ახალი ამბები

„არ ნიშნავს კურსის მოდიფიკაციას“ — დარჩიაშვილი ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე

20 ოქტომბერი, 2023 • 1595
„არ ნიშნავს კურსის მოდიფიკაციას“ — დარჩიაშვილი ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმინეს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთან დაკავშირებთ.

დარჩიაშვილი პარლამენტში 9 დეპუტატმა (თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, ტარიელ ნაკაიძე, თამარ კორძაია, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე) მიიწვია. მათ მიუთითეს კონსტიტუციის 36-ე მუხლზე, რომლის თანახმად, „საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს“ და დაინტერესდნენ, რატომ არ შეთანხმდა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა პარლამენტთან.

ილია დარჩიაშვილმა საპასუხოდ მიუთითა კონსტიტუციის 54-ე მუხლზე: „საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას“.

„ჩინეთთან ერთობლივი განცხადება მიღებულია კონსტიტუციის თანახმად მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მისი პარლამენტთან წინასწარი შეთანხმების იურიდიული ვალდებულება არ გამომდინარეობს არც კონსტიტუციიდან და არც რომელიმე სხვა ნორმატიული აქტიდან“, — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებები, როგორიცაა პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთაშორისო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება, სრულ თანხვედრაშია როგორც საგარეო პოლიტიკის შესახებ პარლამენტის 2020 წლის რეზოლუციასთან, ისე მთავრობის მიერ დამტკიცებულ „საქართველოს განვითარების სტრატეგიასთან. აღნიშნულ დოკუმენტებში, მართალია, ნახსენებია ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, თუმცა არა სტრატეგიულ პარტნიორობის გეგმები.

არათანაზომიერი ჩანაწერი ტერიტორიულ მთლიანობაზე

„მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს“, — წერია საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივ განცხადებაში.

ინტერპელაციის ერთ-ერთი კითხვაა, რატომ არის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ჩანაწერი ზოგადი საქართველოსთან დაკავშირებით და რატომ არ წერია, რომ ჩინეთიც, ისევე როგორც საქართველო, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში (მსგავსად კვიპროსთან 2021 წელს გაფორმებულ დოკუმენტისა).

საგარეო საქმეთა მინისტრს დეპუტატებისადმი არც წერილობით პასუხში და არც პარლამენტის სხდომაზე ამ დისბალანსის დასაბუთებული ახსნა არ ჰქონია. თუმცა თქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობაზე შენიშვნებს ვერ მიიღებს.

„დეკლარაციაში ცალსახად წერია, რომ ორივე ქვეყანა პატივს სცემს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და
ტერიტორიულ მთლიანობას. ერთი ჩინეთის პრინციპის მიმართულება კი სულ იყო ჩვენს სასაუბროში და იგივე ლოგიკა დევს აქაც“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მინისტრს შეახსენეს, რომ ჩინეთი ტერიტორიული მთლიანობის ზოგად მხარდაჭერას  უკრაინასთან დაკავშირებითაც აფიქსირებს, მაგრამ რუსეთს ეხმარება.

დეპუტატებმა საგარეო საქმეთა სამინისტროდან ასევე გამოითხოვეს საოქმო ჩანაწერები, განხილული სამუშაო ვერსიები (draft-ები), ქართული მხარის შეთავაზებები, რომლებიც მსგავსი ტიპის შეთანხმებაზე მუშაობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ვერ მიიღეს.

„რომელი დრაფტი მიგიღიათ ან ადრე, ან ახლა რას ითხოვთ? რა თქმა უნდა, საგარეოში ვიმუშავეთ ამ დოკუმენტზე“, — ამბობს დარჩიაშვილი თეონა აქუბარდიას ეჭვის საპასუხოდ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სავარაუდოდ, არც უნახავთ წინასწარ განცხადების ტექსტი.

დეპუტატები დაინტერესდნენ, რამდენად მისაღებია თბილისისთვის რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობა და მათი კომუნიკე უსაფრთხოების ახალი სისტემის აშენების შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ მისი მხრიდან მოსკოვისა და პეკინის ურთიერთობების შეფასება არარელევანტურია.

„მათი ურთიერთობების ხასიათისა და განვითარების მიმართულებების განმსაზღვრელი ჩვენ ვერ ვიქნებით. ერთი რამ ცხადია — ჩინეთის ხელისუფლებას არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მათ კარგად მოეხსენებათ, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%“, — განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კითხვები საგარეო კურსზე

ილია დარჩიაშვლის განმარტებით, ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შედეგად მიღებული ერთობლივი განცხადება არის დეკლარაციული ხასიათის და გამოხატავს მხარეთა სურვილს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესახებ.

„მიგვაჩნია, რომ მხარეთა მიერ დეკლარირებული მიზნები არ გულისხმობს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მოდიფიკაციას და სრულ შესაბამისობაშია საქართველოს განვითარების სტრატეგიასთან“, — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დეპუტატები დაინტერესდნენ, რას ნიშნავს მხარეების მზაობა მმართველობის სფეროში არსებული გამოცდილების გაცვლასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც საქართველოს გაცხადებული ინტერესია დემოკრატია, ჩინეთის კი — არა. ასევე კითხვები დაისვა, თუ იგულისხმება მულტილატერალიზმის მხარდაჭერასა და „ახალი სახის საერთაშორისო ურთიერთობების დანერგვაში” მაშინ, როდესაც საქართველოს გაცხადებული ვექტორი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაა.

საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საქართველო ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებას განიხილავს დამატებით შესაძლებლობად, კიდევ უფრო გაღრმავდეს ორმხრივი თანამშრომლობა და მაქსიმალურად სრულყოფილად გამოიყენოს ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა.

„პარალელურად, საქართველო მყარად დგას იმ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების იმპლემენტაციის მიმართულებით, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა. აღმოსავლეთის და დასავლეთის დაკავშირება არის ერთ-ერთი ფუნქცია, რომელიც შეიძლება ამ ქვეყანამ შეასრულოს და რატომ ხედავთ თქვენ პრობლემებს ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების დაახლოებაში, ჩემთვის გაუგებარია“, — დასძინა ილია დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ დეპუტატები ვერ შეძლებენ ქულების ჩაწერას ჩინეთ-ევროკავშირის შეპირისპირებით და მოუწოდა მათ, მოუსმინონ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს  ჩინეთთან ევროკავშირის ურთიერთობების გეგმებთან დაკავშირებით.

„თქვენი ლექციის წაკითხვა არ გვჭირდება ქვეყნის გეოპოლიტიკურ ადგილზე“, — მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა, რომლის თქმითაც, საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ჩინეთზე ვერ გაივლის. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო უერთდება ჩინეთის პოზიციებს მაშინ, როდესაც აბსოლუტურად დაშორდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას.

„ახალ ამბებს მაინც არ უყურებთ? დილას რომ იღვიძებთ, CNN-ს ალბათ რთავთ, ან „ნიუ იორკ ტაიმს“ და „ვაშინგტონ პოსტს“ კითხულობთ. საიდან იღებთ ინფორმაციას, მაინტერესებს, რომ აქ ბედავთ, მოხვიდეთ და თქვათ, რომ თურმე არანაირ პრობლემას წარმოადგენს ჩინეთთან ჩვენი ქვეყნის დაახლოება, როდესაც რამდენიმე დღის წინ პუტინის გვერდზე მდგარმა ჩინეთის ლიდერმა გამოაცხადა, რომ გლობალური მოწყობა, რომელიც ეფუძნება აშშ-ის და ევროკავშირის დომინაციას, უნდა დაინგრეს და უნდა შეიქმნას ახალი სისტემა. ამაში ჩინეთი და რუსეთი პარტნიორები არიან. შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ნურც ქართველ ხალხს და ნურც პარლამენტის წევრებს, თითქოს აქ ვინმე სულელია და ვერ ხვდება, სად დგახართ ამ გლობალურ დაპირისპირებაში“, — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ კი განაცხადა, რომ არ არის „ანტიჩინური ისტერიის მომხრე“. იგი აუცილებლად მიიჩნევს ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, თუმცა არა პოლიტიკურ დაახლოებას.

„არავითარ შემთხვევაში არ მგონია ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება დამაზიანებელი. პირიქით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი არის, თუკი რამე შეიძლება აქტივში ჩაეთვალოს ამ ხელისუფლებას. აბსოლუტურად არასწორია კრიტიკა, რომელიც გაისმის შუა დერეფნის ან „ერთი გზა, ერთი სარტყლის“ ინიციატივის წინააღმდეგ. მაშინ რაში გვჭირდება ბაქო-თბილისი-ყარსის გზა? იქ აზერბაიჯანული ტვირთები კი არა, ცენტრალური აზიისა და ჩინური ტვირთები იქნება. ან ანაკლია გვინდა და ჩინური ეკონომიკა არა? ანაკლია არის დიდწილად ჩინური ტვირთების პორტი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩინელებმა უნდა ააშენონ.

არც ის არის სწორი, რომ ჩინელები ინვესტიციებს შემოიტანენ და აფრიკის ქვეყნებივით კაბალურ ვითარებაში მოვექცევით. ჩინური ინვესტიციები არ არის საქართველოში. ჩვენ კრედიტებს ვიღებთ მსოფლიო ბანკიდან, აზიის განვითარების ბანკიდან და ჩინურ კომპანიებს ვაშენებინებთ ინფრასტრუქტურას. მათ მიაქვთ მოგება და ფული. ჩინური ინვესტიციები თუ განხორციელდება გონივრულ სექტორებში, მხოლოდ მისასალმებელია“, — თქვა გოცირიძემ.

ილია დარჩიაშვილის თქმით, შეუძლებელია ქვეყანასთან გინდოდეს კარგი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და არ გქონდეს კარგი პოლიტიკური ურთიერთობები.

საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ განცხადება გაკეთდა ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს მიმდინარე წლის ივლისში.

ცნობილია, რას მოიცავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა

მასალების გადაბეჭდვის წესი