ახალი ამბები

„ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაურის მოკვლის შესახებ იტყობინება ისრაელი

14 ოქტომბერი, 2023 •
„ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაურის მოკვლის შესახებ იტყობინება ისრაელი

ისრაელის თავდაცვის ძალები [ცაჰალი] აცხადებს, რომ 13 ოქტომბერს, ღაზის სექტორის დაბომბვისას, მოკლულია „ჰამასის“ საჰაერო ძალების ხელმძღვანელი მურად აბუ მურადი.

ცაჰალის ცნობით, აბუ მერადი იმყოფებოდა ოპერატიულ შტაბში, რომელიც დაიბომბა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმისას აბუ მერადი „მნიშვნელოვნად იყო პასუხისმგებელი ტერორისტების ხელმძღვანელობაზე“.

ამასთან ერთად, ცაჰალში ამბობენ, რომ ღაზის სექტორში ფართომასშტაბიანი საჰაერო ოპერაციები ჩაატარეს და მოკლეს ჰამასის ელიტარული ქვედანაყოფის, „ნუჰბას“ მებრძოლები, რომლებიც 7 ოქტომბრის თავდასხმისას „ერთ-ერთ წამყვან ძალას წარმოადგენდნენ“.

7 ოქტომბრის დილით ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს – ქალაქებს დაუშინეს რაკეტები, ისრაელის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ. მათ დახოცეს როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე — სამხედროები, მძევლად აიყვანეს და ღაზის სექტორისკენ გაიტაცეს 150-მდე ადამიანი, მათ შორის, მოხუცები, ქალები და ბავშვები, ფაქტების ამსახველი ვიდეოები კი სოციალური ქსელებით გაავრცელეს.

ისრაელმა საპასუხოდ ღაზის სექტორზე საჰაერო დარტყმები დაიწყო და სავარაუდოდ, მალე სახმელეთო ოპერაციასაც წამოიწყებს.


გარეკანის ფოტოზე: ღაზის სექტორის დაბომბვა

მასალების გადაბეჭდვის წესი