ახალი ამბები

კირთაძის ხელშეკრულებას ვადა 2024 წელს ეწურებოდა — გაგა ჩხეიძე

16 ივლისი, 2023 • 1350
კირთაძის ხელშეკრულებას ვადა 2024 წელს ეწურებოდა — გაგა ჩხეიძე

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე ეხმაურება კონოცენტრის განცხადებას ნინო კირთაძესთან დაკავშირებით.

ჩხაიძე ადასტურებს, რომ ერთპიროვნულად დანიშნა ნინო კირთაძე ევრიმაჟში და EFP-ში საქართველოს წარმომადგენლის პოსტზე, ვინაიდა „არც ევრიმაჟის წესდება და არც კინოცენტრის დებულება არ ითვალისწინებს ეროვნული წარმომადგენლის თანამდებობაზე ვაკანსიის გამოცხადებას და იმიტომ, რომ უკეთესი კანდიდატურა არც არსებობდა“.

„მე მას გავუფორმე ხუთწლიანი ხელშეკრულება, რომლის ვადა 2024 წელს იწურებოდა. ნინო კირთაძე შესანიშნავად ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას და არაერთი ქართული პროექტი დაფინანსდა „ევრიმაჟის“ მიერ ამ ოთხი წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ეროვნულ კინოცენტრს თავისუფლად შეეძლო ხელშეკრულების ბოლომდე მიყვანა და ვაკანსიის გამოცხადება მისი ვადის გასვლის შემდეგ. ეს იქნებოდა პატივისცემის გამოხატვა ნინო კირთაძის მიმართ და მის მიერ გაწეული სამუშაოს დაფასება“, – წერს გაგა ჩხეიძე.

კინოცენტრის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილების ნამდვილი მიზეზი, ჩხეიძის აზრით, არის ნინო კირთაძის ღიად გამოხატული მხარდაჭერა საპროტესტო აქციების მონაწილე კინემატოგრაფისტების მიმართ და არა — რეორგანიზაცია.

„ნინო კირთაძემ არა „რეორგანიზაციის ბოლო დღეს“, არამედ გაცილებით ადრე გააპროტესტა კინოცენტრში შექმნილი ვითარება. ჩვენ ვნახეთ, რომ კინოცენტრის რეორგანიზაცია ყველა იმ შემთხვევაში დასახელდა მიზეზად, როცა კინოცენტრიდან არასასურველი ადამიანების გაშვება გადაწყვიტეს. სამართლიანობაზე და ნეპოტიზმზე გვესაუბრება მინისტრი, რომელმაც ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ორჯერ დანიშნა სრულიად არაკომპეტენტური კადრი კინოცენტრის დირექტორად, ამავე დროს შექმნა ახალი შტატი და იქ დანიშნა ბაჩო ოდიშარია, და, ასევე, კინოცენტრში სამუშაოდ მიავლინა სამინისტროს თანამშრომელი გიორგი ცხვედიანი – ყველაფერი ეს ვაკანსიების გამოცხადების გარეშე. ამიტომ მინისტრის მხრიდან ნეპოტიზმზე საუბარი უბრალოდ ცინიზმია“, — აცხადებს ჩხეიძე.

გუშინ, 15 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ რეჟისორმა, სცენარისტმა და მსახიობმა ნინო კირთაძემ ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობა შეწყვიტა. როგორც თავად კირთაძის, ისე ეროვნული კინოცენტრის ცნობით, მან 11 ივლისს პირადი განცხადებით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს და ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. განცხადება 13 ივლისს დაკმაყოფილდა.

კინოცენტრის ცნობით, ნინო კირთაძე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა საერთაშორისო პროექტების მენეჯერად. 11 ივლისს, მას ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ტელეფონით დაუკავშირდა და აცნობა, რომ რეორგანიზაციის პროცესში, იგეგმებოდა ხსენებული შტატგარეშე პოზიციის გაუქმება და მისი გადატანა საშტატო ერთეულად, რომელზეც გამოცხადდებოდა ღია კონკურსი და მასში მონაწილეობა კირთაძესაც შეეძლებოდა.

კინოცენტრი ვარაუდობს, რომ ნინო კირთაძემ თანამდებობა არა დემარშის სახით, არამედ მოსალოდნელი გათავისუფლების გამო დატოვა და მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ღია კონკურსის წესი, „რადგან თავად „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენლის პოზიციაზე უკონკურსოდ, ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის გაგა ჩხეიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაინიშნა“.


უკვე რამდენიმე კვირაა, კინემატოგრაფისტები ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ. მიიჩნევენ, რომ კულტურის სამინისტრო და მინისტრი თეა წულუკიანი კინოში ცენზურის დამკვიდრებას ცდილობენ.

მათ არაერთი აქცია გამართეს, რომლის მთავარი მოთხოვნებია:

  • შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი;
  • შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი – კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე და პროტესტის ჯგუფი ჩართული იყოს ყველა იმ ეტაპზე, რომელიც ამ ინიციატივამ უნდა გაიაროს;
  • საკამათო რეორგანიზაციის ფარგლებში, გაუქმდა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები, რის შედეგადაც ორივე მათგანი გაათავისუფლეს სამსახურიდან.

ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.

რეორგანიზაცია დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, კობა ხუბუნაიას პირობებში მიმდინარეობს. მანამდე ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა, უფრო ადრე კი იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის სააგენტოში საქმიანობდა.

სანამ მოვალეობის შემსრულებლებს მიავლენდნენ, თეა წულუკიანმა კინოცენტრის აწ უკვე ყოფილი დირექტორი გაგა ჩხეიძე გაათავისუფლა თანამდებობიდან. ეს გასული წლის მარტში მოხდა.

ხუბუნაიასთან ერთად კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარიაც, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია. ოდიშარიამ 13 ივნისს ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა, რომ რეორგანიზაციის საკითხებში ისიც ჩაერთვებოდა.

12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ კინოცენტრიდან კიდევ ორი თანამშრომელი — დავით დავითიანი და ლევან აბდუშელიშვილი გაუშვეს.

ნინო კირთაძე ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენელი აღარ იქნება

კინოცენტრის ცნობით, კირთაძე მის პოზიციაზე ღია კონკურის გამოცხადების გამო გადადგა

მასალების გადაბეჭდვის წესი