დღეს, 24 ოქტომბერს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეხვედრის მთავარი თემა ევროინტეგრაცია იყო. მათივე განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პრეზიდენტს საკუთარი ხედვა აქვს, რომელსაც მომავალ დღეებში თავად გააცნობს საზოგადოებას.
„ფაქტია, რომ პრეზიდენტზე არავითარ გავლენას არ ახდენს „ქართული ოცნების“ მუქარები და ბრალდებები. ის აპირებს, გააგრძელოს საკუთარი პოლიტიკური ნაბიჯებით და გადაწყვეტილებებით ქვეყნის ევროპული სტატუსის დაცვა. საუბარი იყო იმაზე, როგორ ხედავს ჩვენს მანდატს. ჩვენს რეკომენდაციებს მოუსმინა“, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ.
„ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა ოპოზიციასთან კოორდინირებული მოქმედებაც განიხილა კანდიდატის სტატუსით მისაღებად.
პრეზიდენტს აქვს ძალიან დიდი სურვილი, კოორდინირებულად მოხდეს მოქმედება იმისთვის, რომ შეუსრულებელი პირობების მიუხედავად, ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მას საკუთარი ხედვაც აქვს, რა უნდა გაკეთდეს ამ თვალსაზრისით და ამას თავად გააცნობს საზოგადოებას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ოპოზიოციონერების განცხადებით, პრეზიდენტთან საუბარი ასევე შეეხებოდა სადავო კანონებსაც, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაჩქარებულად შესულ ცვლილებებსაც.
„ჩემი ინტერესი ასევე იყო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან მიღებულ ცვლილებებზე საუბარი. მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს უფლება უნდა გამოიყენოს“, – განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.