ახალი ამბებისაზოგადოება

ბერლინალეზე ალტერნატიულ დახლზე ქართულ სახელმწიფოს გააბიაბურებენ – წულუკიანი

5 თებერვალი, 2024 • 2558
ბერლინალეზე ალტერნატიულ დახლზე ქართულ სახელმწიფოს გააბიაბურებენ – წულუკიანი

კულტურის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი ეხმაურება ბერლინალეზე კინოცენტრის ეგიდით მიმავალი მრავალრიცხოვანი დელეგაციის თემას და ამბობს, რომ სანერვიულო არაფერია, რადგან მამუკა ხაზარაძისა და დავით კეზერაშვილის ფულით იქ ალტერნატიული დელეგაციაც მიდის, რომელსაც საკუთარი ალტერნატიული “დახლი” ექნება და ქართული სახელმწიფოს “გაბიაბურებას” გეგმავს.

წულუკიანი კულტურის სფეროს წარმომადგენლებსაც აფასებს, ვინც კულტურის პოლიტიკას აპროტესტებს და მათ არა ღირებულებითი ჭიდილის მონაწილეებს, არამედ ფულით დაინტერესებულ მცირერიცხოვან ჯგუფს უწოდებს.

“წლების მანძილზე მიჩვეულნი იყვნენ, რომ ერთი და იგივე ადამიანები მიდიოდნენ ბერლინში, კანში, გამოსცემდნენ წიგნებს, უფინანსდებოდათ ფილმები, უფინანსდებოდათ სადადგმო ხარჯი, მონაწილეობას იღებდნენ ერთსა და იმავე ღონისძიებებში. როგორც კი კულტურის მინისტრმა თქვა, რომ დაფინანსება ღიაა ყველასთვის, იქ ატყდა პრობლემები. ესაა ფულის თემა და არა რაიმე ტიპის ღირებულებითი ჭიდილი. სწორედ ამაშია უბედურება”, – განაცხადა წულუკიანმა პარლამენტში ანა ნაცვლიშვილის შეკითხვის პასუხად, რამდენად ნორმალურად მიაჩნია კულტურის სფეროს ათობით წარმომადგენლის პროტესტი მისი მისამართით.

მინისტრობის კანდიდატის შეფასებით, პროტესტის მონაწილეთა ჯგუფი შედგება იმ ადამიანებისგან, ვისაც “ბობოლები” შეიძლება ეწოდოთ, რომელთაც წინა პლანზე გამოჰყავთ ადამიანები, ვინც შეიძლება არც კი იცის, რატომ არის პროტესტის მონაწილე.

ჩემი პოლიტიკური გუნდის და თანამებრძოლების რიგებში ბევრს დააინტერესებს: ერთ დღეს აცხადებენ, რომ ბოიკოტში არიან, მეორე დღეს გწერენ პირად წერილებს, რომ “რა მექნა, უნდა მომეწერა ხელი, სხვაგვარად არ გამოდიოდა..” ან წერენ ოფიციალურ წერილს, რომ “ბოიკოტში ვართ, მაგრამ დაგვიფინანსე ეს, გაგვიკეთე ის”. მაშ, რაღა საჭიროა ბოიკოტი? ვინმე გთხოვდა, რომ ბოიკოტში შედი და იქიდან ვეღარ გამოხვიდე?” – ამბობს წულუკიანი.

წულუკიანის თქმით, პროტესტის მოტივი ისაა, რომ ის კულტურის დეპოლიტიზაციას ცდილობს. პროტესტის მონაწილეებს კი ეს არ აწყობთ, რადგან პოლიტიზებულ კულტურას არიან მიჩვეული.

წულუკიანმა არ უპასუხა კითხვას, რა უჯდება სახელმწიფოს კინოცენტრიდან დიდი დელეგაციის გამგზავრება ბერლინალეზე, ჩამოთვალა გვარები, რომლებიც კინოს წარმომადგენლები არიან და დაამატა, რომ მათ გარდა ორი ჟურნალისტი და ორი ოპერატორი იქნება წარმოდგენილი ბერლინალეზე, რადგანაც “ვერავინ აუკრძალავს, რომ იქიდან ამბები იყოს სათანადოდ გამოგზავნილი და გაშუქებული”.

მინისტრობის კანდიდატთან პოლემიკის შემდეგ დარბაზი დაატოვებინეს დეპუტატ არმაზ ახვლედიანს.

“ნერვიულობთ ყველა საარჩევნო წელს და რჩებით მერე ისევ განერვიულებული. დაელოდეთ მშვიდად. ტყუილად ნერვიულობთ, მამუკა ხაზარაძის და კეზერაშვილის დაფინანსებით 40 ადამიანი მიდის ბერლინალეზე, როგორც ალტერნატიული ქართული კინო. ალტერნატიული დახლი აქვთ გახსნილი, ეს არ ჯდება ცოტა ფული, მათ გეგმაშია, რომ ქართული სახელმწიფო გააბიაბურონ”, – მიმართა წულუკიანმა ახვლედიანს, რასაც მოჰყვა დეპუტატის რეპლიკა, რომ “ფრთხილად იყვნენ არჩევნებზე მოსახვევებში”.

“არჩევნებში ვინ ვის აჯობებს, დავეჭიდებით და ვნახავთ. ახლა წადი მოსახვევში და ბანანზე არ მოცურდე, დაიკარგე აქედან”, – მიაყოლა მინისტრობის კანდიდატმა დარბაზიდან გაძევებულ არმაზ ახვლედიანს.

მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი პარლამენტში 4 კომიტეტის (განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა; კულტურის; სპორტის; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა) ერთობლივი სხდომაზე გამოვიდა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ერთობლივ სხდომაზე დღეს, 5 თებერვალს ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

პარლამენტის გარეთ მიმდინარეობდა კულტურის სფეროს წარმომადგენლების აქცია “თეა წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!”

მასალების გადაბეჭდვის წესი