უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გახმიანებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ უკრაინა არასდროს ჩარეულა, არ ერევა და არც გეგმავს, ჩაერიოს საქართველოს შიდა საკითხებში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს საკუთარი შიდაპოლიტიკური პრობლემების მოგვარებას უკრაინის დემონიზებით:

„ეს ინფორმაცია არ არის სიმართლე. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება კვლავ ცდილობს უკრაინის დემონიზებას შიდაპოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად. უკრაინის სახელმწიფო არ ჩარეულა, არ ერევა და არ გეგმავს, ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში“, — განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების სპიკერმა.

სახელმწიფო გადატრიალების მორიგი შეთქმულებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მორიგ ჯერზე გამოაქვეყნა განცხადება სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების შესახებ. უწყების განცხადებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება იგეგმება, უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით.

ოქტომბერ-დეკემბერი, სუს-ის თქმით, შერჩეულია იმიტომ, რომ უნდა გადაწყდეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭება-არმონიჭების საკითხი და შეთქმულების გეგმები გათვლილია იმაზე, რომ საქართველო სტატუსს ვერ მიიღებს.

18 სექტემბრის განცხადებაში სუსი, „დადასტურებული ინფორმაციის“ საფუძველზე, ამტკიცებს, რომ გეგმის უკან დგას „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი“:

  • ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი პირები;
  • ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი;
  • „სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი“, „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი;
  • ორგანიზაცია „კანვასი“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „დესტრუქციულ ძალების“ მხრიდან მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ აქამდეც არაერთხელ განუცხადებია და გამოძიებაც დაუწყია.

უფრო კონკრეტულად, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებებზე 2014 წლიდან საუბრობს აქტიურად, როდესაც შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო. ჭიკაიძემ 2014 წელს განაცხადა, რომ ენმ “ევრომაიდნის სცენარზე” მუშაობს და დაწყებული იყო საბურავების მომარაგება.

ჭიკაიძიდან გახარიამდე – ამბოხება/გადატრიალების საქმეების სპირალი

სუს-ი „დესტრუქციულ ძალებზე“ საუბრობს თავის ბოლო – 2022 წლის ანგარიშშიც. ანგარიშში საუბარია, რომ „საქართველოს გარშემო მიმდინარე რთულ და არაპროგნოზირებად პროცესებს თან ერთვოდა ქვეყანაში დესტრუქციული ძალების მიერ ინსპირირებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობა და მისი გამოწვევების მცდელობები“. თუმცა სუს-ი არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნების სპეცსამსახურებზეა საუბარი. უწყების ანგარიშში ასევე არაა დაკონკრეტებული, ვინ იგულისხმება დესტრუქციულ ძალებში.

სუსი ანგარიშში „დესტრუქციულ ძალებზე“ საუბრობს, თუმცა არ აკონკრეტებს