ახალი ამბები

ბულალა, ხასიკო, ლოპე და სხვები – ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 18 პირი დააკავეს

14 ნოემბერი, 2023 • 9395
ბულალა, ხასიკო, ლოპე და სხვები – ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 18 პირი დააკავეს

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში, ჯამში, 18 პირი დააკავეს. აქედან  6 მათგანი -“ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით, 5- “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, ხოლო 7 – “კანონიერი ქურდისთვის” და “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვის ბრალებით.

დაკავებულთაგან ყველაზე უმცროსი 21 წლისაა.

დაკავებამდე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველო და გენერალური პროკურატურა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ.

“დადგინდა, რომ ბრალდებულები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ “კანონიერ ქურდებს” უკავშირდებოდნენ. “კანონიერი ქურდების”, რუსლან გეგეჭკორის, თენგიზ ხოფერიას, ჯეირან კინწურაშვილის, რევაზ მორჩილაძისა (მეტსახელად “პიტკინა”) და პაატა ბაქრაძის დავალებით ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ.

ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ “კანონიერი ქურდების” მითითებებს, მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ”, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდები, ვაზნები, ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”, ფული, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ “კანონიერ ქურდებს” უკავშირდებოდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი