მმართველმა გუნდმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში სიძულვილის ენის რეგულირების მიზნით მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საექსპერტო შეფასებების ნაწილი გაითვალისწინა და დეკემბერში მიღებულ სადავო კანონში ცვლილებები შეაქვს.
სიძლვილის ენის მარეგულირებელი კანონი, რომლის მიღებასაც მედიის სფეროს წარმომადგენლები და მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ, პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში ჯერ მიიღო, შემდეგ კი ევროპის საბჭოში გაგზავნა.
განსაკუთრებით საფრთხის შემცველად და მედიასაშუალებების შინაარსობრივი რეგულირების მექანიზმად კანონის ის ნაწილი მიიჩნეოდა, რომელიც ეხებოდა სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის აკრძალვას და ეს ნაწილი კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცეოდა.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებებით კი, მედიასაშუალებების მიერ სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და პასუხის უფლების რეგულირებას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია აღარ მოახდენს. ამ საკითხებს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანო განიხილავს.
როგორც კანონპროექტზე მომხესენებლმა, უმრავლესობის წევრმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებში ასახულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დასკვნაში შემოთავაზებული რეკომენდაციები, რომელიც მიზნად ისახავს დეკემბერში მიღებული კანონში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას.
მისი თქმით, სიძულვილის ენასთან დაკავშირებული ნაწილი ევროპის საბჭოს დირექტივაში ზუსტად იყო გაწერილი, ამიტომ თარგმნეს და ისე გადმოიტანეს. ახალი კანონპროექტის მიხედვით ეს ნაწილი ასე ჩამოყალიბდა:
„აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა. პროგრამა ან რეკლამა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული სიძულვილის ენის შემცველად, მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო“.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ცვლილებების განხილვისას პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ აღნიშნა, რომ კანონპროექტში ევროპის საბჭორს რეკომენდაციებიდან ბევრი რამ არის ასახული.
თუმცა, კორძაიას თქმით, ევროპელი ექსპერტების ის შენიშვნები, რომელიც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის ფორმირებას და კომისიაში გადაწყვეტილების მიღების ქვორუმს, ასევე საავტორო უფლებების ნაწილს ეხება, შემოთავაზებულ კანონპროექტში ასახული არაა.
თამარ კორძაიას პასუხად დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ცვლილებები მხოლოდ აუდიოვიზუალური დირექტივის ნაწილს ეხება.
„[ ევროპის საბჭოს] ექსპერტიზა ჩატარდა მთლიან კანონზე და, შესაბამისად, ეს არ მოიცავს დანარჩენ ნაწილს და იმათზე დამატებით შეგვიძლია გავაგრძელოთ მსჯელობა. ეს ცვლილება ვერ დაფარავს იმას, რასაც კითხულობთ“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
თამარ კორძაიას კითხვები ჰქონდა დეკემბერში მიღებული კანონის კიდევ ერთ სადავო ნაწილთან, რომელიც ჯარიმებს შეეხებოდა. კერძოდ, კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის მიერ მედიასაშუალების დაჯარიმების შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარებოდა.
კორძაიამ სონღულაშვილს ჰკითხა, რატომ არ იყო ჯარიმებთან დაკავშირებით შენიშვნები კანონპროექტში გათვალისწინებული. სონღულაშვილის თქმით, ჯარიმასთან მიმართებით ახალი ფორმულირება განისაზღვრა, რაც კანონპროექტის რედაქტირებულ ვერსიაში აისახება.
„განვსაზღვრეთ ახალი ფორმულირება, რათა გადაწყვეტილებები იყოს ქმედითი – რა შემთხვევაში შეიძლება დარჩეს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან და რა შემთხვევაში უნდა წავიდეს სასამრთლოში. ამის ფორმულირებაც მეტ-ნაკლებად შეჯერებული პოზიციით განვსაზღვრეთ“, – განაცხადა სონღულაშვილმა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია აცხადებდა, რომ „მაუწყებლობის შესახებ” კანონში 2022 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებულად, დაინტერესებული პირების ჩართულობის გარეშე მიიღო. მათი განცხადებით, პარლამენტი არ დაელოდა აღნიშნულ საკითხზე ევროპის საბჭოს საექსპერტო შეფასებებს და არ გაიზიარა ტელემაუწყებლების უმრავლესობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტი.
მედიის ადვოკატირების კოალიცია პარლამენტს მიმართავდა, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი წლის 31 მაისამდე მოეყვანა ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.
ვრცლად ამ საკითხზე:
- „ოცნების“ კანონპროექტი მედიის მდგომარეობს აუარესებს – „მედიაომბუდსმენი“
- მაუწყებლობის კანონში შემოთავაზებული ცვლილებები ცენზურის შიშს იწვევს – CPJ
- პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ” კანონი 31 მაისამდე მოიყვანოს ევროპულთან შესაბამისობაში – კოალიცია