ახალი ამბები

კონსერვატორიასთან რექტორის არჩევნების გაუქმება გააპროტესტეს

27 სექტემბერი, 2023 • 1486
კონსერვატორიასთან რექტორის არჩევნების გაუქმება გააპროტესტეს

დღეს, 27 სექტმებერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან აქცია გაიმართა რექტორის არჩევნების გაუქმების გასაპროტესტებლად . აქციაზე მივიდნენ მუსიკოსები, ასევე, კინოსა და თეატრის წარმომადგენლები.

აქცია პიანისტმა, გიორგი გიგაშვილმა დააანონსა მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საარჩევნო კომისიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა კონსერვატორიის რექტორის არჩევნები გააუქმა. მისი თქმით, არჩევნების გაუქმება ნიშნავს, რომ რექტორს სწორედ წულუკიანი დანიშნავს.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, აქციის მიმდინარეობისას გიორგი გიგაშვილმა ფეისბუკზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ სამოქმედო გეგმა ყველამ ერთად უნდა გადაწყვიტოს, თუმცა მანამდე თავად ამახვილებს ყურადღებას რამდენიმე მიმართულებაზე:

  • კონსერვატორიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შემდეგ, თუ წულუკიანის გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეების მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, პროტესტი გაგრძელდეს გარეთ.
  • პროტესტი გაგრძელდეს მანამდეც, სანამ კონსერვატორიის ადმინისტრაცია საკითხის განხილვის პროცესშია.
  • პროტესტი არ მიემართება მხოლოდ ამჟამინდელი რექტორის, ნანა შარიქაძის შეცვლის საკითხს, არამედ ის მიმართულია კონსერვატორიის კეთილდღეობისკენ: ” ეს არის ჩვენთვის, სახელმწიფოებრიობისთვის და სამართლიანობისთვის, რომლისთვისაც ყველა ვიბრძვით და ამ სამართლიანობას დიდი ხანია უკვე საფრთხე ემუქრება და გუშინ კიდე კონსერვატორიას შეეხო”, — წერს გიგაშვილი.
  • მნიშვნელოვანია პროტესტის მონაწილეების ჩართულობა მის ორგანიზებაში, რისთვისაც მათ დაურიგდებათ ფურცლები, სადაც დააფიქსირებენ თავიანთ იდეას, რომელსაც შემდგომ ერთად განიხილავენ.
  • არ “გაიფიცონ” სტუდენტები და დაესწრონ ლექციებს, რადგან, როგორც გიგაშვილი ამბობს, ეს უფრო გააძლიერებს კულტურის მინისტრს.
  • პროტესტის მონაწილეები არ წამოეგონ “რამე მახეს” და არ იყვნენ ძალადობის მომხრე


20 სექტემბერს, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩასატარებელი რეფორმის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, კონსერვატორია ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვანი სახელოვნებო განათლების მიწოდებას სტუდენტებისთვის, ასეთ შემთხვევაში კი, მინისტრმა კეთილი უნდა ინებოს და შეცვალოს ხელმძღვანელი.

კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ რამდენიმე თვის წინ მხარი დაუჭირა კულტურის მუშაკების პროტესტს.

„მზარავს იმის გაფიქრებაც, რომ კულტურის მოთვინიერების სურვილი არსად წასულა“, — განაცხადა რამდენიმე თვის წინ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი