ახალი ამბები

არ მგონია, რომ ხელი უნდა ვახლოთ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საკითხს — სარჯველაძე

10 ოქტომბერი, 2023 • 1029
არ მგონია, რომ ხელი უნდა ვახლოთ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საკითხს — სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება. სარჯველაძის თქმით, არ ჰგონია, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საკითხს ხელი უნდა ახლონ.

მისი თქმით, ვენეციის კომისიის კრიტიკული მოსაზრებები ჩამოყალიბებულად კრიტიკული არ არის. ამის მაგალითად სარჯველაძეს მოჰყავს ვენეციის კომისიის 9 ოქტომბრის დასკვნის ის ნაწილი, სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რეფორმაზეა საუბარი.

„მე პირადად მგონია, რომ იუსტიციის საბჭოს ფუნქციები განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით და ორი უმთავრესი რამ არის განსაზღვრული, ესაა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და მეორე, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია, ესაა მოსამართლეთა დანიშვნა და გათავისუფლება. ამ ორი ფუნქციის გადააზრება რამდენად აუცილებელია, ამაზე პასუხს იძლევა სამუშაო ჯგუფებში გამართული დისკუსია.

მე არ მგონია, საქართველოში არსებობდეს ჩამოყალიბებული, მწიფე აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეთა გათავისუფლებას და დანიშვნას, იუსტიციის საბჭოს და მოსამართლეთა თვითმმართველობის გარდა, სხვა ვინმე უნდა ახორციელებდეს. არ მგონია ასევე, რომ ხელი უნდა ვახლოთ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საკითხს“, — განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


ვენეციის კომისიამ საქართველოს სასამართლო რეფორმის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა,რომელშიც მიმოიხილავს შეუსრულებელ, ნაწილობრივ შესრულებულ ან ბოლომდე შესრულებულ რეკომენდაციებს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წელს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში 5 ძირითად რეკომენდაციაზე მიუთითა. ის ხაზს უსვამს პირველი რეკომენდაციის პრიორიტეტულობას, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას ეხება.

კომისიის შეფასებით, ხსენებული რეკომენდაცია არც “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებშია გათვალისწინებული, რომლებიც ივნისში მიიღეს, და არც სექტემბრის ცვლილებათა პროექტში.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არაკეთილსინდისიერების შესახებ მუდმივი ბრალდებების ეფექტურად განხილვას; უფლებამოსილებების, ფუნქციების, გადაწყვეტილების მიღების პროცედურებისა და წევრთა არჩევის წესის გადახედვას.

კანონში შეტანილი მცირე ან ტექნიკური ცვლილებები არ დააკმაყოფილებს ამ რეკომენდაციას. რეფორმის პროცესი უნდა იყოს საფუძვლიანი და ინკლუზიური, ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობით“, — ვკითხულობთ დასკვნაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი