ახალი ამბები

საქმე თაროზეა შემოდებული, რომ საჭირო დროს ჩამოიღონ – იმნაძე პრეზიდენტის მიმართ გამოძიებაზე

24 ოქტომბერი, 2023 • 1066
საქმე თაროზეა შემოდებული, რომ საჭირო დროს ჩამოიღონ – იმნაძე პრეზიდენტის მიმართ გამოძიებაზე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორის გურო იმნაძის განცხადებით, პროკურატურაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საქმე თაროზეა შემოდებული იმისთვის, რომ საჭირო დროს ამ თაროდან ჩამოიღონ.

ასე ეხმუარება გურო იმნაძე გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებას, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმართა შეწყალებაზე 2019 წელს დაწყებული გამოძიება გრძელდება. შოთაძემ ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს, 24 ოქტომბერს, განუცხადა.

„დღეს გენერალურმა პროკურორმა მედიას დაუდასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ 2019 წელს შეწყალების ფაქტზე დაწყებული გამოძიება ისევ მიმდინარეობს. ანუ, 4 წელზე მეტია გამოძიება მიმდინარეობს საქმეზე, რომელსაც არც ურთულესი სამართლებრივი სარჩული აქვს და არც რაიმე განსაკუთრებული მტკიცებულებითი/საექსპერტო გამოწვევები, თუმცა გამოძიება მაინც „მიდის“. რეალურად კი ეს საქმე თაროზეა შემოდებული იმისთვის, რომ საჭირო დროს ამ თაროდან ჩამოიღონ.

სამაგიეროდ, დღეს პროკურორთა კონფერენცია გაიმართა, სადაც საზეიმო ვითარებაში უნდა აირჩიონ საპროკურორო საბჭოს 5 ახალი წევრი. რაც მთავარია, ეს არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება და ამ უმნიშვნელოვანესი რეფორმით კიდევ ერთხელ დავიჯერებთ, რომ სწორი გეზით მივდივართ“, – წერს გურო იმნაძე სოციალურ ქსელში.


2019 წელს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების, რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქართველოს პრეზიდნეტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული მსჯავრდებულები 2019 წლის მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან, მათ შორის, მმართველი გუნდიდან, უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ამის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ შეწყალებაზე დროებთ მორატორიუმს აცხადებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი