ახალი ამბები

სიძულვილის ენის გამოყენება ზოგადად პრობლემას წარმოადგენს — იოსელიანი

16 ოქტომბერი, 2023 • 802
სიძულვილის ენის გამოყენება ზოგადად პრობლემას წარმოადგენს — იოსელიანი

სახალხო დამცველი ამბობს, რომ არ იცნობა „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, თუმცა, მისი თქმით, სიძულვილის ენის გამოყენება ზოგადად პრობლემას წარმოადგენს.

ეს განცხადება ომბუდსმენმა 16 ოქტომბერს გააკეთა – მას ჟურნალისტებმა პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტზე ჰკითხეს.

ლევან იოსელიანის თქმით, წინასაარჩევნოდ ომბუდსმენსაც ექნება ინიციატივები სიძულვილის ენის შესახებ:

„ზოგადად, სიძულვილის ენის გამოყენება, მედიაში იქნება, პოლიტიკურ დისკუსიაში თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არის პრობლემა და ამ მიმართულებით ჩვენც გვექნება, ალბათ, წინასაარჩევნოდ გარკვეული მოსაზრებები და ინიციატივები, იმიტომ, რომ რასაც თვალყურს ვადევნებთ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად სიძულვილის ენის ხარისხი და მასშტაბი მატულობს“, — განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„ქართულმა ოცნებამ“ მაუწყებლის შესახებ კანონში სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებული სადავო ცვლილებები პარლამენტში ისევ დაარეგისტრირა.

საუბარია ცვლილებებზე, რომლებიც მმართველი პარტიის მხარდაჭერით პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში, კრიტიკის მიუხედავად, მიიღო. თუმცა მიმდინარე წლის ივნისში „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ მათ მიერ მიღებულ სადავო ცვლილებებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საექსპერტო შეფასებების ნაწილი გაეთვალისწინებინა და კანონში „არსებული ხარვეზები აღმოეფხვრა“.

კერძოდ, დეკემბერში მიღებული ცვლილებებით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცეოდა. ივნისში მიღებული გადაწყვეტილება კი კანონის სწორედ ამ ნაწილის გაუქმებას გულისხმობდა და სიძულვილის ენის რეგულირება კომუნიკაციების კომისიის საქმე აღარ უნდა ყოფილიყო.

თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეცვალა და სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრების მექანიზმს ისევ აბრუნებს.

„ოცნების“ წევრების მიერ ინიციირებული ცვლილებით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელებაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კომისიაში გასაჩივრდება.

აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში, მედიამომსახურების მიმწოდებლები ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ, ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა იზრდება.

„ოცნებას“ სიძულვილის ენის რეგულირებაზე სადავო ცვლილებების მიღება ისევ სურს

მასალების გადაბეჭდვის წესი