ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძეს ხურვალეთში ქვები ესროლეს

13 აგვისტო, 2010 • 1209
ნინო ბურჯანაძეს ხურვალეთში ქვები ესროლეს

დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე გუშინ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში არ შეუშვეს. როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომერემ განაცხადა,  მას ეგრეთ წოდებული ზონდერ ბრიგადის წარმომადგენლები დაახვედრეს და დევნილებთან გასაუბრების საშუალება არ მისცეს. ნინო ბურჯანაძის ხურვალეთში ვიზიტის შესახებ არც ცენტრალური და არც  ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის არაფერი ცნობილი არ ყოფილა.

 ინციდენტის შესახებ მხოლოდ საღამოს, ტელეკომპანია „თრიალეთის“ პირდაპირ ეთერში მისი გამოსვლისას, გახდა ცნობილი. ნინო ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლების მომხრე დევნილები მის მიმართ ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ. 

 ნინო ბურჯანაძესთან ერთად გორში ცნობილი სპორტსმენი ლუკა კურტანიძეც იმყოფებოდა, რომელმაც აღნიშნა,  რომ უკან გამობრუნებულებს დევნილებმა  ქვები დაუშინეს. 

 პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე „თრიალეთის“ პირდაპირ ეთერში ორი საათის განმავლობაში საუბრობდა. მთავარი თემა აგვისტოს ომი და საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი იყო. ბურჯანაძემ სააკაშვილის ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ომის დაწყებაში. მთელი გადაცემის განმავლობაში პირდაპირ ეთერში დაახლოებით 15 სატელეფონო ზარი შევიდა. მაყურებელთა უმრავლესობა, რომლებიც ამბობდნენ, რომ დევნილები იყვნენ, ბურჯანაძეს, პუტინთან შეხვედრის გამო, მოღალატეს და სამშობლოს გამყიდველს უწოდებდა. 

 ყოველი ასეთი ზარის შემდეგ ბურჯანაძე აღნიშნავდა, რომ ეთერში მას ვანო მერაბიშვილის დაქირავებული ხალხი ურეკავდა. იყო პერიოდი,  როცა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ნერვიულობა შეეტყო და სიტყვებს ვეღარ პოულობდა. ამ დროს კი მისთვის პოზიტიური ზარიც შევიდა ეთერში, რამაც მას დაწყნარების საშუალება მისცა. 

 გადაცემაში ნინო ბურჯანაძემ ხურვალეთის აქციის ორგანიზატორად რეზო კახნიაშვილი დაასახელა. კახნიაშვილი გორის საკრებულოს წევრი და ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის საპარლამენტო ბიუროს თავმჯდომარეა. გავრცელებული ინფორმაციით, კახნიაშვილი დევნილთა ეგრეთ წოდებული ზონდერჯგუფის ხელმძღვანელია. რადიო თავისუფლებასთან საუბარში კახნიაშვილმა აღნიშნა რომ ინციდენტის დროს ხურვალეთში არ იმყოფებოდა და იქ მოგვიანებით მივიდა. მისი თქმით, რიგითმა დევნილებმა არ მიიღეს ბურჯანაძე, რომელიც რუს ჯარისკაცებს ოკუპანტებსაც კი ვერ უწოდებს.   

 ნინო ბურჯანაძემ პირობა დადო, რომ დევნილთა დასახლებებში კიდევ ჩავა. ადრე თუ გვიან ხელისუფლებაში აუცილებლად მოვა, დასასჯელს დასჯის, ხოლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, დევნილებს სახლებში დააბრუნებს. პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, ამ პირობას როდის შეასრულებს. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი