კომენტარი

„აფხაზეთის შემდგომი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი“ – ანალიტიკოსი ოჩამჩირეში რუსული ფლოტის გეგმებზე

6 ოქტომბერი, 2023 • 1757
„აფხაზეთის შემდგომი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი“ – ანალიტიკოსი ოჩამჩირეში რუსული ფლოტის გეგმებზე

ოჩამჩირეში რუსული ფლოტისთვის ბაზის გახსნა მოსკოვის მიერ აფხაზეთის შემდგომი ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია, მიიჩნევს პოლიტოლოგი გიორგი კობერიძე.

„იმ ფონზე, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში რუსეთი ცდილობს თავისი საზღვაო აკვატორია გაიფართოოს და კონტროლი მოიპოვოს რაც შეიძლება მეტ თბილი წყლის პორტზე, ოჩამჩირეში მისი საზღვაო ძალების განთავსება აფხაზეთის შემდგომი ანექსიისაკენ კიდევ ერთი გადადმული ნაბიჯია. პრაქტიკულად, რუსეთი ცდილობს ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ან საკვანძო წერტილი აფხაზეთში მის პირდაპირ კონტროლს დაუქვემდებაროს“, – უთხრა მან „ნეტგაზეთს“.

კობერიძის შეფასებით, რუსეთის მიერ ძალის დემონსტრირებასთან და შავ ზღვაში თავისი უპირატესობის ჩვენების მცდელობასთან ერთად, ბაზის შესაძლო გახსნა სხვა საფრთხეებსაც შეიცავს:

„[რუსული ძალების განთავსება] საფრთხეს უქმნის საქართველოს მიერ კონტროლირებადი პორტების უსაფრთხოებასა და თავისუფალ სანაოსნო მიმოსვლას, მით უფრო, რომ რუსეთი ღია ომში იმყოფება უკრაინასთან და ნელი ინტენსივობის კონფლიქტშია საქართველოსთან“, – მიიჩნევს ანალიტიკოსი.

კობერიძის თქმითვე, ყირიმში ბაზირებულ გემებზე თავდასხმების ფონზე, რუსული ფლოტი შედარებით უსაფრთხო ღრმაწყლოვან პორტებს ეძებს, ასეთი კი ოკუპირებულ აფხაზეთში ეგულება.

ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსების შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს განაცხადა. ბაზის შესაძლო განთავსების რისკებსა და მიზეზებზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი