ახალი ამბები

წულუკიანმა კონსერვატორიის რექტორის არჩევნები გააუქმა – კონსერვატორიის საარჩევნო კომისია

26 სექტემბერი, 2023 • 1796
წულუკიანმა კონსერვატორიის რექტორის არჩევნები გააუქმა –  კონსერვატორიის საარჩევნო კომისია

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადებით, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა კონსერვატორიის რექტორის არჩევნები გააუქმა.

მათივე ინფორმაციით, წულუკიანმა აღნიშნული გადაწყვეტილება 25 სექტმბერს მიიღო.

„საარჩევნო კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 25/09/2023 No 00033770 ბრძანებით გაუქმდა „სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის No16 სხდომაზე მიღებული „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის No52/2023 დადგენილება.

ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა“, – ნათქვამია კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადებაში.


20 სექტემბერს, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩასატარებელი რეფორმის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, კონსერვატორია ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვანი სახელოვნებო განათლების მიწოდებას სტუდენტებისთვის, ასეთ შემთხვევაში კი, მინისტრმა კეთილი უნდა ინებოს და შეცვალოს ხელმძღვანელი.

კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ რამდენიმე თვის წინ მხარი დაუჭირა კულტურის მუშაკების პროტესტს.

„მზარავს იმის გაფიქრებაც, რომ კულტურის მოთვინიერების სურვილი არსად წასულა“, — განაცხადა რამდენიმე თვის წინ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი