მოძრაობის “ქართული კინო საფრთხეშია” ცნობით, მათ წევრ რეჟისორ გიორგი თავართქილაძეს საკუთარ სახლთან უკვე მესამედ ჩაუსაფრდნენ ე.წ. “ტიტუშკები”, რომლებმაც ტერიტორია პოლიციის გამოძახების შემდეგ დატოვეს.
გიორგი თავართქილაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ მომხდარ ფაქტს კინოცენტრთან დღეს გამართულ აქციაზე საკუთარ აქტიურობას უკავშირებს. ამბობს, რომ ადგილზე ორი ადამიანი დაინახა. ეჭვობს, რომ მეტნი იყვნენ და აქტივისტს ელოდებოდნენ:
“დღეს კინოცენტრთან აქცია გვქონდა და ერთ-ერთი წამყვანი ვიყავი. ბევრი ვილაპარაკე. როცა რაღაც ასეთი ხდება – გადაცემაში ვარ სტუმრად, ან მსგავსი, მაშინ მოდიან. დღეს ეგრევე სადარბაზოსთან დამხვდნენ, ქუჩაზე. ახლა კამერების ჩანაწერს ვიღებთ. დავინახე, რომ მანქანა გაჩერდა. ბავშვთან ერთად ვიყავი. ორნი იყვნენ და როგორც მე ვდგამდი ნაბიჯებს, ისე დგამდნენ ისინიც. მომყვებოდნენ. ეს ვიგრძენი და დავვეჭვდი. ერთი ეუბნებოდა, არ გვინდა, არ გვინდაო, მეორე ეუბნებოდა, წამოო. გვერდი ამიარეს. მერე ცოლთან და ბავშვთან ერთად მაღაზიაში შევედი და იქიდან ვაკვირდებოდი. დაახლოებით ნახევარი საათი გავატარე იქ. მაღაზიის თანამშრომელი გოგონა გავიდა და მათი ლაპარაკიც მოისმინა, რატომ არის შიგნით ამდენი ხანიო, ერთმანეთს ეკითხებოდნენ.
შემდეგ დავრეკეთ პოლიციაში და მალევე მოვიდნენ. ასევე, მთელი კინომოძრაობის ხალხი მოვიდა. ამათი მანქანა საერთოდ სხვა ადამიანმა გაიყვანა ეზოდან, ამ ორიდან არცერთმა. ეჭვი მაქვს, რომ ორზე მეტი იყვნენ და მელოდებოდნენ”, – აღნიშნავს გიორგი თავართქილაძე.
დღეს, 12 ივნისს, კინოცენტრთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2023 წლის 12 ივნისს ქართველი კინემატოგრაფისტების დიდმა ნაწილმა კინოცენტრში მიმდინარე მოვლენების გაპროტესტება დაიწყო. ახლა ისინი აცხადებენ, რომ დღეს არა მხოლოდ ქართული კინო, არამედ ქვეყანაც საფრთხეშია. სწორედ ამას ეხებოდა დღევანდელი აქცია, სახელწოდებით “საქართველო საფრთხეშია!”
რუსული კანონის მოწინააღმდეგე არაერთ აქტივისტს, პოლიტიკოსსა თუ სტუდენტს ჩაუსაფრდნენ, რასაც წინ უძღოდა სატელეფონო ზარები და მუქარის შემცველი გზავნილები, ოფისებთან კი- შეურაცხმყოფელი წარწერები და პლაკატები. არაერთ აქტივისტს სცემეს, რის შედეგადაც რამდენიმეს ჰოსპიტალიზაცია, ხოლო ზოგს ოპერაციაც კი დასჭირდა. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუსჯია.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა დიტო სამხარაძემ აღიარა, რომ მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ოფისებზე შეურაცხმყოფელი წარწერების უკან მმართველი გუნდი დგას.
დეპუტატი სამხარაძე აღიარებს, რომ შეურაცხმყოფელი წარწერების ორგანიზატორია