ახალი ამბები

თუ კარვები აქამდე კანონიერი იყო, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს რატომ არ გააშლევინეს? — ნაცვლიშვილი

5 ოქტომბერი, 2023 • 1001
თუ კარვები აქამდე კანონიერი იყო, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს რატომ არ გააშლევინეს? — ნაცვლიშვილი

პარტია “ლელოს” დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აკრიტიკებს “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში” შესატან ცვლილებებს. ამის შესახებ ნაცვლიშვლმა შეკითხვა დაუსვა კანონპროექტის ავტორებს დღეს, 5 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი მეორე მოსმენით განხილვისას.

კერძოდ, მან გაიხსენა აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი, როდესაც პოლიციამ ჩამოხსნა ცელოფანი, რომელიც ხანგრძლივი პროტესტის მონაწილე მშობლებს წვიმისგან იცავდა. ისინი ღამეებს ათევდნენ კანცელარიასთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვნდნენ.

“თქვენ კრძალავთ დროებით კონსტრუქციებს, რომელიც საფრთხეს გამოიწვევს, ანუ აქამდე ეს აკრძალული არ იყო და პოლიციას არ გააჩნდა ბერკეტები, რომ მართლწესრიგი დაეცვა? აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების დედათა აქციის დროს ღამე მათ პოლიცია არ აძლევდა საშუალებას, რომ კარვები გაეშალათ და წვიმაში უწევდათ ღამის თენება კანცელარიის წინ იმიტომ, რომ პრემიერი მათ არ ხვდებოდა.

თუ აქამდე მოქმედი კანონმდებლობით კარვის გაშლა აკრძალული არ იყო და პოლიციას არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ხელი შეეშალა დემონსტრანტებისთვის დროებითი კონსტრუქციის აღმართვაში, მაშინ მითხარით, იმ უკანონო მოქმედებისთვის რამდენი პოლიციელი დაისაჯა?

და თუ მაშინაც ჰქონდა პოლიციას ბერკეტები, მაშინ რაშია საქმეა? ანუ ეს მოქმედება დღევანდელი კანონმდებლობით კანონიერი იყო თუ უკანონო? თუ უკანონო იყო, დასჯილი პოლიციელები მაჩვენეთ, თუ კანონიერი იყო, მაშინ რატომ უშლიდნენ ხელს”, — განაცხადა ნაცვლიშვილმა.

პარლემნტმა კანონპროექტი გუშინ, 4 ოქტომბერს დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო.


„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული პროექტი „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ ამკაცრებს აქციებზე დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესს. კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:

  • საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
  • ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
  • იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
  • შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს. ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი