ახალი ამბები

მერიის თქმით, პარლამენტის წინ ჯვარზე ნებართვა „არ იძებნება“, თუმცა ის ახალ პროექტამდე დარჩება

11 იანვარი, 2023 • 819
მერიის თქმით, პარლამენტის წინ ჯვარზე ნებართვა „არ იძებნება“, თუმცა ის ახალ პროექტამდე დარჩება

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური აცხადებს, რომ პარლამენტის წინ ჯვრის აღმართვის ნებართვა ოფიციალურ ბაზაში არ იძებნება. თუმცა, მერიის გადაწყვეტილებითვე, ჯვარი ჯერ კიდევ განუსაზღვრელი ვადით ადგილზე დარჩება.

ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტარმა ხათუნა სამნიძემ გამოითხოვა. როგორც არქიტექტურის სამსახურის პასუხიდან ირკვევა, უწყების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემასა და მონაცემთა ბაზაში არ იძებნება ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქციის აღმართვის ნებართვა.

საუბარია ჯვარზე, რომელიც ადგილზე 5 ივლისს ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა მიიტანეს.

 

რაც შეეხება კითხვას, თუ როდის აიღებს მერია აღნიშნულ ჯვარს, უწყებაში ამბობენ, რომ ჯვარი „დარჩება ადგილზე ახალი პროექტის განხორციელებამდე. მიმდინარეობს პროექტის დამუშავება და მას შემდეგ, რაც თბილისის მერიაში შემოვა პროექტი, საზოგადოებას მივაწვდით დამატებით ინფორმაციას.“


როდესაც საკანონმდებლო ორგანოსთან ლოცვის ფონზე ჯვარი განათავსეს, ძალადობრივ ჯგუფებს უკვე დარბეული ჰქონდათ “ქართული ოცნების” მოწინააღმდეგეთა კარვები. უფრო მოგვიანებით კი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად მობილიზებული პირები ცენტრალურ ქუჩებზე გაიშალნენ და მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება დაიწყეს.

ამ თემაზე ნახეთ ნეტგაზეთის არქივიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი