მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. ინფორმაცია ამის სესახებ „ნეტგაზეთს“ მათმა ადვოკატმა კახა წერეთელმა დაუდასტურა.
წერეთლის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს განჩინება 15 სექტემბრით თარიღდება. ადვოკატის თქმით, უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების გადაწვყეტილებები და თავად უარი განაცხადა განხილვაზე. კახა წერეთლის თქმით, ვინაიდან საქმემ საქართველოს სასამართლო სისტემის ყველა ეტაპი გაიარა, დაცვის მხარე გეგმავს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს. წერეთელი აღნიშნავს, რომ იურისტები საჩივრის მომზადებაზე უკვე მუშაობენ.
2022 წლის 12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფულის გათეთრების საქმეზე“ ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავებოდა. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ფინანსურ ტრანზაქციებს. იმ პერიოდში ხაზარაძე და ჯაფარიძე “თიბისი ბანკში” საქმიანობდნენ.
გამოძიება ხსენებულ ტრანზაქციებზე მხოლოდ 10 წლის შემდეგ, 2018-ში დაიწყო. სამივე მათგანი თავიდანვე უარყოფდა ბრალდებას და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა.
გამოძიების ფარგლებში მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგენილი ჰქონდათ ჯგუფურად, 16 664 000 აშშ დოლარის უკანონო ლეგალიზაციაზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
ავთანდილ წერეთელი საქმეში ბრალდებულია 16 664 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).