ახალი ამბები

„ევრიმაჟში“ კინოცენტრის წარმომადგენლად გიგა აგლაძე დაინიშნა

25 ოქტომბერი, 2023 • 1208
„ევრიმაჟში“ კინოცენტრის წარმომადგენლად გიგა აგლაძე დაინიშნა

კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო წარმომადგენლად „ევრიმაჟსა“ და ჩრდილოეთ ამერიკაში გიგა აგლაძე დაინიშნა.

კინოცენტრის ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე კონკურსი მიმდინარე წლის 18 აგვისტოს გამოცხადდა.

კინოცენტრი ავრცელებს გიგა აგლაძის ბიოგრაფიასაც და წერს, რომ მას აქვს აუდიოვიზუალურ სექტორში საქმიანობის 20-წლიანი გამოცდილება. როგორც სცენარის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი, სხვადასხვა კომპანიაში ქმნიდა მხატვრულ, დოკუმენტურ, ანიმაციურ და მრავალსერიიან მხატვრულ ფილმებს, სარეკლამო პროდუქციასა და სატელევიზიო გადაცემებს. აქვს საზღვარგარეთ კინოწარმოების გამოცდილება.

გიგა აგლაძე 2017 წელს გახდა ამერიკელი კინორეჟისორის, დევიდ ლინჩის, ადგილობრივი პარტნიორი და დააარსა ფონდი David Lynch Foundation Caucasus-ი (DLFC), რომელიც ხელს უწყობს საქართველოსა და ჰოლივუდის ერთობლივი კინემატოგრაფიული პროექტების განხორციელებას.

გიგა აგლაძე არის დამდგმელი რეჟისორი და პროდიუსერი ფილმებისა: „საზღვარზე“, „ჰენესი. შვიდი თაობა“, „ჰენრი“ (სცენარის ავტორი, რეჟისორი, პროდიუსერი), „მაისის 47-ე დღე“ (სცენარის ავტორი, რეჟისორი, პროდიუსერი). აგლაძემ 2019 წელს გადაიღო საავტორო ფილმი „სხვა მე“, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერია დევიდ ლინჩი.

გიგა აგლაძემდე ევრიმაჟში კინოცენტრის წარმომადგენელი იყო რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნინო კირთაძე, რომელმაც მიმდინარე წლის ივლისში, რეორგანიზაციის ფონზე, ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

კინოცენტრის ცნობით, ნინო კირთაძე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა საერთაშორისო პროექტების მენეჯერად. 11 ივლისს ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ტელეფონით დაუკავშირდა და აცნობა, რომ რეორგანიზაციის პროცესში იგეგმებოდა ხსენებული შტატგარეშე პოზიციის გაუქმება და მისი გადატანა საშტატო ერთეულად, რომელზეც გამოცხადდებოდა ღია კონკურსი და მასში მონაწილეობა კირთაძესაც შეეძლებოდა.

კინოცენტრი აცხადებდა, რომ ნინო კირთაძემ თანამდებობა არა დემარშის სახით, არამედ მოსალოდნელი გათავისუფლების გამო დატოვა და მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ღია კონკურსის წესი, „რადგან თავად „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენლის პოზიციაზე უკონკურსოდ, ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის გაგა ჩხეიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაინიშნა“.

გაგა ჩხეიძე ადასტურებს, რომ ერთპიროვნულად დანიშნა ნინო კირთაძე ევრიმაჟში და EFP-ში საქართველოს წარმომადგენლის პოსტზე, ვინაიდან „არც ევრიმაჟის წესდება და არც კინოცენტრის დებულება არ ითვალისწინებს ეროვნული წარმომადგენლის თანამდებობაზე ვაკანსიის გამოცხადებას. ასევე, იმიტომ, რომ უკეთესი კანდიდატურა არც არსებობდა“.

კინოცენტრის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილების ნამდვილი მიზეზი, ჩხეიძის აზრით, იყო ნინო კირთაძის ღიად გამოხატული მხარდაჭერა საპროტესტო აქციების მონაწილე კინემატოგრაფისტების მიმართ და არა — რეორგანიზაცია.

ნინო კირთაძე ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენელი აღარ იქნება

მასალების გადაბეჭდვის წესი