ახალი ამბები

ღაზის ჩრდილოეთში თავშესაფრები უსაფრთხო აღარაა – გაეროს სააგენტო

14 ოქტომბერი, 2023 •
ღაზის ჩრდილოეთში თავშესაფრები უსაფრთხო აღარაა – გაეროს სააგენტო

გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს [UNRWA] განცხადებით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთში მდებარე თავშესაფრები „აღარაა უსაფრთხო“.

ორგანიზაციაში მომხდარს „უპრეცედენტოს“ უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ „არც ეს ომი უნდა იყოს გამონაკლისი. სამოქალაქო პირების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვა, მათ შორის გაეროს შენობების, ამ კონფლიქტსაც ეხება“.

ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად ისრაელის გაფრთხილებისა, რომ სამოქალაქო პირებმა ღაზას ჩრდილოეთი ნაწილი უნდა დატოვონ, ბევრი ადამიანი, მათ შორის ფეხმძიმე ქალები და ბავშვები, ვერ მოახერხებენ ტერიტორიის დატოვებას.

„ომს წესები აქვს. სამოქალაქო პირები, საავადმყოფოები, სკოლები და გაეროს შენობები სამიზნე ვერ იქნება“, – ციტირებს UNRWA-ს „ბი-ბი-სი“.

უკანასკნელი ცნობებით, „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელის მიერ ღაზის საპასუხოდ დაბომბვის შედეგად, 2200 ადამიანზე მეტია დაღუპული.

ისრაელი უკვე ერთ კვირაა ბომბავს ღაზის სექტორს მას შემდეგ, რაც ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა, დახოცა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ბავშვები, ქალები, მოხუცები. მოკლულთა შორის რამდენიმე ასეული ისრაელელი სამხედროცაა, 150-ზე მეტი პირი კი ტყვედ აიყვანა.

მთლიანობაში, „ჰამასის“ თავდახმას ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ისრაელმა 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ სრულ ბლოკადაში მოაქცია ღაზის სექტორი, რომელსაც სწორედ „ჰამასი“ აკონტროლებს. ასევე, ისრაელმა გამოაცხადა საომარი მდგომარეობა, ომის მიზნად კი „ჰამასის“ სრული განადგურება დასახა.


ღაზის სექტორი მცირე, დაახლოებით თბილისის ფართობის ნახევარი ტერიტორიაა, რომელშიც ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ტერიტორია ყველა მხრიდან სრულ ბლოკადაშია. ერთადერთი გასასვლელი ღაზიდან ეგვიპტის საზღვარზეა, თუმცა იქ მდებარე სასაზღვრო-გამშვები პუნქტი რაფაჰი, ბოლო მონაცემებით, ღაზელებისთვის დაკეტილია.

ეგვიპტემ უარი თქვა ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული კორიდორის გახსნაზე.

ღაზის სექტორზე ასევე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი