ახალი ამბები

პარლამენტმა საავტორო უფლებებზე კანონში ცვლილებები დაამტკიცა

3 ივლისი, 2023 • 968
პარლამენტმა საავტორო უფლებებზე კანონში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

საუბარია კანონზე, რომელმაც შესაძლოა, საქართველოს კულტურის სფეროში რუსეთის ინტერესები გააძლიეროს.

იმის გამო, რომ საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში რუსული გავლენების ზრდის საფრთხეს შეიცავდა, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, პარლამენტს მისი განხილვის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.

კანონის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ცვლილებები საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციაზეა (GERA-ზე) მორგებული.

GERA 2019 წელს შეიქმნა და ხელოვანთა ნაწილი, ვინც საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს, სწორედ GERA-ს შეეურთდა.

კერძოდ, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლთა ნაწილი აცხადებს, რომ საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) ხელმძღვანელმა გიგა კობალაძემ მათი კუთვნილი ჰონორარები მიითვისა.

თავის მხრივ,  GERA-ს მოქმედი კანონით არ ჰქონდა  საქართველოში ჰონორარის შეგროვების უფლება და ქართველი ავტორ-შემსრულებლებისთვის თანხა რუსეთიდან მოაქვს, რადგან ხელშეკრულება რუსულ საავტორო საზოგადოებასთან (RAO) აქვს დადებული.

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონში ცვლილებები „ქართული ოცნების“ წევრებმა პარლამენტში მაისის ბოლოს წარადგინეს.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ახლებურად წესრიგდება საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციის შექმნის წესები და პირობები, ასევე, მისი რეგისტრაციისა და აკრედიტაციის წესები და პირობები, განისაზღვრება აკრედიტაციის მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანო და კოლექტიური მართვის ორგანიზაციის ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები.

კერძოდ, თუკი დღეს საქართველოში კანონით საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციის ფუნქციის შესრულება  მხოლოდ საავტორო უფლებათა ასოციაციას (GCA) შეუძლია, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ შესაძლოა, რომ ეს უფლებამოსილებები GERA-სთან გადავიდეს და GCA-ც ჩაანაცვლოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი