუბრებოდა იმის შესახებ, თუ როგორ კარგავდა ადამიანი საუკუნეების მანძილზე სულიერებას.

„აი, მაგალითად, მოცარტი, ეს მშვენიერი მუსიკაა, მაგრამ სულიერებისგან დაცლილი.“
სულიერების, ჭეშმარიტი რწმენის დაცვა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მიზანია. მათი თქმით, მართლმადიდებლებს მთელ მსოფლიოში ებრძვიან, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგიას.

„ბნელი ძალები და სატანა მხოლოდ ამას ებრძვიან – მართმადიდებლობას, მაგრამ მართლმადიდებლობა მაინც მიდის და საბოლოო ჯამში მცირედ, თუ როგორც იქნება, გადაარჩენს ხალხს. მხოლოდ ის გადარჩება, ვინც მართლმადიდებელია და მართლმადიდებლურად მოინათლება, რადგან სატანა ცდილობს აცდუნოს ადამიანი. მთელი კაცობრიობის ისტორია არის მიმართული ამ ჭეშმარიტების წინააღმდეგ, არაფერი სხვა განზომილება კაცობრიობის ისტორიას არ აქვს, არავითარ ცივილიზაციას, არც ერთ კულტურას, ყველაფერი მხოლოდ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ არის მიმართული: ზოგი პირდაპირი გზით ებრძვის და ზოგი ირიბით, ყველაფერი მიდის ჯოჯოხეთისკენ და ეს ბიჭები, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირში იცავენ ამ რელიგიას.“
ასე განმარტავს კახაბერ კურტანიძე იდეოლოგიას, რომელიც ორგანიზაციას უდევს საფუძვლად.

ეკლესიის რადიკალური ფრთა – ასე აფასებს ბექა მინდიაშვილი კავშირს, რომლის სურვილი, მისივე თქმით, ირანისეული, თეოკრატიული საქართველოა.

 „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის რეიტინგი შეიძლება ძალიან დიდი არ იყოს, მაგრამ ამ სურვილს გასაქანი აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ საპატრიარქოს და,  უშუალოდ, პატრიარქის რეიტინგი ძალიან მაღალია და  იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტარებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისთვის – მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში – კანონზე მაღლა დგას პატრიარქის სიტყვა, ან კანონზე მაღლა დგას რჯულის კანონი, როგორც ეს განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, ეს იმის სიმპტომია,  რომ ამ ადამიანების ტვინშიც თეოკრატიული ამბები ტრიალებს,“ – ამბობს ბექა მინდიაშვილი.

დგას თუ არა რჯულის კანონი კონსტიტუციაზე მაღლა, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებისთვის, მარტივი კითხვაა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაღიარებთ ქვეყნის კონსტიტუციას, მაგრამ თუ ქვეყნის კონსტიტუცია რაიმე ნაწილში დაუპირისპირდება ეკლესიას, ჩვენთვის ის იქნება მიუღებელია და იმ ნაწილში არ იქნება ჩვენი კონსტიტუცია,“ – ამბობს უნგიაძე.  

ბექა მინდიაშვილი მართლამდიდებელ მშობელთა კავშირის არსებობასა და მათ ქმედებებში ხედავს სახელმწიფოს მთავარ ხარვეზს.  
„სახელმწიფო ვერ შედგა, რადგან კანონის სივრცეში ვერც ეკლესია და ვერც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ვერ შემოიყვანეს. თუ არის ძალა, რომელიც კანონში ვერ შემოდის, ე.ი. სახელმწიფო არ გვაქვს. დღეს საქართველოში ძალაუფლების ორი წყაროა, ერთია საერო და მეორე რელიგიური. იმას თავისი კანონები აქვს და თავისას აწვება – თავისი პოლიცია ჰყავს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის სახით  და ამას – თავისი.“

 „ვინ არის მოძალადე, მე თქვენ გეკითხებით,“-  ისმის მართლმადიდებელ  მშობელთა კავშირის კრებაზე, – „ჩვენ თუ ისინი, ვინც მოდიან ჩვენს ქვეყანაში და უნებართვოდ აშენებენ ტაძრებს, ვინ არის მოძალადე?!“

კახაბერ კურტანიძე ფიქრობს, რომ „რელიგიურ შეუწყნარებლობას გასაქანი თუ მიეცი, ის გაანადგურებს ნებისმიერ პიროვნებას. ის…  შეკუმშული ზამბარასავითაა, რადგან ის იცავს ჭეშმარიტებას და ამ ჭეშმარიტების სახელით ის მოგსპობს, გაგანადგურებს.“

მასალების გადაბეჭდვის წესი