ახალი ამბები

შავ ზღვაში ნავთობის საძიებო სამუშაოები უსაფრთხოების რისკების გამო ვერ იწყება — სააგენტო

27 ოქტომბერი, 2023 • 2944
შავ ზღვაში ნავთობის საძიებო სამუშაოები უსაფრთხოების რისკების გამო ვერ იწყება — სააგენტო

კომპანია OMV Petrom, რომელსაც შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში ნავთობისა და გაზის სამძებრო სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა, სავალდებულო სეისმურ სამუშაოებს უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე ვერ იწყებს.

ამის შესახებ BMG-სთან ინტერვიუში ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა განაცხადა.

„OMV Petrom-ს სავალდებულო სამუშაო პროგრამით უწევს სეისმური სამუშაოების ჩატარება, რომელსაც სჭირდება სპეციალური გემის მობილიზება. თუმცა ის გამოწვევები, რომელიც ახლა შავ ზღვაში არსებობს, მათ შორის ომთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, ამ გემის შემოყვანის საკითხს უფრო მეტად აჭიანურებს“, — განაცხადა ტატიშვილმა.

მისი თქმით, ქართულ მხარეს მუდმივი საუბარი აქვს OMV Petrom-თან.

„ჩვენი მხრიდან დადასტურებულია, რომ საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში ჩვეულებრივ ხდება გემების მიმოსვლა, არავითარი შეფერხება და პრობლემა უსაფრთხოების კუთხით არ ექნება. დარწმუნებული ვარ, გაითვალისწინებენ ჩვენს აზრს და უკვე დეტალურ თარიღებზე და დეტალურ გეგმებზე წლის ბოლოს საკოორდინაციო კომიტეტის სხდომაზე შევთანხმდებით“, — დასძინა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

OMV Petrom-მა შავ ზღვაში ნავთობის კვლევა-ძიების ლიცენზია 2021 წელს მოიპოვა.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად შავი ზღვის II და III სალიცენზიო ბლოკზე ღია საერთაშორისო ტენდერი 2020 წლის 22 ივნისს ჩაატარა, რომლის დროსაც II სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად გამოცხადდა უმსხვილესი ავსტრიული ნავთობკომპანიის OMV ჯგუფის წევრი კომპანია „OMV PETROM S.A.“.

სალიცენზიო ხელშეკრულება გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით, გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალ ინტერპრეტაციას – ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.

შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში ნავთობისა და გაზის სამძებრო სამუშაოები დაიწყება

მასალების გადაბეჭდვის წესი