ახალი ამბები

კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ თანამდებობა დატოვა

23 ოქტომბერი, 2023 • 1402
კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ თანამდებობა დატოვა

კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ, რომელსაც უფლებამოსილება ამოეწურა, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

როგორც ნანა შარიქაძე წერს, კონსერვატორიაში რჩება როგორც ლექტორი და იმედოვნებს, რომ პროფესიულ საქმიანობას შეუფერხებლად გააგრძელებს.

„ჩემს აზრზე კვლავაც ვრჩები, რომ აკადემიური თავისუფლება და ავტონომიურობა კვლავ გამოწვევად რჩება კონსერვატორიისთვის, როგორც არ უნდა შეიფუთოს ის. რეფორმა კი ნამდვილად გასატარებელია, ოღონდ სისტემაში, და ურიგო არ იქნებოდა მისი კულტურის სამინისტროდან დაწყება.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ამ 4 წლის მანძლზე გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის. მადლობა მათ, ვინც ამ ომში არ მიმატოვა, ჩემ გვერდით იდგა და მამხნევებდა; ჩემს გუნდს (სახელებს არ ჩამოვწერ), იმ ადამიანებსაც, რომლებიც ამას ღიად არ/ვერ აკეთებდნენ (იმის შიშით, რომ სამიზნე არ გამხდარიყვნენ), და მადლობა მათაც, ვინც ეს ომი საკუთარი ვიწროადამიანური სურვილების მიღწევის შესაძლებლობად აღიქვა… ამ კრიზისმა გამოავლინა საუკეთესო ღირსეულებში და ფსკერი წახდენილებში“, – წერს ნანა შარიქაძე.

ვრცელ პოსტში, სადაც ნანა შარიქაძე თავის რექტორობის პერიოდს მიმოიხილავს, მიმდინარე წლის აპრილში კულტურის სამინისტროში დახურულ ფორმატში გამართულ შეხვედრას იხსენებს და ამბობს, რომ მსგავსი რამ მხოლოდ არქივში აქვს წაკითხული.

„არ მახსენდება, ბოლოს როდის ვმუშაობდით მშვიდ, კეთილგანწყობილ გარემოში. მაგრამ მახსენდება კულტურის სამინისტროში დახურულ კარს მიღმა შეხვედრა, რომლის მსგავსიც მხოლოდ არქივში მაქვს წაკითხული. მხედველობაში მაქვს 2023 წლის 11აპრილი და მისი შემდგომი პერიოდი- ურთულესი პერსონალურად ჩემთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩემთან ერთად ესწრებოდნენ იმ შეხვედრას და ალბათ იმათთვისაც, ვინც ამ ომში ბრმა იარაღად გამოიყენეს, ან თავიანთი სურვილით გამოაყენებინეს თავი. მჯერა, რომ მოვა დრო, როცა 11 აპრილის შეხვედრაზე მყოფნი იტყვიან, რომ იქ არ ყოფილან… და მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ფასი იმ დღეს თქვენ გადაიხადეთ“, – აცხადებს ნანა შარიქაძე.

კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები 10 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა კულტურის სამინისტრომ 25 სექტმებრის ბრძანებით არჩევნები შეაჩერა. სამინისტრო ამტკიცებს, რომ საარჩევნო პროცედურა სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა. თუმცა კონსერვატორიის აკადემიური საბჭო  აცხადებდა, რომ არჩევნები კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით მიმდინარეობდა და კულტურის მინისტრს ბრძანების გაუქმებისკენ მოუწოდებდა.

კონსერვატორიის რექტორის არჩევნების შეჩერებას წინ უძღოდა 20 სექტემბერს პარლამენტში კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადება. პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას თეა წულუკიანმა კონსერვატორიაში ჩასატარებელი რეფორმის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, კონსერვატორია ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვანი სახელოვნებო განათლების მიწოდებას სტუდენტებისთვის, ასეთ შემთხვევაში კი, მინისტრმა კეთილი უნდა ინებოს და შეცვალოს ხელმძღვანელი.

წულუკიანის ამ განცხაბამდე რამდენიმე თვით ადრე კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ რამდენიმე მხარი დაუჭირა კულტურის მუშაკების პროტესტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი