ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ირწმუნება, რომ ბოლო 24 საათში მათ მიერ ისრაელში მძევლად აყვანილი 13 ადამიანი დაიღუპა ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვისას.
ორგანიზაციის სამხედრო ფრთის, „ქასამის ბრიგადების“ განცხადებით, მძევლები, „მათ შორის, უცხოელები“, ხუთ სხვადასხვა ადგილზე დაიღუპნენ.
„ალ-ჯაზირას“ ცნობით, „ჰამასში“ ამბობენ, რომ მძევლები ღაზის სექტორის სხვადასხვა მხარეს იყვნენ განაწილებული და ისინი საჰაერო იერიშმა იმსხვერპლა.
„ჰამასი“ თავიდანვე აცხადებდა, რომ ტყვედ აყვანილი ისრაელელები „საკუთარ თავზე გამოცდიდნენ ისრაელის დაბომბვის შედეგებს“.
7 ოქტომბრის დილით ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს – ქალაქებს დაუშინეს რაკეტები, ისრაელის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ. მათ დახოცეს როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე — სამხედროები, მძევლად აიყვანეს მოხუცები, ქალები და ბავშვებიც, ფაქტების ამსახველი ვიდეოები კი სოციალური ქსელებით გაავრცელეს. მძევლად აყვანილთა საშუალო რაოდენობა 150-ზე მეტი შეიძლება იყოს.
ისრაელმა საპასუხოდ ღაზის სექტორზე დარტყმები დაიწყო და ,სავარაუდოდ, მალე სახმელეთო ოპერაციასაც წამოიწყებს.
13 ოქტომბრის მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმას ისრაელში 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ღაზაში საპასუხო იერიშებს — 1500-ზე მეტი.
გარეკანის ფოტოზე: ღაზას სექტორის დაბომბვა








