ახალი ამბები

„კონსერვატორიის ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი ხარვეზია” — წულუკიანი

20 სექტემბერი, 2023 •
„კონსერვატორიის ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი ხარვეზია” — წულუკიანი

დღეს, 20 სექტემბერს, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩასატარებელი რეფორმის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, კონსერვატორია ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვანი სახელოვნებო განათლების მიწოდებას სტუდენტებისთვის, ასეთ შემთხვევაში კი, მინისტრმა კეთილი უნდა ინებოს და შეცვალოს ხელმძღვანელი:

„თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა, ბატონებო და ქალბატონებო განსახორციელებელი, ვინაიდან დღევანდელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც ის, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ გახლავთ აკადემიური პერსონალის საქმიანობაში ხარვეზი, ეს გახლავთ ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი ხარვეზი. ეს ჩემი ხარვეზიც არის. როდესაც ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ მინისტრმა კეთილი უნდა ინებო და ხელმძღვანელი შეცვალო. ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, რაც არ უნდა უდრტვინველად აგრძელებდეს ზოგიერთი იქ საქმიანობას და ეგონოს, რომ „მინისტრს არაფერი არასდროს არ ეკითხება.””

კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ რამდენიმე თვის წინ მხარი დაუჭირა კულტურის მუშაკების პროტესტს.

„მზარავს იმის გაფიქრებაც, რომ კულტურის მოთვინიერების სურვილი არსად წასულა“, — განაცხადა რამდენიმე თვის წინ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი