ახალი ამბები

ვასაძის დემონსტრაციის მიუხედავად, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო აქცია დაანონსდა

8 ივლისი, 2019 • 2082
ვასაძის დემონსტრაციის მიუხედავად, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო აქცია დაანონსდა

ლევან ვასაძის, “ქართული მარშის”, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” და სხვების მიერ ორგანიზებული ჰომოფობური აქციის მიუხედავად, პარლამენტთან გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია დღეს, 19:00 საათზე მაინც გაიმართება.

ვასაძის, “ქართული მარშის” და მმკ-ის მხარდამჭერები ითხოვენ ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას, ასევე, რუსეთში მოქმედი “გარყვნილების პროპაგანდის” ამკძრალავი კანონის მიღებას.

მიუხედავად მმკ-ის ლიდერების განცხადებისა, რომლებიც ამბობენ, რომ ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს პარლამენტთან აქციის გამართვის საშუალებას არ მისცემენ, რადგან რუსთაველი თავად დაიკავეს, ამ აქციების ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ პროტესტის მე-19 დღე მაინც შედგება იმავე ადგილზე.

როგორც ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი “ნეტგაზეთთან” ამბობს, ამ დრომდე კონტრაქციის მონაწილეებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ, მაგრამ მათთან დალაპარაკებას გეგმავენ, თუმცა არ აქვთ ილუზია, რომ ისინი სახელმწიფოს მიერ მართული ჯგუფები არ არიან:

“ჩვენ უკვე მე-19 დღეა იქ ვდგავართ და ვიყენებთ ჩვენი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას. თუ ვინმე სიტყვის თავისუფლებისთვისაა იქ, ჩვენ მშვიდობიანი მანიფესტანტები ვართ, შემოგვიერთდნენ და მივიღებთ, მაგრამ თუ სხვა მოთხოვნებით არის, ბევრი ადგილია და შეუძლიათ წავიდნენ, სადაც უნდათ დადგნენ და ჩვენ მათ სიტყვის თავისუფლებასაც დავიცავთ”, – ამბობს დიღმელაშვილი.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ასევე აღნიშნავს, რომ ეს ჯგუფები წლებია ხელისფულების სასარგებლოდ და მათი დაკვეთით მოქმედებენ:

“მათი მხრიდან თუ ადგილი ექნება პროვოკაციებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა, ეს პროვოკაციები აარიდოს მშვიდობიან მანიფესტანტებს. ესაა შსს-ს საქმე და არა 19 წლის გოგოებისთვის თვალების თხრა. მით უმეტეს, არ დასჭირდება არაფრის გაკეთება, შეუძლია უბრძანოს და წავლენ”, – ამბობს დიღმელაშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი