ახალი ამბები

ონკოქირურგიის დაფინანსებისა და სტომატოლოგიური მომსახურების წესები იცვლება

30 ოქტომბერი, 2023 • 995
ონკოქირურგიის დაფინანსებისა და სტომატოლოგიური მომსახურების წესები იცვლება

ონკოქირურგია დაუფინანსდებათ 40 000 ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე პირებსაც.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც, ონკოლოგიური ქირურგია — როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები — ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება, მათ შორის, დაზღვეული ვეტერანებს და პაციენტებს, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. გამონაკლისია საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირები.

„აღნიშნული გადაწყვეტილებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება“, — ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის პრესრელიზის თანახმად, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ასევე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე ოპერაციის წესები. ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია-დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები.

სავალდებულო გახდა დაწესებულებაში ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა. სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე ექვს თვეში ერთხელ.

ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები არსებული სტომატოლოგიური კაბინეტებისა და კლინიკებისთვის სავალდებულო  იქნება 2024 წლის იანვრიდან. ახალი დაწესებულებები კი მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ საქმიანობის დაწყებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი