საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, „კანონიერი ქურდობისთვის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 15 პირს ბრალდება წარუდგინეს.
როგორც პროკურატურა აცხადებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2 სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდების“ – ლ.მ.-ს და რ.ხ.-ს დავალებით, საქართველოში სისტემატურად აწყობდნენ „ქურდულ გარჩევებს“, იხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს და უზრუნველყოფდნენ „ქურდული საერთოსთვის“ თანხების შეგროვებას. ასევე, ორმა პირმა დავის მის სასარგებლოდ გადასაწყვეტად „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებს მიმართა.
პროკურატურამ 2 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა“) დაუსწრებლად წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 5 პირს — 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 6 პირს — 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს — 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („კანონიერ ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა), რაც სასჯელად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათგან 13 პირი დაკავებულია, „კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებული 2 პირი კი საზღვარგარეთაა და, შესაბამისად, დაკავებული არაა.
სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.