ახალი ამბები

რექტორის არჩევნები გამოცხადდა და მიმდინარეობდა კანონის სრული დაცვით – კონსერვატორია

27 სექტემბერი, 2023 • 2532
რექტორის არჩევნები გამოცხადდა და მიმდინარეობდა კანონის სრული დაცვით – კონსერვატორია

თბილისისსახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭო ეხმიანება კულტურის სამინისტროს განცხადებას კონსერვატორიის რექტორის არჩევნების პროცესის მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

აკადემიური საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რექტორის არჩევნები გამოცხადდა და მიმდინარეობდა კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით და მისი დაცვით.

„აღვნიშნავთ, რომ კონსერვატორიის რექტორის არჩევნების გამოცხადების შესახებ აკადემიური საბჭოს გაუქმებული დადგენილება სრულად შეესაბამებოდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის No05/90 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მოთხოვნებს და ის მიღებული იქნა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კონსერვატორიის მოქმედი წესდების შესაბამისად ფორმირებული აკადემიური საბჭოს მიერ.

სწორედ ამ წესით ფორმირებული აკადემიური საბჭოს მიერ აირჩეოდა კონსერვატორიის რექტორები წლების განმავლობაში იმ ფონზე, რომ ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი კონსერვატორიაში არსებობს 2002 წლიდან (არა როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეული, არამედ როგორც კონსერვატორიის სტრუქტურული ერთეული)“, – ნათქვამია კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს განცხადებაში.

აკადემიური საბჭოს განცხადებით,  კულტურის მინისტრის ბრძანება ავალებს კონსერვატორიას, განახორციელოს ცვლილება წესდებაში და სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრს განუსაზღვროს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსი.

„სამინისტროს პოზიციით, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს რექტორის არჩევნები, რადგან „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით, აღნიშნული სტატუსი ტრადიციული მრავალხმიანობის საერთშორისო ცენტრს მისცემს შესაძლებლობას, ჰყავდეს არჩეული წარმომადგენელი აკადემიურ საბჭოში.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამომავლოდ ცენტრისთვის სტატუსის განსაზღვრის საკითხი არ არის კავშირში რექტორის არჩევნების პროცესთან და მიგვაჩნია, რომ ცენტრისთვის სამომავლოდ განსასაზღვრი სტატუსის საკითხი არ შეიძლება გახდეს რექტორის არჩევნებთან დაკავშირებული დადგენილების გაუქმების საფუძველი („სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“ 2023 წლის 28 ივლისის No52/2023)“, – ნათქვამია კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს განცხადებაში.

როგორც აკადემიური საბჭო აცხადებს, კონსერვატორიის მართვის ორგანოები კანონით დადგენილი წესით, პროცედურითა და არსებული ადამიანური და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით იმსჯელებს და ჩამოაყალიბებს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით (ცენტრი იყოს კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის, კონსერვატორიის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის თუ კონსერვატორიის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსით თუ სხვა).

„აქვე აღვნიშნავთ, რომ აკადემიური საბჭოს შემადგენლობის გაზრდის საკითხი ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში დაისვა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინაშე, როდესაც კონსერვატორიის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების მიერ შემუშავებული კონსერვატორიის წესდების ცვლილებების პროექტი, მათ შორის აკადემიური საბჭოს შემადგენლობის გაზრდის წინადადება, წარდგენილი იქნა სამინისტროში დასამტკიცებლად. წარდგენილ დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნული იყო, რომ იმ დროისთვის მოქმედ აკადემიურ საბჭოს ვადა ეწურებოდა 2022 წლის 28 სექტემბერს“, – ნათქვამია კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს განცხადებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აკადემიურ საბჭოს მიაჩნია, რომ კონსერვატორიამ უნდა განაგრძოს კანონმდებლობის და კულტურის სამინისტროს მიერ 2014 წლის 7 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული და დღეს მოქმედი კონსერვატორიის წესდების სრული დაცვით წარმოებული რექტორის არჩევნების პროცესი.

„აქედან გამომდინარე, გთხოვთ გააუქმოთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 25/09/2023 No 00033770 ბრძანება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის (No16 სხდომაზე) დადგენილების გაუქმების შესახებ ( „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“)“ – ნათქვამია კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს განცხადებაში.

მათივე ცნობით, აღნიშნულ განცხადებას სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭო 7 წევრიდან მხარს 6 წევრი უჭერს. განცხადებას ეთანხმებიან:

  • ნანა შარიქაძე – აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
  • მარინა ქავთარაძე
  • გვანცა ღვინჯილია
  • გიორგი (გოგა) შავერზაშვილი
  • მერი ჟვანია
  • ზეინაბ (ლალი) ბაქრაძე

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ კონსერვატორიის რექტორის არჩევნები გააუქების შესახებ ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საარჩევნო კომისიამ 26 სექტემბერსინფორმაცია გაავრცელა.

27 სექტმებერს კი აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა კულტურის სამინისტრო. სამინისტროს განცხადებით, კონსერვატორიაში საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა.

„სამინისტრო გამოხატავს მზადყოფნას, დაეხმაროს კონსერვატორიას საარჩევნო პროცედურის კანონის შესაბამისად მომზადებაში, რისთვისაც ვადად განისაზღვრა ხუთი სამუშაო დღე.

სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ ხარვეზი აღმოიფხვრება, რის შემდეგაც კონსერვატორია შეძლებს, რექტორის არჩევნები, კანონით დადგენილი პროცედურის მიხედვით, შეძლებისდაგვარად სწრაფად ჩაატაროს“, – აცხადებს კულტურის სამინისტრო.

20 სექტემბერს, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩასატარებელი რეფორმის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, კონსერვატორია ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვანი სახელოვნებო განათლების მიწოდებას სტუდენტებისთვის, ასეთ შემთხვევაში კი, მინისტრმა კეთილი უნდა ინებოს და შეცვალოს ხელმძღვანელი.

კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ რამდენიმე თვის წინ მხარი დაუჭირა კულტურის მუშაკების პროტესტს.

„მზარავს იმის გაფიქრებაც, რომ კულტურის მოთვინიერების სურვილი არსად წასულა“, — განაცხადა რამდენიმე თვის წინ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი