ახალი ამბები

„TI-საქართველო“ პრეზიდენტს მოუწოდებს, ვეტო დაადოს მაუწყებლობის კანონს

20 ოქტომბერი, 2023 • 1865
„TI-საქართველო“ პრეზიდენტს მოუწოდებს, ვეტო დაადოს მაუწყებლობის კანონს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ შეფასებით, მაუწყებლობის შესახებ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ 19 ოქტომბერს მიღებული სადავო ცვლილებები აუარესებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არსებულ ისედაც გაუარესებულ სტანდარტს და მაუწყებლებზე ზემოქმედების დამატებით რისკებს ქმნის.

„TI-საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ სიძულვილის ენის სამართლებრივი რეგულირება რისკის შემცველია კრიტიკული აზრის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულების, ძლიერი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების არარსებობისა და სასამართლო სისტემისადმი დაბალი ნდობის ფონზე.

„კანონი ვერ უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რისთვისაც განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში დაშვებულია სიძულვილის ენის და უხამსობის სამართლებრივი რეგულირება და ის შესაძლოა, სადამსჯელო ბერკეტად იქცეს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გამოყენებული“, — ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ განცხადებაში.

ამასთან, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მსგავსი მნიშვნელობის ცვლილებებს არ უნდა იღებდნენ დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებისა და ფართო ჩართულობის გარეშე, რასაც მოითხოვს ევროდირექტივაც აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შესახებ.

„TI-საქართველო“ პრეზიდენტს მოუწოდებს, ვეტო დაადოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც კრიტიკული მედიის ცენზურისა და დასჯის საფრთხეს შეიცავს.

პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ” კანონში უმრავლესობის დეპუტატების მიერ წარდგენილი ცვლილებები, რომელიც სხვა სიახლეებთან ერთად, ითვალისწინებს სიძულვილის ენისა და უხამსობის თვითრეგულირების სფეროდან რეგულირების სფეროში გადატანას. სიძულვილის ენისა და უხამსობის საკითხების განხილვის კომპეტენცია და შესაბამისი სანქციების (გაფრთხილება, დაჯარიმება, ლიცენზიის/ავტორიზაციის მოქმედების შეჩერება) დაწესების უფლებამოსილება კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ენიჭება.

უხამსობის თვითრეგულირების სფეროდან რეგულირების სფეროში გადატანის შემდეგ, კომისიას ექნება უფლებამოსილება, საკუთარი ინიციატივით და/ან დაინტერესებული პირის საჩივრის საფუძველზე განიხილოს საკითხი და მაუწყებელს დაუწესოს სანქციები.

სიძულვილის ენის საკითხის განხილვა კომისიას მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია, რაც დაინტერესებული პირი თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებას კომისიაში გაასაჩივრებს.

პარლამენტმა მაუწყებლობის კანონში სადავო ცვლილებები დაამტკიცა

მასალების გადაბეჭდვის წესი