ახალი ამბები

კინოცენტრის ცნობით, კირთაძე მის პოზიციაზე ღია კონკურის გამოცხადების გამო გადადგა

16 ივლისი, 2023 • 1082
კინოცენტრის ცნობით, კირთაძე მის პოზიციაზე ღია კონკურის გამოცხადების გამო გადადგა

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ყოფილი თანამშრომლის ნინო კირთაძის შესახებ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მან თანამდებობა არა დემარშის სახით, არამედ მოსალოდნელი გათავისუფლების გამო დატოვა.

გუშინ, 15 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ რეჟისორმა, სცენარისტმა და მსახიობმა ნინო კირთაძემ ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობა შეწყვიტა. როგორც თავად კირთაძის, ისე ეროვნული კინოცენტრის ცნობით, მან 11 ივლისს პირადი განცხადებით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს და ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. განცხადება 13 ივლისს დაკმაყოფილდა.

„ნინო კირთაძე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა საერთაშორისო პროექტების მენეჯერად. 11 ივლისს, მას ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ტელეფონით დაუკავშირდა და აცნობა, რომ რეორგანიზაციის პროცესში, იგეგმებოდა ხსენებული შტატგარეშე პოზიციის გაუქმება და მისი გადატანა საშტატო ერთეულად, რადგანაც ამ მიმართულების შემდგომი გაძლიერება იგეგმებოდა. ახალშექმნილ საშტატო პოზიციაზე კი გამოცხადდებოდა ღია კონკურსი, რომელშიც მასაც შეეძლებოდა მონაწილეობა. სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოსდა ნინო კირთაძემ ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობის შეწყვეტა დემარშის სახით, მისი ზოგიერთი კოლეგისადმი სოლიდარობის ნიშნად გადაწყვიტა. ამის საპირისპიროდ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქალბატონმა ნინომ ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის გაპროტესტება რეორგანიზაციის ერთთვიანი პერიოდის დასრულების ბოლო დღეს, მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეიტყო, რომ იგეგმებოდა მისი სამუშაო პოზიციის შტატად გადაკეთება და ეს მის თუნდაც დროებით გათავისუფლებას გამოიწვევდა“, — ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

კინო ცენტრის ვარაუდით, ნინო კირთაძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ღია კონკურსის წესიც, რადგან თავად „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენლის პოზიციაზე უკონკურსოდ, ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის გაგა ჩხეიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაინიშნა.

ეროვნული კინოცენტრი ყველას მოუწოდებს, „თავი შეიკავონ ფაქტების დამახინჯებისა და სპეკულაციებისგან და მოერიდონ სიმართლის დამალვას“.

ნინო კირთაძე იყო საქართველოს წარმომადგენელი ფონდ „ევრიმაჟსა“ და „ევროპული კინო პრომოუშენში“.

ევრიმაჟი არის ევროპული ფონდი, რომელიც აფინანსებს ერთობლივ კინოწარმოებებს. საქართველო ევრიმაჟის წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა და მას შემდეგ მილიონობით ევროს ღირებულების არაერთი ქართულ-უცხოური კოპროდუქცია დაფინანსდა.

ნინო კირთაძე 1997 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს პარიზში და ამ პერიოდის განმავლობაში კინოს სფეროში არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული.


უკვე რამდენიმე კვირაა, კინემატოგრაფისტები ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ. მიიჩნევენ, რომ კულტურის სამინისტრო და მინისტრი თეა წულუკიანი კინოში ცენზურის დამკვიდრებას ცდილობენ.

მათ არაერთი აქცია გამართეს, რომლის მთავარი მოთხოვნებია:

  • შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი;
  • შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი – კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე და პროტესტის ჯგუფი ჩართული იყოს ყველა იმ ეტაპზე, რომელიც ამ ინიციატივამ უნდა გაიაროს;
  • საკამათო რეორგანიზაციის ფარგლებში, გაუქმდა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები, რის შედეგადაც ორივე მათგანი გაათავისუფლეს სამსახურიდან.

ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.

რეორგანიზაცია დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, კობა ხუბუნაიას პირობებში მიმდინარეობს. მანამდე ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა, უფრო ადრე კი იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის სააგენტოში საქმიანობდა.

სანამ მოვალეობის შემსრულებლებს მიავლენდნენ, თეა წულუკიანმა კინოცენტრის აწ უკვე ყოფილი დირექტორი გაგა ჩხეიძე გაათავისუფლა თანამდებობიდან. ეს გასული წლის მარტში მოხდა.

ხუბუნაიასთან ერთად კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარიაც, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია. ოდიშარიამ 13 ივნისს ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა, რომ რეორგანიზაციის საკითხებში ისიც ჩაერთვებოდა.

12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ კინოცენტრიდან კიდევ ორი თანამშრომელი — დავით დავითიანი და ლევან აბდუშელიშვილი გაუშვეს.

ნინო კირთაძე ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენელი აღარ იქნება

მასალების გადაბეჭდვის წესი