საზოგადოება

„ოცნებას“ სიძულვილის ენის რეგულირებაზე სადავო ცვლილებების მიღება ისევ სურს

16 ოქტომბერი, 2023 • 950
„ოცნებას“ სიძულვილის ენის რეგულირებაზე სადავო ცვლილებების მიღება ისევ სურს

„ქართულმა ოცნებამ“ მაუწყებლის შესახებ კანონში სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებული სადავო ცვლილებები პარლამენტში ისევ დაარეგისტრირა.

საუბარია ცვლილებებზე, რომლებიც მმართველი პარტიის მხარდაჭერით პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში, კრიტიკის მიუხედავად, მიიღო. თუმცა მიმდინარე წლის ივნისში „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ  მათ მიერ მიღებულ სადავო ცვლილებებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საექსპერტო შეფასებების ნაწილი გაეთვალისწინებინა და კანონში „არსებული ხარვეზები აღმოეფხვრა“.

კერძოდ, დეკემბერში მიღებული ცვლილებებით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცეოდა. ივნისში მიღებული გადაწყვეტილება კი კანონის სწორედ ამ ნაწილის გაუქმებას გულისხმობდა და სიძულვილის ენის რეგულირება კომუნიკაციების კომისიის საქმე აღარ უნდა ყოფილიყო.

თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეცვალა და  სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრების მექანიზმს ისევ აბრუნებს.

„ოცნების“ წევრების მიერ ინიცირებული ცვლილებით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელებაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებება კომისიაში გასაჩივრდება.

აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში, მედიამომსახურების მიმწოდებლები ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ, ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა იზრდება.

კანონოპროექტის ავტორების თანახმად, ცვლილებების მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

„უფრო მეტიც, კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას, რაზეც დამოკიდებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი“, –  ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.


სიძულვილის ენის მარეგულირებელი კანონი, რომლის მიღებასაც მედიის სფეროს წარმომადგენლები და მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ, პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში ჯერ მიიღო, შემდეგ კი ევროპის საბჭოში გაგზავნა. 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დასკვნის თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ კანონის რამდენიმე ნაწილი არ შეესაბამებოდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს სტანდარტებს“.

მიმდინარე წლის ივნისში მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ  „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში სიძულვილის ენის რეგულირების მიზნით მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საექსპერტო შეფასებების ნაწილი გაითვალისწინა და დეკემბერში მიღებულ სადავო კანონში ცვლილებებს ისევ შეიტანდა.

ვრცლად ამ საკითხზე:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი