ახალი ამბები

მეცოლა ემხრობა, უკრაინას და მოლდოვას ევროპარლამენტში დამკვირვებელი წევრები ჰყავდეს

25 ოქტომბერი, 2023 • 1371
მეცოლა ემხრობა, უკრაინას და მოლდოვას ევროპარლამენტში დამკვირვებელი წევრები ჰყავდეს

ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეთავაზებაა, უკრაინელი და მოლდოველი კანონმდებლები შეუერთდნენ ევროპარლამენტს დამკვირვებელი წევრის სტატუსით, სანამ ორი ქვეყანა ელოდება ოფიციალურ გაწევრიანებას ევროკავშირში.

მეცოლამ Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს საკითხი უნდა გაიაროს პარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან და განიხილოს იგივე შეთავაზება დასავლეთ ბალკანეთის ექვსი კანდიდატი ქვეყნისთვის, რომლებიც ასევე ელოდებიან ევროკავშირში გაწევრიანებას.

მეცოლამ ისაუბრა იმ უპირატესობებზე, რომელიც შეიძლება შეთავაზებულ იქნას გაწევრიანების ზღვარზე მყოფი ქვეყნებისთვის, დაწყებული ერთიანი ბაზრის შეღავათებიდან, დამთავრებული Erasmus-ის ახალგაზრდულ პროგრამაში ჩართვით.

„ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო შორს წავიდეთ, ამ პარლამენტში დამკვირვებელი წევრები გვყავდეს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება დეკემბერში”, — თქვა მეცოლამ.

2022 წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა. ამასთან, სამივე ქვეყანას განუსაზღვრა პირობები შესასრულებლად. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს ევროკომისია გაფართოების პაკეტის ფარგლებში 8 ნოემბერს შეაფასებს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კი მოსალოდნელია ევროკავშირის ლიდერების 14-15 დეკემბრის სამიტზე.

Politico წერს, რომ უკრაინისა და მოლდოვის დამკვირვებელი წევრებს ევროპარლამენტში არ ექნებათ ხმის მიცემის უფლება და იქნებიან უფრო წარდგენილი [დეპუტატები], ვიდრე არჩეული. მაგრამ მათ ექნებათ ადგილები ინსტიტუტში, რომლის შემადგენლობა ნებისმიერ შემთხვევაში გაიზრდება 705-დან 720 წევრამდე 2024 წლის ივნისის ევროპული არჩევნების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი