ახალი ამბები

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა ღაზის ბლოკადის შემსუბუქების პირობა დაასახელა

12 ოქტომბერი, 2023 •
ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა ღაზის ბლოკადის შემსუბუქების პირობა დაასახელა

ისრაელის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ისრაელ კაცმა ღაზის სექტორისთვის დაწესებული სრული ბლოკადის შემსუბუქების მთავარ პირობად ისრაელიდან გატაცებულების გათავისუფლება დაასახელა.

„ჰუმანიტარული დახმარება ღაზისთვის? არ ჩაირთვება ელექტროენერგია, არ ჩაირთვება წყალი, ღაზაში არ შევა საწვავი, სანამ გატაცებული ისრაელელები არ დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს. ჰუმანიტარული ნაბიჯი ჰუმანიტარული ნაბიჯის წილ. და ნურავინ წაგვიკითხავს მორალს“, — დაწერა ისრაელ კაცმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).


ისრაელმა ღაზა სრულ ბლოკადაში 7 ოქტომბრიდან მას შემდეგ მოაქცია, რაც ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრა და განურჩევლად დაიწყო ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედროების ხოცვა.

ისრაელში მსხვერპლის რიცხვმა, 12 ოქტომბრის მონაცემებით, 1300-ს მიაღწია, 1200-მდე ადამიანი ემსხვერპლა ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო ავიაიერიშებს.

ისრაელმა ღაზას შეუწყვიტა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, საწვავისა და საკვების მიწოდება, რის გამოც იქ მცხოვრები 2.3 მილიონამდე ადამიანი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.

როგორც ღაზის სექტორში მომუშავე ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, ღაზაში საავადმყოფოებს გენერატორებისთვის სულ რამდენიმე დღის სამყოფი საწვავი აქვთ. საწვავის სრულად ამოწურვის შემდეგ კი, შესაძლოა, „საავადმყოფოები მორგებად გადაიქცეს“. ასობით ადამიანის სიცოცხლე დამოკიდებულია სწორედ ისეთი სამედიცინო აპარატურის მუშაობაზე, რომლისთვისაც ელექტროენერგია აუცილებელია. საუბარია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულ მცირეწლოვან ბავშვებზე, დიალიზზე მყოფ პაციენტებზე, დაბომბვებისას დაშავებულებზე და ა.შ.

ისრაელი ამბობს, რომ მისი მიზანი „ჰამასის“ სრული განადგურებაა, რათა სამომავლოდ ვერ მოახერხოს ისეთი თავდასხმა, როგორც ეს 7 ოქტომბერს გააკეთა.

ისრაელის ცნობით, ღაზის მოსაზღვრე დასახლებებში ამ დრომდე პოულობენ სასტიკად მოკლული ისრაელელბის ცხედრებს და ტერიტორიის სრულად შემოწმება ჯერ არ დასრულებულა.

ასევე, „ჰამასის“ ტყვეობაში რჩება ისრაელიდან გატაცებული 150 ადამიანამდე, რომელთა შორის არიან ქალები, ბავშვები, მოხუცები, შშმ პირები და სამხედროები. მათი ბედი ამ დროისთვის უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი