ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი


აფხაზეთში არაერთგვაროვნად იყო აღქმული სიახლე იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაცია სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტს განათავსებს. ინფორმაცია ამის შესახებ პირველად 4 სექტემბერს, სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, რუსულ გაზეთ “იზვესტიასთან” საუბარში აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გაახმიანა.

“ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და უახლოეს დროში ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტი იარსებებს”,- თქვა ბჟანიამ. თუმცა იგივე ინფორმაცია მას არ გაუმხელია აფხაზი ჟურნალისტებისთვის და, შესაბამისად, აფხაზეთში სიახლის შესახებ რუსული მედიიდან შეიტყვეს. 

რისთვის იყენებდნენ ოჩამჩირის პორტს, სადაც რუსეთს საზღვაო ფლოტის განთავსება სურს

ბჟანიამ ისიც თქვა, რომ “არსებობს საკითხები, რომლებზეც საუბარი არ შეუძლია”. 

აფხაზეთის მთავრობაში წყაროები ირწმუნებიან, რომ საუბარი არ არის ფლოტის სრულფასოვან ბაზირებაზე და ეს მხოლოდ შუალედური პუნქტი იქნება, მარაგებით, საწვავით და შესაძლოა, საბრძოლო აღჭურვილობით. თუმცა  ეს ინფორმაცია საჯაროდ არ გავრცელებულა და, შესაბამისად, საზოგადოებაში დისკუსია დაიწყო. 

სოციალურ ქსელებში აფხაზებმა ეს ინფორმაცია დიდწილად პოზიტიურად აღიქვეს, რადგანაც, მათი რწმენით, მსგავსი ბაზის არსებობა აფხაზეთში მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს. 

“აფხაზეთში რუსეთის სამხედრო- საზღვაო ფლოტის მუდმივი არსებობა, საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის, რომელიც ავლენს რევანშისტულ განწყობებს, იქნება ცივი, გამომაფხიზლებელი შხაპი და ჩვენი რესპუბლიკისთვის მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი”, – წერს მომხმარებელი საშა აგრბა. 

რას უქადის თბილისს, სოხუმსა და შავ ზღვას რუსული საზღვაო ბაზა აფხაზეთში

კიდევ ერთი ფეისბუკ მომხმარებელი, სახელით Kora Light Brightly წერს, რომ “რუსეთის სამხედრო ბაზა კიდევ ერთი გარანტიაა: “სამწუხაროდ, თავდაცვის გარეშე მშვიდად ცხოვრებას არ გვაცლიან.. ეს მცირე, მომხიბლავი ბუნებისა და გეოგრაფიულად განსაკუთრებული განლაგების ქვეყნების ბედია”. 

თუმცა მოიძებნებიან ისინიც, ვინც საპირისპიროს ამტკიცებს. ანონიმური მომხმარებელი, სახელით “ერთიანი კავკასია” წერს: “ეს იქნება კიდევ ერთი ცეცხლოვანი კერა გეოპოლიტიკურ ომში, რომელიც აფხაზეთში არავის უნდა, განსაკუთრებით ოჩამჩირელებს”.

“ოჩამჩირის ყურეში გაჩნდება რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემების მუდმივი ბაზირების პუნქტი! ხალხო, გამოფხიზლდით, ბოლოს და ბოლოს! ეს არაა სახუმარო თემა და არც ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაა! ჩვენი პატარა მიწა თანდათანობით იქცევა რუსეთის პოლიგონად და სამხედრო ბაზად. ნუთუ, მართლა ვერ ხედავთ ამას?”, – წერს მომხმარებელი ესმა არშბა.

EU გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ბაზის მშენებლობაზე

“მაინტერესებს მათი არგუმენტები, ვინც მხარს უჭერს რუსული ფლოტის მუდმივ არსებობას! შეიძლება ვცდები და მაგრამ ეს საგრძნობ ზიანს მოუტანს ჩვენს ეკონომიკას, ტურიზმისა და თევზჭერის მიმართულებებით. ასევე, როდესაც შემოვლენ სამხედრო გემები, სავაჭრო გემების ადგილები აღარ დარჩება და პორტი ეკონომიკურ პოტენციალსაც დაკარგავს. არ გიფიქრიათ იმაზე, რომ ბევრი რუსი ჩამოსახლდება? მაშ, რატომღა ვეწინააღმდეგებით აპარტამენტების შესახებ კანონის მიღებას?”,- წერს კიდევ ერთი მომხმარებელი მილანა თარბა. 

„აფხაზეთის შემდგომი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი“ – ანალიტიკოსი ოჩამჩირეში რუსული ფლოტის გეგმებზე

გარდა ამისა, კულუარებში მოისმენთ მოსაზრებასაც, რომ აფხაზეთის ინფრასტრუქტურა, რომლის აღდგენასაც გეგმავს რუსეთი, რეალურად სამხედრო მიზნებზეა გათვლილი. ესაა აეროპორტი, რკინიგზა და ახლა უკვე ოჩამჩირის პორტიც. თუმცა, თუ ამ კუთხით შევხედავთ ყველაფერს, მაგალითად, აეროპორტის გამოყენება სამხედრო მიზნებით, რუსეთს დღესაც შეუძლია [ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს შეუძლია მიიღოს და გაუშვას თვითმფრინავები]. რაც შეეხება რკინიგზას, აქ ყველაფერი პირიქითაა – გალის რაიონში რკინიგზის ყველა მონაკვეთი დაშლილია. პორტები კი საჭიროებს სერიოზულ მუშაობას გაღრმავების კუთხით, რათა დიდი სამხედრო გემები მიიღონ. 

უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში რუსეთი ზრდიდა აფხაზეთის სამხედრო დახმარებას. 2015 წელს აფხაზეთის შეიარაღებული ძალების სამწლიან მოდერნიზაციაზე რუსეთმა 5 მილიარდი რუსული რუბლი გამოყო. აფხაზეთმა რუსეთიგან თანამედროვე ტექნიკა მიიღო, საერთო ნორმაში მოაქცია სამხედრო მართვის სტანდარტები, მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყო და ხელფასები გასცა. 

2016 წელს ხელი მოეწერა გაერთიანებული შეიარღებული ძალების შექმნის შესახებ შეთანხმებას. მის შემადგენლობაში შევიდნენ აფხაზეთისა და რუსეთის არმიების ქვედანაყოფები. დღეს თანამედროვე შეიარაღების წილი გაერთიანებულ შეიარაღებულ ძალებში 80%-ს აჭარბებს. აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია დამხმარე ამოცანაა აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ძირითადად, წილი მაინც მეშვიდე რუსულ ბაზეზე მოდის. პერიოდულად იმართება ერთობლივი სამხედრო წვრთნები. უკანასკნელი დასრულდა 2023 წლის პირველ სექტემბერს. 

თუმცა კიდევ არსებობს შეიარაღებული ძალები, რომელიც ავტონომიურად მოქმედებს აფხაზეთის რეგულარული არმიისა და რუსეთ-აფხაზეთის ერთობლივი სამხედრო დანაყოფისგან. ჯარისკაცების მომზადების პროცესში ჩართულია ქართულ-აფხაზური ომის ვეტერანი და უკრაინაში ომის მონაწილე რაულ ხარაბუა. პოლიგონზე სწავლებებში, რომელიც ახალ ათონში მდებარეობს, მონაწილეობს ჯავშანტექნიკა РПГ-7, ასევე, უკრაინის ომში ნადავლი სამხედრო ტექნიკა. ბატალიონს ჰყავს ინჟინრები, რომლებიც უპილოტო საფრენი აპარატების აწყობით არიან დაკავებული. მათ აწყობენ კუსტარულად იმ ნაწილებისგან, რომლებიც არ არის განკუთვნილი საფრენი აპარატებისთვის. 

აფხაზეთში ეშინიათ საქართველოში რევანშისტული განწყობების და შესაძლო სამომავლო მცდელობებისა, აფხაზეთი საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ძალის გამოყენებით შეიყვანონ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების, შემდეგ- ყარაბაღის ომის,  დღეს კი პალესტინა-ისრაელის განახლებული კონფლიქტის ფონზე, ყველა საუბრობს იმის შესახებ, რომ ტერიტორიული დაპირისპირებები მსოფლიოში დიპლომატიურიდან სამხედრო ფორმატში ინაცვლებს. 

რას უქადის თბილისს, სოხუმსა და შავ ზღვას რუსული საზღვაო ბაზა აფხაზეთში