ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რა მიზნები აქვთ ბაქოსა და მოსკოვს ყარაბაღში ცეცხლის გახსნით – ხედვა სომხეთიდან

20 სექტემბერი, 2023 • 2268
რა მიზნები აქვთ ბაქოსა და მოსკოვს ყარაბაღში ცეცხლის გახსნით – ხედვა სომხეთიდან

ავტორი: კონსტანტი ღაზარიანი, ერევანი


რა შედეგები ექნება ყარაბაღში სომხების მიმართ მასშტაბურ ცეცხლის გახსნას და რა როლი ეკისრებათ რუსეთსა და დასავლეთს?

მთიანი ყარაბაღის მეორე ომიდან სამი წლის შემდეგ, 2013 წლის 19 სექტემბერს, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის მხრიდან ისევ მასობრივად იბომბება. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი კვარტლები, სატრანსპორტო საშუალებები, სამოქალაქო ინფრასტრუტურული ობიექტები და მშვიდობიანი მოსახლეობა.

შესაძლო ესკალაცია უკანასკნელ დღეებისა და კვირებში უკვე მოსალოდნელი იყო, როდესაც აზერბაიჯანში ისრაელიდან ავიარეისების რაოდენობა გაიზარდა [შეიარაღების მიწოდების მიზნით], აზერბაიჯანული ჯარები და სამხედრო ტექნიკა კი საზღვარზე კონცენტრირდა. 

მოცემული სიტუაცია ბევრ რამეში მოგვაგონებს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. აზერბაიჯანის სამხედრო ტექნიკაზე დაიტანეს სიმბოლიკა [რუსულ სტილში], აზერბაიჯანული საჯარისო დანაყოფები სამხედრო სწავლებების საბაბით სომხეთთან და მთიან ყარაბაღთან ახლოს გადაისროლეს. ასევე, მთიან ყარაბაღზე თავდასხმისას არ გამოიყენება ტერმინი “ომი”, გამოიყენება  “ანტიტერორისტული ოპერაცია”.

მიზნები: ეთნიკური წმენდა ყარაბაღში, პროვოკაცია სომხეთის წინააღმდეგ და რეჟიმის შეცვლა

მთიან ყარაბაღზე მასშტაბურ თავდასხმას სამი ძირითადი მიზანი აქვს: ერთი მხრივ, ეს არის, მთიანი ყარაბაღის სომხებისგან დაცლის სურვილი. ცხრათვიანი შიმშილის შემდეგ ხალხს დღეს უკვე პირდაპირ ესვრიან ან აიძულებენ, ყარაბაღი დატოვონ. 

ამასთან, რუსი “სამშვიდობოები”, რომლებიც თითქოს მოსახლეობას უნდა იცავდნენ, უკან გადგნენ უსაფრთხო ზონებში და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის ევაკუაციით დაკავდნენ. ანუ, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თავზე აღებული კანონიერი ვალდებულებები შეასრულონ ტერიტორიისა და მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფაზე, აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის დაცარიელებაში ეხმარებიან.

მეორე მიზანია  სომხეთის ომში ჩათრევა. აზერბაიჯანსა და მთიან ყარაბაღს შორის განლაგებული ჯარების გარდა, ძალები გადასროლილი არიან აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზეც. აქ კი შემდეგი გათვლაა: სომხეთის ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობის ზეწოლითვე ერევა სიტუაციაში მთიანი ყარაბაღის დასაცავად და თავს ესხმის აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს. აზერბაიჯანი კი იწყებს ომს სომხეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის საბაბით. შედეგად, აზერბაიჯანს შეუძლია და შეეცდება კიდეც სამხედრო გზით ხელში ჩაიგდოს სამხრეთ სიუნიქი, ან მეღრის დერეფანი მაინც. 

მესამე მიზანი – ამ შემთხვევაში რუსეთის მხრიდან, ერთი მხრივ, სომხეთის ხელისუფლების დასჯა მისი ახალი საგარეო პოლიტიკური კურსის გამო, მეორე მხრივ კი, სომხეთში რეჟიმის ცვლილების მიღწევა. 

რუსეთის მონაწილეობა ომში და სომხეთის ხელისუფლების ცვლილების საკითხში მისი როლი

უკვე რამდენიმე დღეა რუსული მედია ღიად საუბრობს სომხეთში გადატრიალების სამზადისზე. პრორუსულმა ძალებმა, რომლებიც სომხეთში არც ისე მრავალრიცხოვანია, თუმცა, მჭექარე, იციან, რომ რეალური არჩევნებით ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. ეს დაადასტურა ერევნის არჩევნებმაც, რომლებიც უკიდურესად პოლიტიზებული იყო. ამ გზით კი ხელისუფლების ცვლილება ემსახურება როგორც თავად რუსეთის, ასევე მოსახლეობის პრორუსული ნაწილის ინტერესებს. ხელისუფლების შესაძლო ცვლილების შესახებ არაერთხელ უსაუბრიათ ცნობილ და ისეთ მაღალჩინოსან პირებს, როგორებიც არიან დიმიტრი მედვედევი, მარია ზახაროვა, მარგარიტა სიმონიანი.

უკანასკნელ დღეებსა და კვირებში შეიცვალა სომხეთის საგარეო პოლიტიკის ვექტორიც. აქ ორი ინტერპრეტაცია არსებობს: პრორუსული ძალები ირწმუნებიან, რომ რუსეთის უმოქმედობა მთიანი ყარაბაღის კონტექსტში ქვეყნის დასავლური კურსით არის გამოწვეული. თუმცა ვექტორის ცვლილების რეალური მიზეზი არის მრავალწლიანი უმოქმედობა და რუსეთსა და სომხეთს შორის წინააღმდეგობრივი ინტერესები.

რუსული საგარეო პოლიტიკა ორმაგ სტანდარტებს იყენებს: კიევში ფაშინიანის ცოლის ვიზიტს, უკრაინისთვის ჩატანილ ჰუმანიტარულ დახმარებას, ОДКБ-დან სომეხი წარმომადგენლის უკან გაწვევას და ამერიკულ-სომხურ სამხედრო წვრთნებს რუსეთმა “არამეგობრული” ქცევის კვალიფიკაცია მისცა. ამ კონტექტსში რუსეთმა კრიტიკას დაუქვემდებარა ის ფაქტი, რომ კავკასიაში უკვე არსებობს აგრესორი NATO. თუმცა რუსეთს მხედველობაში არ ჰქონია თურქეთი, რომელიც როგორც NATO-ს წევრი, არაერთი წელია სამხედრო სწავლებებს ატარებს აზერბაიჯანთან და 2020 წლიდან, რუსეთთან ერთად, აზერბაიჯანში სამონიტორინგო მისიას ახორციელებს, აშშ კი – სომხეთში. 

საინტერესოა ასევე ისიც, რომ ეს არაა პირველი ამერიკულ-სომხური სამხედრო სწავლებები. მსგავსი წვრთნები ყველა, მათ შორის რუსეთთან მეგობრული ხელისუფლებების დროსაც ტარდებოდა. და იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანი NATO-ს ერთ-ერთი ქვეყნის მოკავშირეა და ის თავიდანვე მხარს უჭერდა უკრაინას, ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკურად, არასოდეს გამხდარა რუსეთის მხრიდან კრიტიკის ობიექტი. სომხეთი კი მსგავსი ქცევისთვის მკვეთრ კრიტიკას იმსახურებს.

ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი, თუნდაც ირიბად, მონაწილეობს ამ ახალ სამხედრო აგრესიაში. რამდენადაა ის ჩართული, ამას მხოლოდ მომავალში დავინახავთ. თუმცა,შეიძლება ვთქვათ, რომ ადრე თუ გვიან რუსეთი იძულებული გახდება, მთიანი ყარაბაღიდან გავიდეს.

ეს, ერთი მხრივ, დაკავშირებულია აზერბაიჯანსა და თურქეთთან რუსეთის დამოკიდებულებაზე, მეორე მხრივ – თავად რუსეთის სამხედრო დასუსტებაზე. რუსული ჯარების რეგიონიდან, განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღიდან, გასვლა მხოლოდ დროის საკითხია. 1921 წლის ანალოგიით რუსეთი დღეს ცდილობს აზერბაიჯანთან და თურქეთთან დაალაგოს ურთიერთობები სომხეთის, კერძოდ კი, მთიანი ყარაბაღის ხარჯზე.

120 ათას სომეხზე თავდასხმა რუსეთის მხრიდან კარტ-ბლანშის წყალობით მოხდა. რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა განაცხადეს, რომ მათი ჯარისკაცები უსაფრთხოდ არიან და ბაქო მათ ინფორმაციას აწვდის ოპერაციის შესახებ.

უალტერნატივო თამაში, უსაფრთხოების ახალი გარანტიები და მოსახლეობის განწყობები

სომხეთის დაკარგვით რუსეთი რეგიონში უკანასკნელ მოკავშირეს კარგავს. თუმცა თავად სომხეთისთვის ვითარება უკიდურესად საშიშია. ერთი მხრივ, ეს უნიკალური შანსია რუსული ორბიტიდან გამოსასვლელად და უსაფრთხოების ახალი გარანტიების მოსაძებნად, მეორე მხრივ კი, ეს უკიდურესად სარისკო, თუმცა უალტერნატივო გადაწყვეტილებაა. ამ მიზეზით სომხეთიც და რუსეთიც ერთ კალათაზე დებენ ფსონს: დღევანდელ სიტუაციას შეუძლია სომხეთის რუსული ორბიტიდან მთლიანად მოხსნა, ან პირიქით, რუსული გავლენის სფეროში უფრო მეტად შეყვანა, რასაც სომხეთის სუვერენიტეტისთვის ფატალური შედეგები ექნება.

ამ კონტექსტში არ უნდა დავივიწყოთ თურქეთის ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებაც, რომელიც ამბობდა, რომ რეგიონში, სომხეთის გარდა, მხოლოდ ირანია ე.წ. მეღრის დერეფნის გახსნის წინააღმდეგი. ამგვარად, რუსეთი მხარს უჭერს დერეფანს, რადგანაც დაინტერესებულია იმაში, რომ ირანი სომხეთსა და საქართველოს, შესაბამისად, ევროპას მოწყვიტოს. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ ერდოღანმა შესთავაზა ახალი ფორმატის შექმნა – რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი, აჩვენებს, რომ რუსეთსა და თურქეთს ერთი და იგივე ინტერესები და მიზნები აქვთ, პროცესიდან განდევნონ საფრანგეთი და აშშ.

რუსული ჯარები სომხეთში ფაქტიურად “ტროას ცხენია”, როგორც ეს სომხეთის ისტორიაში ორჯერ მოხდა: 1921 წელს სომხეთი თურქეთისა და საბჭოთა ჯარების მიერ იყო დაპყრობილი და შედეგად, ის მათ შორის გაყოფილი აღმოჩნდა.1988 წელს საბჭოთა უშიშროება [КГБ] და განსაკუთრებული დანიშნულების მობილური დანაყოფი [ОМОН] ხელს აფარებდნენ სუმგაითსა და ბაქოში სომხების მასობრივ მკვლელობას. 1988 წელს რუსულმა ჯარმა წარუმატებლად სცადა სომხეთის აეროპორტის აღება. იგივე სცენარი შეიძლება განმეორდეს დღესაც. გიუმრში დასახლებული ათასობით ჯარისკაცს, რომელთაც სომხეთ-თურქეთის საზღვრის დაცვა ევალებათ, ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ სომხების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება.

ალბათობა იმისა, რომ არეულობებში მონაწილე პირების ნაწილი კრემლის მიერ არის ორგანიზებული, ძალიან დიდია. ამავე დროს, არანაკლებ სავარაუდოა, რომ მათ რიგებში ხელისუფლების რიგითი კრიტიკოსი მოქალაქეებიც არიან. ახლა რამდენად ხელსაყრელი მომენტია ძალადობრივი დემონსტრაციისთვის ხელისუფლების წინააღმდეგ – ეს უკვე სხვა საკითხია.

სომხეთში პოლიტიკური განწყობები ძალიან რთული და მრავალმხრივია. ხელისუფლება ნამდვილად კარგავს ნდობას. თუმცა ხელისუფლების პოპულარობის ვარდნა არაა დაკავშირებული ყოფილი პრორუსული ხელისუფლების დაბრუნების სურვილთან.

პირიქით, მოსახლეობა ბევრი მიმართულებით არ ეთანხმება ხელისუფლებას, თუმცა კიდევ უფრო ნაკლებად სურს ძველი ხელისუფლებების დაბრუნება და დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა. ის 70%, რომელთაც მონაწილეობა არ მიუღიათ ერევნის არჩევნებში, საზოგადოების სწორედ ამ სეგმენტს წარმოადგენს. ეს არის ხალხი, რომელთაც დაეკარგა ნდობა ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ, თუმცა ყველაზე ნაკლებად სურთ ძველი რეჟიმების დაბრუნება.

გარდა ამისა, სომხეთში რუსეთის მიმართ სკეპტიციზმის ზრდის ძლიერი ტენდენციაა, რომელიც კიდევ უფრო მეტად ძლიერდება როგორც ხელისუფლების მხარდამჭერთა შორის, ასევე ზომიერ, პროდასავლურ ოპოზიციას შორის. 

საერთაშორისო კრიტიკამ კონკრეტული შედეგები უნდა იქონიოს

თუმცა არსებობს პრინციპული სხვაობა დღევანდელ და 2020 წლის სიტუაციებს შორის. თუ 2020 წელს საერთაშორისო საზოგადოება არ იყო ერთსულოვანი, დღეს ცალსახა განცხადებები, ქმედებები და ულტიმატუმებიც კი გვესმის. 

ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდა. NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა -აზერბაიჯანის წინააღმდეგ დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმისკენ. საფრანგეთმა – უშიშროების საბჭოს სასწრაფოდ მოწვევა. აშშ-მა არაორაზროვნად გააგებინა, რომ გვერდზე დგომას და ეთნიკური წმენდის ყურებას არ აპირებს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და კანცლერმაც კი, რომელსაც კარგი ურთიერთობები აქვს თურქეთთან და აზერბაიჯანთან, დაუყოვნებლივ ქმედებებსა და ომის დასრულებაზე ისაუბრა.

თუმცა სიტუაციის დამშვიდება მხოლოდ ერთ რამეს შეუძლია: ბაქოს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებს, ბუნებრივი აირის საკითხის გაყინვას და პერსპექტივაში გაეროს სამშვიდობო ძალებს. არის თუ არა ეს ყოველივე შესაძლებელი, გაურკვეველია. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ სადამ ჰუსეინი და სლობოდან მილოშევიჩი ასევე ფიქრობდნენ ოდესღაც, რომ არაფერი ემუქრებათ.


მასალების გადაბეჭდვის წესი