Interviewsახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“ყარაბაღის კონფლიქტი არ დასრულებულა” – განწყობები ბაქოში

30 ოქტომბერი, 2023 • 1958
“ყარაბაღის კონფლიქტი არ დასრულებულა” – განწყობები ბაქოში

ავტორი: ნიკა მუსავი


“გამარჯვებით ექსპლუატაცია დიდხანს არ გამოუვათ” – სოციალური ანთროპოლიგი ყარაბაღში სამხედრო ოპერაციის შედეგების შესახებ

როგორი განწყობები არსებობდა ბაქოში 2023 წლის სექტემბერში? რას ფიქრობდნენ დედაქალაქის რიგითი მცხოვრებლები მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაციის შესახებ? სევილ ჰუსეინოვა,  ბერლინში მცხოვრები აზერბაიჯანელი სოციალური ანთროპოლოგი, რომელიც იმ დღეებში ბაქოში აღმოჩნდა, აკვირდებოდა განწყობებს ქალაქში, ესაუბრებოდა ადამიანებს და ჩანაწერებს აკეთებდა. დაკვირვებების საფუძველზე, ნეტგაზეთთან ინტერვიუში სევილ ჰუსეინოვა აცხადებს, რომ კონფლიქტი ისევ გრძელდება და კიდევ დიდხანს იარსებებს. აზერბაიჯანში ყოველდღიური პრობლემების პარალელურად, “კონფლიქტი” გამოიყენება ხელისუფლების ლეგიტიმაციისთვის, სოციალური უთანასწორობის თემა კი კონფლიქტის კონტექსტში პრაქტიკულად არ ისმის. 


რა განწყობები იყო ბაქოში სამხედრო ოპერაციის დღეებში? იყო თუ არა ეს სრული მოულოდნელობა მათთვის?

ცხადია, ხელისუფლებას ღიად არ განუცხადებია, რომ სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება. თუმცა ბაქოში “ოპერაციის” დაწყებამდე დიდი ხნით ადრე მოელოდნენ ახალ ომს. კაცები იღებდნენ გაწვევას, მობილიზებული იყო სამედიცინო პერსონალიც – რთულია და საერთოდ, შეუძლებელიც, მოსახლეობას დაუმალო, რომ სამხედრო მოქმდებებისთვის მიმდინარეობს მზადება.

ჩემი დაკვირვებით, ის ეიფორია და ემოციური ტალღა, რომელიც 2020 წელს არსებობდა, ამჟამად აღარ იგრძნობოდა. ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ მრავალი გადაუჭრელი საკითხი რჩებოდა და ბევრი უკმაყოფილო იყო ამ ომის შედეგებით. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის გაურკვეველი სტატუსი [დე იურე არასოდეს ყოფილა ის, თუმცა დე ფაქტო იყო სექტემბრამდე], შეიარაღებული დანაყოფები ყარაბაღელი სომხებისა, რუსი სამშვიდობოები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე – ეს ყოველივე აუფერულებდა მეორე ყარაბაღის ომში გამარჯვებას. 

მოქალაქეებთან საუბრის დროს გამოჩნდა, რომ ეს, ასე ვთქვათ, ნაწილობრივი გამარჯვება “გვაიძულებს”, ახალი ძალადობრივი ნაბიჯები “გადავგდათ”, თუმცა, მეორე მხრივ, “მზად ვიყავით დათმობებზე წავსულიყავით”. არსებობდა განცდაც, რომ ომი ვერ იქნება ეფექტური მეთოდი ისეთი კონფლიქტის გადაჭრისა, როგორიცაა ყარაბაღის კონფლიქტი. 

მოქალაქეების ციტატები ჩემი ჩანაწერებიდან: 

“უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს. რუსეთს რომ მოეცა მაშინ შესაძლებლობა, 2020 წელს ავიღებდით ხანქენდის, თუმცა ეს შესაძლებობა არ გვქონია. როგორც ჩანს, სომხებთან სხვანაირად შეუძლებელია.” [ 57 წლის კაცი]

“ჩვენ მათ ჰუმანიტარულ დახმარებასაც კი ვუგზავნიდით, ისინი კი უარს გვეუნებოდნენ. რაღა დაგვრჩენოდა?! იმდენი ღალატი, ტანჯვა გვახსოვს მათგან და მაინც მზად ვართ დასახმარებლად.” [60 წლის ქალი]

იმ დღეებში ქალაქში ისეთი განწყობა იყო,  თითქოს რაღაც ცუდს ელოდნენ, რომლის აცილებაც ყველას უნდოდა. თუმცა ჩემი თანამოსაუბრეები მიიჩნევდნენ, რომ სამხედრო მოქმედებებს ალტერნატივა არ აქვს. უნდა ითქვს, რომ სომხურმა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სამხედრო მოქმედებები “ნაციონალური პრობლემების” გადაჭრის ერთადერთ საშუალებად დარჩენილიყო. ბევრი ეთანხმებოდა იმას, რომ როგორც ყოველთვის, ჩვენზე არაფერია დამოკიდებული – “საქმე ხომ დიდ მოთამაშეებს ეხება, რომლებიც უკვე შეთანხმდნენ”, რიგითი “დამკვირვებლები” კი იმედოვნებენ, რომ მათი ახლობლები და ნათესავები შეიარაღებული დაპირისპირების მორიგ რაუნდს გადაურჩებიან. 

მოქალაქის ციტატა ჩემი ჩანაწერებიდან: 

“ყველა იმის შესახებ სუბრობს, რომ ომი უნდა დაიწყოს. ერთადერთი შვილი მყავს და  18 წელი უსრულდება მალე, ჯანმრთელობის პრობლემაც აქვს. მე, მარტოხელა დედა, რომელსაც ძლივს გააქვს თავი, რატომ უნდა გავგზავნო ჩემი შვილი მორიგ სასაკლაოზე? ჩემი წინაპრები ყარაბაღიდან არიან. მე თავად სუმგაითში დავიბადე. ვისაც სჭირდება ეს ყარაბაღი, წავიდეს და იომოს. მე არ მინდა, შვილი მომიკვდეს.” [51 წლის ქალი] 

19 სექტემბერს ტაქსით მივდიოდი, როდესაც რადიოში “ლოკალური კონტრტერორისტული ოპერაციის” შესახებ გამოაცხადეს. ტაქსისტი, 57 წლის კაცი, სასოწარკვეთილი ჩანდა. ის მომიყვა, რომ მისი შვილი ყარაბაღის მეორე ომის მონაწილე იყო, ოთხი მედალი და საუნივერსიტეტო განათლება აქვს. ახლა კი სახლში ზის უმუშევარი, ტრავმირებული და კანტუზიით.

ბაქოს ძალიან ბევრ მკვიდრს, განსაკუთრებით, სოციალურად დაბალი ფენებიდან, ესმით, რომ სამხედრო მოქმედებებს ახალი შაჰიდების [ისლამურ ტრადიციაში – წამებულები და გმირები] დაკრძალვა მოსდევს. მიუხედავად ათწლეულების განმავლობაში განგრძნობითი კონფლიქტისა, ახალგაზრდების დაღუპვასთან შეგუება აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის შეუძლებელია. 

დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ხელისუფლებამ ოპერაციის დასრულებიდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გამოაცხადა. შესაბამისად, ხალხს ისღა დარჩენოდა, ევარაუდა, რამდენი ბიჭის ფასად დაუჯდა აზერბაიჯანს “ანტიტერორისტული” ოპერაცია. ბევრი მწუხარებითა და უმედო სასოწარკვეთით ამბობდა, რომ შაჰიდები ძირითადად ღარიბი, სოფელში მცხოვრები ოჯახებიდან იყვნენ. 

მოქალაქეების ციტატები ჩემი ჩანაწერებიდან: 

“არა, მსხვერპლზე ჯერ არ გვაქვს ცნობები. ჯერ არაა დრო ამაზე საუბრის. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ყველაზე ღარიბი ოჯახები მიიღებენ შვილების ცხედრებს. რა აკლდათ სომხებს? ხომ ვცხოვრობდით ერთად და მეგობრულად?” [50 წლის კაცი]

“ვინ ომობს ახლა იქ? ყველაზე ღარიბები, რომელთაც არავინ უმაგრებს ზურგს და არ ჰყავთ მდიდარი ახლობლები. ერთი ჩინოვნიკი ან დეპუტატი მაინც მაჩვენეთ, ვისი ახლობელიც მსახურობდა ან დაიღუპა. კი, აჩვენეს ერთი დეპუტატი, რომელიც შაჰიდი დეიდაშვილის შვილის დაკრძალვაზე წავიდა. მთელი შოუ დადგეს ამაზე.” [57 წლის კაცი] 

იმ დღეებში გამოკითხული ახალგაზრდობა და პოტენციური წვევამდელები როგორ აღიქვამდნენ ფრონტზე აღმოჩენის პერსპექტივას? 

ზოგიერთი ახალგაზრდა, ვისთანაც მომიწია საუბარი, დიდი ენთუზიაზმით საუბრობდა. თუმცა, ჩემი აზრით, ეს ენთუზიამი იმ გამოუვალი მდგომარეობითაც იყო გამოწვეული, რომელშიც ისინი იმყოფებიან – უმუშევრობა, სოციალური უთანასწორობა. ერთი მხრივ, ომი ბევრს არაფერს შეცვლის მათ ცხოვრებაში, თუმცა, აქვთ განცდა, რომ ამ ფორმით მაინც შეიძლება ქვეყნის რაღაც მნიშვნელოვან მოვლენაში მიიღონ მონაწილეობა, გამოვიდნენ დროებითი რუტინიდან და არ გაატარონ მთელი ცხოვრება დაბალანაზღაურებად და უინტერესო სამსხურში, ან სულაც – უმუშევრად. თითქოს, როგორც იქნა, გამოუჩნდნათ საქმე, გამოავლინონ თავი.

ცხადია, უნდა გვესმოდეს, რომ ახალგაზრდები გაიზარდნენ და სოციალიზდნენ კონფლიქტურ კონტექსტში. მათ არ უნახავთ კონფლიქტს მიღმა ცხოვრება. მთელი ცხოვრება იდეოლოგიურ სივრცეში გაატარეს, სადაც მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა მტრის ხატს, სიძულვილის ენას, კონფლიქტურ ნარატივებს. მათ ამზადებდნენ ომისთვის და არა მშვიდობიანი ცხოვრებითვის. 

მოქალაქეების ციტატა ჩემი ჩანაწერებიდან: 

“არ ვადევნებ თვალს მოვლენებს. თუმცა, თუ საჭირო გახდება, წავალ ომში. რა მაქვს დასაკარგი. შემეძლო უკრაინაშიც წავსულიყავი ომში, რუსეთიდან დეპორტი რომ არ მქონოდა.” [29 წლის კაცი]

ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ილჰამ ალიევის რეიტინგი საგრძნობლად გაიზარდა მოქალაქეებს შორის. თუმცა ბევრი ირწმუნებოდა,რომ შემდეგმა ესკალაციებმა ადამიანებში იმედგაცრუება გამოიწვია.

ვერ ვიტყოდი ასე. 20 და 21 სექტემბერს საყოველთაო ყურადღების ქვეშ მოექცა პრეზიდენტის გამოსვლა, სადაც ყველა მოელოდა ოფიციალურ დადასტურებას სამხედრო მოქმედებების დასრულებაზე. მიუხედავად სოციალური უსამართლობისა, რომელიც სამხედრო მოქმედებებისას გამწვავდება ხოლმე, პრეზიდენტი დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

დიახ, მხოლოდ დღე-ღამეში ასობით ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა, უმოკლეს დროში ასი ათასი ყარაბაღელი სომეხი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. თუმცა 15 ოქტომბერს აზერბაიჯანული დროშის აწევით დაცარიელებელ ხანქენდში /სტეპანაკერტში აზერბაიჯანის პრეზიდენტს შესაძლებლობა ჰქონდა განეცხადებინა, რომ ხალხისთვის მიცემული სიტყვა შეასრულა. დღესდღეობით, პრეზიდენტის ინსტიტუტი კიდევ უფრო მყარი და ძლიერია. თუმცა ახლა, როდესაც ყველა მიზანი მიღწეულია, მას უკვე გაუჭირდება სოციალურ გამოწვევებებზე პასუხი. 

ჩვენ ვხედავთ, რომ სამხედრო მოქმედებების დროს ხალხის მობილიზაციის კუთხით,  მთლიანობაში, რეჟიმმა აჩვენა საკუთარი ეფექტურობა, თუმცა ბევრად უფრო რთული ამოცანების შესრულება,  როგორიცაა აზერბაიჯანის მოქალაქეების დიდი ნაწილის ცხოვრების დონის აწევა, მას არ გამოსდის. სისტემა რჩება სტატიკურად, კორუმპირებულად და ნაკლებეფექტურად. გამარჯვებით ექსპლუატაცია და სოციალური პრობლემების უგულებელყოფა დიდხანს არ გამოვა. დღეს პრეზიდენტი გამარჯვებულია,  მაგრამ ის მნიშვნელოვან რესურსს შეელია – სოციალური პრობლემების მიზეზების ასახსნელად კონფლიქტიების გამოყენების შესაძლებლობას.

მოქალაქეების ციტატა ჩემი ჩანაწერებიდან: 

“ბრწყინვალეა ჩვენი პრეზიდენტი. როგორი დელიკატური დიპლომატიური ნაბიჯები, ყველა მოქმედება გათვლილია წინასწარ. ყოჩაღ!” [60 წლის კაცი] 

როგორ აღიქვეს ამბავი დე ფაქტო ხელიუფლების კაპიტუალაციის შესახებ ბაქოში? 

ყარაბაღის მეორე ომის [2020] დასრულების დღისგან განსხვავებით, როდესც ბაქოს ქუჩებში სპონტანური მასობრივი დღესასწაული მოეწყო, ამჯერად მსგავსი განწყობები არ შეინიშნებოდა. პირიქით, ერთი ახალგაზრდა კაცი მიყვებოდა, რომ რესტორანში, სადაც მუშაობს, იმ დღეს მუსიკალური პროგრამაც კი გააუქმეს. მთლიანობაში, ქალაქში მწარე გამარჯვების მოლოდინი იყო, რომელსაც ზურგს უმაგრებდა ღარიბი ოჯახების შვილების სიცოცხლე. 

იმის მიუხედავდ, რომ აზერბაიჯანში მქუხარე მხარდაჭერა სამხედრო მოქმედებებს არ ჰქონია, არც პროტესტი გამოუხატავთ.

აზერბაიჯანში ადამიანები, ცხადია, დაიღალნენ კონფლიქტისგან, სამხედრო მოქმედებებისგან, თუმცა უკანასკნელი 35 წელი ძალიან ბევრმა დაიჯერა, რომ ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ სამხედრო გზით უნდა აღდგეს და სხვა ალტერნატივა კონფლიქტის გადაჭრას არ აქვს. თუმცა, არც ახლა, როდესაც ყველაფერი ასე დასრულდა, უნდობლობა და უსიყვარულობა მეზობლების მიმართ არ განელებულა. პირიქით,  კონფლიქტი გრძელდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი