ახალი ამბები

პასუხია გასაცემი, რა ფორმით და როგორ ახდენს გავლენას ფარცხალაძე პოლიტიკურ გარემოზე — ჯანეზაშვილი

15 სექტემბერი, 2023 • 1821
პასუხია გასაცემი, რა ფორმით და როგორ ახდენს გავლენას ფარცხალაძე პოლიტიკურ გარემოზე — ჯანეზაშვილი

„სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელმა და იუსტიციის საბჭოს ყოფილმა წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირება ნეტგაზეთთან შეაფასა.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შემდეგ ჩნდება კითხვები, თუ რა ფორმით და როგორ ახდენს გავლენას ადგილობრივ პოლიტიკურ გარემოზე აშშ-ის მიერ FSB-სთან (რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური) კავშირში მხილებული ოთარ ფარცხალაძე. მისი თქმით,  ეს კითხვები პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს და ამას შესაბამისი რეაგირება სჭირდება ქართული სამართლებრივი სისტემის მიერ.

თუმცა ნაზი ჯანეზაშვილს მოლოდინი არ აქვს, რომ ფარცხალაძის საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას ადეკვატური რეაგირება ექნება.

„ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს ადეკვატური რეაგირება სამართლებრივი კუთხით. თუმცა ჩვენ უამრავი მაგალითები ვიცით, როცა მწვავე საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლება გამოძიებას არც კი იწყებს და შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს არც კი ატარებს, რათა დაიცვან თავიანთი ყოფილი თუ ამჟამინდელი გუნდის წევრები. ანალოგიური მოხდა მოსამრთლეების სანქცირებასთან დაკავშირებითაც, არანაირი რეაგირება ხელისუფლების მხრიდან ამას არ მოჰყოლია.

მიუხედავად იმისა, რომ საკითხი არის მწვავე და მნიშვნელოვანი, ამდენი ხანი გავიდა და, ფაქტობრივად, სისტემა დუმს ამასთან დაკავშირებით. ფარცხალაძის შემთხვევაშიც უკეთესი იქნებოდა, უფრო მეტი ინფორმაცია გვქონდეს გამოძიების შედეგად და თუკი ეს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ეხება და ასე დადგება სამართლებრივი კუთხით საკითხი, რა თქმა უნდა, უნდა აღსრულდეს. სამწუხაროდ, სამართლებრივი სისტემა ასეთ დროს ხელისუფლების ინტერესების სასარგებლოდ მუშაობს და ალბათ, მისი ინტერესია, რომ ფარცხალაძე დაიცვას“, —განუცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა ნეტგაზეთს.


ამერიკის შეერთხებულმა შტატებმა ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოაქვეყნა.

აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.

ოთარ ფარცხალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013 წელს დაიკავა მთავარი პროკურორის პოსტი.

ფარცხალაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე 2013 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

მან ამ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ 47 დღის განმავლობაში შეძლო. ოპოზიციამ გაასაჯაროვა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში ბოტასის ქურდობისთვის იყო გასამართლებული.

ნასამართლეობის ფაქტი ფარცხალაძემაც დაადასტურა, თუმცა მან თქვა, რომ გერმანიის მართლმსაჯულება არა ქურდობას, არამედ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. ამ სკანდალის შემდეგ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა და ოფიციალური ცნობებით, ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუთი ცნობილი გახდა, რომ მისი შვილი, ბერა ივანიშვილი, ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.

ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება აუდიტის სამსახურის იმდროინდელი უფროსის და ამჟამად დევნილობაში მყოფი ლაშა თორდიას ცემის ფაქტიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი