ახალი ამბებისაზოგადოება

მე რომ მოვაწყო აქცია, დავდგა ჯვრის ფორმის კონსტრუქცია, როგორ მოიქცევით? – სამნიძე

4 ოქტომბერი, 2023 • 1719
მე რომ მოვაწყო აქცია, დავდგა ჯვრის ფორმის კონსტრუქცია, როგორ მოიქცევით? – სამნიძე

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იკითხა, რა მოხდება, თუ აქციაზე ჯვრის ფორმის კონსტრუქციის აღმართვას გადაწყვეტს. ეს კითხვა სამნიძემ “ქართული ოცნების” დეპუტატ გივი მიქანაძეს დაუსვა, რომელმაც აქციებზე დროებით კონსტრუქციების მოწყობის წესის გამკაცრების შესახებ კანონპროექტი წარადგინა.

“მე მინდა გთხოვოთ, მოგვიყვანოთ მაგალითი, რა შემთხვევაშიმოხდება თქვენ მიერ ინიცირებული მუხლის ცვლილების ამოქმედება. მაგალითად, ჩვენ პარლამენრის წინ გვაქვს ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქცია. დადასტურებული პასუხი მაქვს მერიისგან, რომ არ აქვს ნებართვა ამ კონსტრუქციის აღმართვის, თუმცა არანაირ ზომებს არ იღებსქალაქის საქალაქო სამსახური.

მინდა გკითხოთ, მე რომ მოვაწყო აქცია და გადავწყვიტო, რომ ჯვრის კონსტრუქცია აღვმართო, აი, ამ ჯვრის კონსტრუქციის გვერდით, ამ კონკრეტული ცვლილების შესაბამისად, ამ კონკრეტულ ვითარებაში, რა ხდება? თუ შეეზარდა ეს ჯვრის კონსტრუქცია პარლამენტის ფასადს და საერთოდ არაფერს არ აქვს მნიშვნელობა თქვენთვის”, – განაცხადა სამნიძემ.

გივი მიქანაძემ დაადასტურა, რომ ინიციატივა ეხება უკვე დამონტაჟებულ კონსტრუქციებსაც. თუმცა, განაცხადა, რომ თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად შეფასდება.

“არ აქვს მნიშვნელობა რაზეა საუბარი – დამონტაჟებამდე თუ უკვე დამონტაღებულის, უნდა მოხდეს მისი ინდივიდუალური შეფასება. თუ ის რომელიმე კრიტერიუმით საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა უსაფრთხოებას, ამ შემთხვევაში, ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტლება”, – ასე უპასუხა მიქანაძემ სამნიძემ.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამანეტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს. კანონპროექტი “ქართულმა ოცნებამ” მას შემდეგ დააინიცირა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ჯვრის ფორმის კონსტრუქცია, რომელიც პარლამენტის წინ დგას, 2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა აღმართეს. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, მისი აღმართვის ნებართვა ოფიციალურ ბაზაში არ იძებნება.


„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული პროექტი „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ ამკაცრებს აქციებებზე დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესს. კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:

  • საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
  • ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
  • იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
  • შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს. ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი