ახალი ამბები

„მზარავს იმის გაფიქრებაც, რომ კულტურის მოთვინიერების სურვილი არსად წასულა“ — შარიქაძე

20 ივნისი, 2023 • 4097
„მზარავს იმის გაფიქრებაც, რომ კულტურის მოთვინიერების სურვილი არსად წასულა“ — შარიქაძე

დღეს, 20 ივნისს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი ნანა შარიქაძე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შემზარავია იმის გაფიქრებაც კი, რომ კულტურის მოთვინიერების დაუოკებელი სურვილი არსად წასულა.

ნანა შარიქაძე მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი ფინანსური რესურსი საბჭოთა წარსულის კვლევაში უნდა ჩაიდოს და ეს განსაკუთრებით კულტურის სფეროს სჭირდება.

„ასე მგონია, ფანტასმაგორიულ რეალობაში ვართ – ის, რაც ხდება, არ შეიძლება ხდებოდეს 2023 წელს, ეს არ შეიძლება ჩვენი რეალობა იყოს 21-ე საუკუნეში. მზარავს იმის გაფიქრებაც კი, რომ კულტურის მოთვინიერების დაუოკებელი სურვილი არსად წასულა. საშიშია ეს სურვილი იმ საზოგადოებაში, რომელსაც საბჭოთა ტრავმა და შიში ჯერ არ მოუნელებია, რომელმაც კარგად იცის, რა არის ცენზურა, რეპერტკომები და გლავლიტი და “დაზავების” ხელოვნებაშიც კარგად არის ნამეცადინები. გასული საუკუნის 20 -30 წლებში ეს კატასტროფით დასრულდა ჩვენი ერისთვის და ამ შედეგს დღემდე ვიმკით“ ,— აცხადებს კონსერვატორიის რექტორი.

რა ხდება კინოცენტრში?

საქართველოს კინოინდუსტრიის წარმომადგენლები უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებენ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებებს.

სამინისტრომ კინოცენტრის რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.

ერთ-ერთი მათგანი იყო ნინო კუხალაშვილიც, რომელიც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 22 წელი მუშაობდა და რომლის თანამდებობაც ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში კულტურის სამინისტრომ გააუქმა.

კუხალაშვილის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებას ხელს აწერს დირექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, კობა ხუბუნაია, რომელიც კულტურის სამინისტრომ ერთი დღით ადრე დანიშნა ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

მანამდე კობა ხუბუნაია კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. უფრო ადრე, 2021 წელს კი იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.

ხუბუნაიასთან ერთად კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარიაც, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია. ოდიშარიამ 13 ივნისს ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა, რომ რეორგანიზაციის საკითხებში ისიც ჩაერთვებოდა.

რეორგანიზაციას და აღნიშნულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან როგორც კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი, ასევე ამ სფეროს სხვა წარმომადგენლები, მათ შორის რეჟისორები, სცენარისტები, პროდიუსერები და მსახიობები.

კულტურის სამინისტრო ან კინოცენტრის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ამ დრომდე არ გამოხმაურებია თანამშრომლებისა და სფეროს წარმომადგენლების პროტესტს. თუმცა ჟურნალისტებთან ისაუბრა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიზემ და კინო ინდუსტრიის წარმომადგენელთა პროტესტს „ჭარბი აჟიოტაჟი” უწოდა, ამასთან “სამარცხვინო” უწოდა სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმს [“მოთვინიერება”], რომელიც მაყურებელს მოუთხრობს ბიძინა ივანიშვილის გიგანტური ხეებით გატაცების შესახებ. ფილმის გადაღება კინოცენტრმა დააფინანსა.

კინოცენტრი პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში რეორგანიზაციები იწყება. რეორგანიზაციის შედეგად კი, უწყებებიდან თანამშრომლებს, მათ შორის სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს ათავისუფლებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი