პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად მის მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენაზე უარს ამბობს. ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები მან პარლამენტს გასულ კვირას წარუდგინა.
ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ დღეს, 21 სექტემბერს, პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე განაცხადა, სადაც აღნიშნული კანდიდატებისთვის უნდა მოესმინათ. თუმცა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები დღევანდელ მოსმენაზე არ გამოცხადნენ.
გიორგი მსხალაძის თქმით, სანამ არ გაირკვევა ეროვნული ბანკთან დაკავშირებით სიტუაცია, პრეზიდენტი უარს აცხადებს კანდიდატურების წარდგენაზე.
„როცა არ არის ნათელი, საქართველოს ეროვნული ბანკი ქართველ ხალხს თუ კონკრეტულ პირებს ემსახურება, პრეზიდენტს ამ ვითარებაში არ მიაჩნია, რომ წარმოადგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები. შესაბამისად, კანდიდატებიც არ არიან კომიტეტზე წარმოდგენილი“, – განაცხადა გიორგი მსხალაძემ.
თუმცა, როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, კანდიდატურები უკვე წარდგენილია და მათი უკან გაწვევის მექანიზმს კანონი არ ითვალისწინებს.
საბოლოოდ კომიტეტმა აღნიშნულ კანდიდატებს კენჭი მაინც უყარა, თუმცა მხარი არ დაუჭირა.
პრეზიდენტის გადაწყვეტილება კანდიდატურების არწარდგენაზე გააკრიტიკეს მმართველი გუნდის დეპუტატებმა. დეპუტატ ირაკლი ზარქუას თქმით, პრეზიდენტმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები „ოცნებასთან“ კონსულტაციის გარეშე წარადგინა და ამის გამო მმართველი გუნდი მათ მხარდაჭერას არც აპირებდა.
პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებით შესაძლოა, რომ ეროვნულ ბანკში კრიზისი შეიქმნას, ვინაიდან 20 სექტემბერს, დღის განმავლობაში, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა. იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო 2 თვეში სებ-ის საბჭოში მინიმუმ 1 წევრს მაინც არ აირჩევენ, საბჭო ქმედითუუნარო გახდება. რადგან საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები.
ეროვნული ბანკის საბჭო 9 წევრისაგან შედგება, თუმცა ამჟამად საბჭოში 7 წევრია, იმ წევრების ჩათვლით, რომელთაც დღეს გადადგომის შესახებ განაცხადეს. მიუხედავად იმისა, რომ გადადგომაზე განცხადება დღეს დაწერეს, ისინი თანამდებობაზე კიდევ 2 თვე დარჩებიან, რადგან ამას კანონი ითვალისწინებს.
შესაბამისად, თუ 2 თვის ვადაში ეროვნული ბანკის საბჭო ახალი წევრებით მინიმუმ 5-მდე არ შეივსება, მაშინ სებ-ის საბჭო უფლებამოსილებას დაკარგავს, რადგან საბჭოში 4 წევრი დარჩება.
ეროვნული ბანკიდან კადრების გადინებას წინ უძღოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციათა აღსრულების წესის შეცვლა. მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა და ბანკებს აუკრძალა სანქციების აღსრულება საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთა მიმართაც ადგილობრივი სასამართლოების ძალაში შესული განაჩენი არ არის დამდგარი.
რამდენიმე ბანკმა დღეს განაცხადა, რომ ისინი დარჩებიან საერთაშორისო სანქციებთან თანხვედრაში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ კი თქვა, რომ ბანკებს არ აქვთ უფლება, არ დაემორჩილონ რეგულატორის მიერ დაწესებულ წესებს.